10-15 წელიწადში შუა და ცენტრალურ აზიაში წყლის რესურსებისთვის შესაძლოა მასშტაბური ომი დაიწყოს

10-15 წელიწადში შუა და ცენტრალურ აზიაში წყლის რესურსებისთვის შესაძლოა მასშტაბური ომი დაიწყოს

ტერიტორიები, ძალაუფლება, ოქრო - ამ სამი რამისთვის მრავალი საუკუნის განმავლობაში ადამიანი გაუთავებელ ომებს აწარმოებდა. ბოლო 100-150 წლის განმავლობაში ბრძოლის ველზე მთავარი მოთამაშე - ბუნებრივი რესურსები გახდა. ესენია რკინისა და სხვა ლითონების მადანი, ალმასები, ბუნებრივი აირი და ნავთობი - დედამიწის წიაღში ჩამალული ბუნებრივი სიმდიდრე, რომლის დასაპყრობადაც სახელმწიფოები სისხლისმღვრელ დაპირისპირებებს აჩაღებენ.

ენერგიის ალტერნატიული წყაროებისა და ელექტრომობილების მომრავლებასთან ერთად, თანდათანობით გაზისა და ნავთობის მნიშვნელობა მეორე პლანზე გადაიწევს. თუმცა არის ერთი ბუნებრივი რესურსი, რომლის ჩანაცვლება შეუძლებელია - ეს წყალია. თუ ვითარება არ შეიცვალა, არ არის გამორიცხული რომ უახლოესი 10-15 წელიწადში შუა და ცენტრალურ აზიაში ომი სწორედ წყლის დეფიციტმა გამოიწვიოს.

რეგიონში წყლის მარაგი მეტად არათანაბრადაა განაწილებული. ყირგიზეთი და ტაჯიკეთი წყლის საკმაოდ ვრცელ მარაგებს ფლობს. დიდი მდინარეები, რომლებიც წყლით შუა აზიას ამარაგებს, სათავეს სწორედ აქ იღებს. დაბლობში მდებარე უზბეკეთში, თურქმენეთსა და ყაზახეთში კი წყალი არარაკმარისი რაოდენობით აქვთ. მაგალითად, უზბეკეთში წყლის 77% იმპორტირებულია.

მეზობელ სახელმწიფოებს შორის ფარული დაპირისპირება წყლის გამო სსრკ-ს დაშლისთანავე წარმოიქმნა. მდინარეების წყალს ორი მიმართულებით - საირიგაციოდ (მიწის მორწყვისთვის) და ელექტროენერგიის გამომუშავებისთვის იყენებენ. მაგრამ ეს სფეროები ერთმანეთთან წინააღმდეგობაში მოდის - სოფლის მეურნეობა წყლის დიდ მარაგებს ზაფხულში საჭიროებს, მაშინ, როდესაც დენზე მოთხოვნა მკვეთრად ზამთარში იზრდება. შესაბამისად, კაშხლებით ზაფხულისთვის წყლის დაგროვების ნაცვლად, ჰიდროელექტროსადგურები ამ ბუნებრივ რესურსს დენის გამომუშავებისთვის მოიხმარენ.

1990-იან წლებში ყირგიზეთმა და ტაჯიკეთმა მძლავრი ჰესების მშენებლობა განაახლეს იმ მდინარეებზე, რომლებიც უზბეკეთისკენ მიედინება. წლების განმავლობაში წყლის რესურსების რეგულირების პრობლემა რეგიონში გადაუჭრელია. უზბეკეთისთვის წყალს უდიდესი მნიშვნელობა აქვს. მას ბამბის ბოჭკოების მინდვრების მორწყვისთვის მოიხმარენ. ამ ნედლეულზე უზბეკეთის საექპორტო პოტენციალის ლომის წილი მოდის. საკუთარი ინტერესებისა და წყლის რესურსების დაცვისთვის, 2016 წელს უზბეკეთმა ყირგიზეთის საზღვართან არმიის მსხვილი შენაერთები გადაისროლა.

საფრთხეს რეგიონში ჩინეთიც ქმნის. მდინარე ირტიში, რომელიც ყაზახეთის წყლით მომარაგების მთავარი არტერიაა, სათავეს ჩინეთში მდებარე მყინვარებში იღებს.

ბოლო 5-6 წლის განმავლობაში ჩინეთის ჩრდილო-დასავლეთ რეგიონები სწრაფად ვითარდება. ამჟამად ჩინელებს ირტიშზე უკვე აქვთ აშენებული 13 წყალსაცავი და 59 მცირე ჰიდროელექტროსადგური. მზარდი სამრეწველო პოტენციალი წყლის დიდ რაოდენობას საჭიროებს. ექსპერტთა შეფასებით ირტიშში წყლის დონის კლება უკვე შეიმჩნევა. პროცესის გაგრძელების შემთხვევაში, არ არის გამორიცხული, რომ ყაზახეთში მდებარე ბალახაშის ტბამ დაშრობა დაიწყოს და რეგიონი სასმელი წყლის გარეშე დატოვოს.

მსგავსი რამ შუა აზიაში ერთხელ უკვე მოხდა. არასწორი მიდგომის გამო, ერთ დროს ყაზახეთისა და უზბეკეთის საზღვარზე არსებული არალის ზღვა, რომელიც სიდიდით მსოფლიოში მეოთხე ტბა იყო, დღეს ფაქტობრივად, მთლიანად დამშრალია. 1930-იან წლებში შუა აზიაში სარწყავი არხების მშენებლობა დაიწყეს. 1960-იანი წლებიდან მოყოლებული ამ პროცესმა მასიური ხასიათი მიიღო. ადამიანი იმაზე მეტ წყალს მოიხმარდა არალიდან, ვიდრე იქ ჩამდინარე მდინარეებს "ჩაჰქონდა". ბამბის ბოჭკოების უზარმაზარ მინდვრებს ყოველწლიურად სულ უფრო და უფრო მეტი წყალი სჭირდებოდა. ღია სარწყავი არხები და კალაპოტები ხშირად გამოდიოდა მწყობრიდან და წყალი, რომელიც რეგიონში მთავარ სისმდიდრეს წარმოადგენდა, ტყუილად იღვრებოდა. 1970 წლისთვის არალის ზღვაში წყლის შემცირების სიჩქარემ წელიწადში 80 სმ-ს მიაღწია. 2003 წელს წყლის მოცულობამ პირველადი რაოდენობის მხოლოდ 10% შეადგინა. არალის დაშრობამ რეგიონში ეკოლოგიური კატასტროფა გამოიწვია. ოდესღაც წყლით დაფარული ვრცელი ტერიტორიები უდაბნოდ გადაიქცა. გაზრდილმა მარილიანობამ კი ზღვაში თევზი დახოცა.

თუ უახლოეს მომავალში შუა აზიის სახელმწიფოები წყლის რესურსების მოხმარების თაობაზე ვერ შეთანხმდებიან, რეგიონში მდებარე ბალახაშის ტბა არალის ზღვის ბედს გაიზიარებს.

მოამზადა ნუკრი მგელაძემ

AMBEBI.GE

"ვითარების კონტროლისთვის პუტინისა და ასადის სამხედროები ხოცავენ ადამიანებს..." - რუსეთის პრეზიდენტის "სისხლიანი მარჯვენა ხელის" კვალი სირიაში

"საფრანგეთმა ნიკოტინის შემცველი პროდუქტების გაყიდვა აკრძალა მას შემდეგ, რაც მეცნიერების ნაწილმა დაადგინა, რომ მწეველები COVID-19-ს უკეთესად უმკლავდებიან" - BBC

"მათი დალევა ან ორგანიზმში მოხვედრა ძალიან საშიშია" - ტრამპის განცხადების შემდეგ სადეზინფექციო ხსნარების კომპანია მოსახლეობას აფრთხილებს