"მე ადვოკატი არ მჭირდება, შემდეგ პროცესზე ღმერთს მოვიყვან, რომელიც მე დამიცავს, ასე გამომიცხადა პროცესზე" - ამის შესახებ 76 წლის ლუბა ყოჩიაშვილის მკვლელობაში ბრალდებულმა ბექა შენგელიამ საკუთარ ადვოკატს ლალი ბიწოშვილს განუცხადა.
როგორც ბექა შენგელიას ყოფილმა ადვოკატმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, ბრალდებულმა მისი აცილება მოითხოვა, გაწეული შრომისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ის საკუთარ თავს თვითონ დაიცავს.
"ჩვენება უნდა მიეცა ბექა შენგელიას, რაზეც შეთანხმებულები ვიყავით, დღეს ის საკმაოდ არაადეკვატური იყო, ილაპარაკა ღმერთზე, ასევე იმაზე, რომ ადვოკატი არ სჭირდება და რომ შემდეგ პროცესზე ღმერთს მოიყვანს, რომელიც მას დაიცავს. მე მადლობა გადამიხადა, რაც ვიშრომე და მითხრა, რომ მისი მსოფლმხედველობიდან გამომდინარე, თურმე პლანეტებმა უკარნახეს, რომ ადვოკატი არ სჭირდება", - განაცხადა ლალი ბიწაშვილმა.
მისივე თქმით, დღეს ბექა შენგელიას ჩვენება არ მიუცია და ურთიერთგამომრიცხავ საკითხებზე ისაუბრა. "მან თქვა, რომ თან მოკლა, თან არ მოკლა, ასევე განაცხადა, რომ თან ეთანხმება პირველ ჩვენებას, თან არ ეთანხმება", - განაცხადა ლალი ბიწაშვილმა.