პროკურატურამ კლინიკა "ლანცეტის" დირექტორი ფარმან ჯეირანლი დააკავა. მას ბრალად პაციენტებისგან დიდი ოდენობით თანხის მოტყუებით დაუფლება ედება. საქალაქო სასამართლომ ფარმან ჯეირანლის აღმკვეთი ღონისძიების სახედ პატიმრობა შეუფარდა. საქმე ეხება კლინიკა "ლანცეტში" ორი პაციენტისთვის ღვიძლის გადანერგვას. ტრანსპლანტაციის შემდეგ ორივე მოქალაქე გარდაიცვალა. გამოძიების ინფორმაციით, რთული ქირურგიული ოპერაცია აზერბაიჯანიდან მოწვეულმა სპეციალისტმა ჩაატარა, თუმცა მას საექიმო სპეციალობაში საქართველოს სახელმწიფო სერტიფიკატი არ ჰქონდა.
"ოპერაციის ჩატარებამდე, შპს "ლანცეტის" დირექტორი ვალდებული იყო პაციენტებისთვის, დონორების და მისი ოჯახის წევრებისთვის მიეწოდებინა ინფორმაცია იმ რისკების შესახებ, რაც ახლდა ღვიძლის გადანერგვას და ასევე მოეხდინა მათი წარდგენა ტრანსპლანტაციის საბჭოს წინაშე და თანხმობა აეღო ოპერაციის ჩატარებაზე, რაც მის მიერ არ იქნა შესრულებული", - აცხადებენ პროკურატურაში.
Ambebi.ge ერთ-ერთი გარდაცვლილი პაციენტის კარლო კეკელიძის მეუღლეს ნანა კეკელიძეს დაუკავშირდა. კეკელიძეს "ლანცეტში" ღვიძლის ტრანსპლანტაცია გასულ წელს ჩაუტარდა და გარდაიცვალა.
– როცა ჩემი მეუღლე ავად გახდა, ლიმბახისა და "ავერსის" კლინიკაში გაუკეთდა გამოკვლევები, ყველაფერი კარგად იყო. აპრილის ბოლოს "ავერსის" კლინიკაში ჩამოდიოდნენ კორეელი სპეციალისტები და მანდ უნდა გაეკეთებინა ტრანსპლანტაცია. ჩვენ სხვა კლინიკებიც გავიკითხეთ და გვირჩიეს "ლანცეტი", სადაც მარტში უნდა ჩამოსულიყვნენ თურქი სპეციალისტები და ოპერაცია გაეკეთებინათ. შევხვდით ნინო კუზანოვას, მან დაგვარწმუნა, რომ მოწვეული ექიმი ათ საუკეთესო ტრანსპლანტოლოგში შედიოდა და დაინიშნა ოპერაცია. მას ვენდეთ, ახლა ამბობს, თითქოს არაფერი იცოდა, მაგრამ ჩვენ მას ვენდეთ.
წაიკითხეთ: ნინო კუზანოვას პირველი კომენტარი ბრალდებებზე
– როდის გაუკეთდა თქვენს მეუღლეს ოპერაცია?
– ყოველდღე გვირეკავდნენ ხომ არ გადაიფიქრეთ ოპერაცია, სხვაგან შარლატანები მუშაობენ და არ ენდოთო. ოპერაცია 3 მარტს ჩაუტარდა. ოპერაციის თანხა 99 000 ლარი მივიტანეთ კლინიკაში აგიმ კარიმოვთან, გამოკვლევების თანხა ცალკე გადავიხადეთ... პაციენტის ისტორია არც გახსნეს, კლინიკის წარმომადგენლობას ჩეკი ძლივს მოვაცემინე. უცნაურად მომეჩვენა კიდევ ის ფაქტი, რომ ოპერაციის მეორე დღეს, რეანიმაციაში მიგვატანინეს პაციენტთან საჭმელი. ოპერაცია 12 საათი გაგრძელდა, როცა ვიკითხე ამდენ ხანს რატომ გაგრძელდა ოპერაცია, მიპასუხეს მდგომარეობა გართულდა და ბაქოდან ჩამოვიყვანეთ ექიმიო. ეს შემდეგ ტყუილი აღმოჩნდა. კარლო განათლებული და ჭკვიანი კაცი იყო, კარგი ქმარი მყავდა (ტირის), პალატაში როცა გადმოიყვანეს ჩემი ქმარი, მითხრა, ნანა ესენი შარლატანები არიან, ოპერაციის დროს ერთმანეთში ჩხუბობდნენ, მეშოკივით ჩამიყვანეს საოპერაციოდანო. ანესთეზიოლოგს ვეჩხუბე, ოპერაციის დროს ასე რატომ მოიქეცით მეთქი და მითხრა, თქვენი მეუღლე ნარკოზში იყო და მოეჩვენაო. ჩემმა ქმარმა უკვე ყველაფერი იცოდა, მაგრამ კომაში ჩავარდა და თქმა ვერ მოასწრო. ვინც გააკეთა ოპერაცია, სხვა ექიმის გვარ-სახელი ეწერა ფურცელზე. ჩემს თავს ვადანაშაულებ, რატომ მომივიდა ასეთი შეცდომა. ამხელა კლინიკაში რატომ უნდა გაჩნდეს კითხვა, აქვთ თუ არა ლიცენზია? ქალბატონმა კუზანოვამ მითხრა, გვაქვს ლიცენზია და ეს არის პირველი ცენტრი კავკასიაშიო. გამოძიების შედეგებით კმაყოფილი ვარ, მაგრამ ფარმან ჯეირანლის გარდა ნინო კუზანოვა, იურისტი გიორგი არჩვაძე და აგიმ კარიმოვიც უნდა დაისაჯოს.
თამარ ბოჭორიშვილი
Ambebi.ge