აფრიკული ელექტრონული მუსიკის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული წარმომადგენელი Black Coffee ელექტრონული მუსიკის ფესტივალის GEM Fest-ის დახურულ ივენთზე დაუკრავს. წვეულება, რომელსაც მხოლოდ 100 VIP სტუმარი დაესწრება, სლოვაკეთში 25-28 მაისს გაიმართება. line up-ის გარდა ივენთი განსაკუთრებული ადგილმდებარეობითაც გამოირჩევა.
ღონისძიება სლოვაკეთის მთებში, ჰაბსბურგების საგვარეულო დინასტიის სასახლეში გაიმართება, სადაც ამჟამად ქართველი ბიზნესმენის საკუთრებაში მყოფი სასტუმრო "Gino Park Palace" მდებარეობს. Black Coffee ივენთზე 26 მაისს დაუკრავს. არტისტის პირველი მნიშვნელოვანი წარმატება 2003 წელს იოჰანესბურგში ჩატარებულ ღონისძიებას უკავშირდება, სადაც იგი სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკას წარმოადგენდა. მისი პირველი ალბომი კი თავისსავე დაარსებულ ლეიბლზე, Soulistic Music-ზე გამოიცა. 2010 წელს Black Coffee-მ გინესის რეკორდი დაამყარა, მან გადაბმულად 60 საათი დაუკრა.
2013 წლიდან კი, ის ევროპაშიც ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ხდება და Panorama Bar-ში უკრავს, ის ასევე მიიწვიეს Circo Loco, Boiler Room-ში, ADE-ზე და სხვა წარმატებულ ფესტივალებზე. 2016 წელს კი მან კოაჩელასა და Ultra Music Festival-ზეც დაუკრა. დღეს Black Coffee იბიცას ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული დიჯეი, Hi Ibiza-ს კლუბის რეზიდენტია მას სლოვაკეთში GEM Fest-ის დახურულ პრეფართიზე მოუსმენენ. დახურულ ღონისძიებაზე ფოტო და ვიდეო გადაღება აკრძალული იქნება, ტელეფონების გამოყენებას კი სტუმრები მხოლოდ სასტუმროს ნომრებში შეძლებენ.