ელექტროვაგონშემკეთებელი ქარხნის თანამშრომლები თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას აპროტესტებენ. განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:
"თბილისის საქალაქო სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება, რომლითაც სასამართლომ "თ.ჯ. თრეიდის" სარჩელი, ანუ ავთანდილ საყვარელიძის უკანონო მოთხოვნა ნაწილობრივ დააკმაყოფილა და ბადრი წილოსანისთვის მიყიდული ელექტროვაგონშემკეთებელი ქარხნის წილის 25% გადაფორმების ხელშეკრულება ბათილად სცნო.
ვინც ელექტროვაგონშემკეთებელი ქარხნის ისტორია იცის, მიხვდება, რა უსამართლობასთან გვაქვს საქმე.
წლების წინ, როდესაც ამ ქარხნის მეპატრონე ბიზნესმენი ბადრი წილოსანი იყო, ჩვენს მოვალეობას უპრობლემოდ ვასრულებდით, არც ხელფასების პრობლემა გვქონია და არც ადმინისტრაციასთან რაიმე გაუგებრობა. მას შემდეგ, რაც 2004 წელს, მაშინდელმა ხელისუფლებამ ბატონ ბადრის ქონება იძულებით, ციხეში დაათმობინა. 2005 წელს ქარხანაში მოვიდა ახალი მეპატრონე და ახალი მენეჯმენტი, გვქონდა მოლოდინი, რომ სიტუაცია მინიმუმ არ გაუარესდებოდა, თუმცა სწორედ მაშინ დაიწყო ჩვენი მორალური თუ მატერიალური ტერორი. ხელფასების გარდა და ზოგადად პირობების გაუმჯობესება მხოლოდ ცრუ დაპირება იყო, რომელსაც თვიდან თვემდე იმ იმედით ვიჯერებდით, რომ ოდესღაც სიტუაცია გამოსწორდებოდა.
თუ პროტესტს გამოვხატავდით, ამას მოჰყვებოდა უფრო დიდი არარეალური დაპირებები, რომ შეკვეთების რაოდენობა ქარხანას ეზრდებოდა, შესაბამისად, ჩვენი ხელფასების პრობლემაც მოგვარდებოდა. ეს ხდებობდა სამი წლის განმავლობაში, თუმცა ბოლო ორმა წელმა კრიტიკულ ზღვარს მიაღწია. დაახლოებით წელიწადნახევრის ხელფასები დღემდე ასაღები დაგვრჩა (საერთო ჯამში დაახლოებით 1 600 000 ლარი). სანაცვლოდ კი გავიგეთ, რომ ახალ მეპატრონეს, ავთო საყვარელიძეს მხოლოდ "საქართველოს რკინიგზიდან" მილიონობით ლარის ავანსი ჰქონდა აღებული, შესრულებული სამუშაო კი მის 20%-საც არ შეადგენდა. სად წავიდა ეს ფული, ჩვენთვის უცნობია, როგორც უკვე გითხარით ჩვენ წელიწადნახევრის ხელფასები საერთოდ არ აგვიღია. ქარხანა 70 მილიონი ლარის დავალიანების გამო გაკოტრდა და ფუნქციონირება შეწყვიტა.
2008 წელს ქარხანა ბადრი წილოსანმა, არსებული დავალიანებებით ხელმეორედ შეისყიდა. ამ ადამიანს რომ ქარხნის ბედი აღელვებს, ჩვენთვის უცხო არ არის, რადგან მასთან წლების მანძილზე მუშაობის გამოცდილება გვაქვს. არაერთხელ გვიგვრძვნია მისგან მხარდაჭერა. ბადრი წილოსანი 1974 წლიდან მუშაობს ამ ქარხანაში. მან მუშაობა საამქროს ნორმადარობით დაიწყო, წლების მანძილზე არაერთი თანამდებობა ეკავა და 2002 წლიდან ქარხნის მესაკუთრეა. ჩვენთვის გაუგებარია, რის საფუძველზე მიიღო სასამართლომ აღნიშნული გადაწყვეტილება, რადგან ეს ადამიანი საკუთარი ხელით აკეთებდა ვაგონებს, დიდი შრომის ფასად მიაღწია იმას, რასაც უკვე მეორედ ართმევენ.
ციხეებსა და განყოფილებებში ქონებების ჩამორთმევა ხომ წინა ხელისუფლების უდიდესი მანკიერება იყო, რომელიც სამწუხაროდ, საკუთარ თავზე გამოსცადა ბადრი წილოსანმა. რაოდენ სასაცილოც არ უნდა იყოს, დღეს ის ადამიანი აბრალებს ბადრი წილოსანს ქონების იძულებით ჩამორთმევას (იგულისხმება ავთო საყვარელიძე), რომელიც თავად კარგ ურთიერთობაში იყო მაშინდელ მაღალჩინოსნებთან. თურმე, ასეთი ადამიანისგან, ბადრი წილოსანმა გაკოტრებული, 70 მილიონი ლარის დავალიანების მქონე ქარხანა, იძულებით გადაიფორმა ავთო საყვარელიძისგან და იმ დღესვე, 1,100,000 აშშ დოლარი ჩაურიცხა. იძულებით ჩამორთმევა ის იყო, რაც წილოსანს გაუკეთეს - არც ერთი თეთრის სანაცვლოდ წაღებული, სახელმწიფო ბალანზე გადატანილი, შემდეგ კი პირდაპირი მიყიდვის წესით ავთო საყვარელიძეზე გადაფორმებული ელექტროვაგონმშენებელი ქარხანა.
ავთო საყვარელიძეს მხოლოდ საკუთარი ინტერესები ამოძრავებს და მას ქარხნის და ჩვენი ბედი არასოდეს აღელვებდა. სწორედ ამიტომ ვართ აღშფოთებულები სასამართლოს გადაწყვეტილებით.
ჩვენ სრულ მხარდაჭერას ვუცხადებთ ბადრი წილოსანს და მზად ვართ ნებისმიერ დროს, ნებისმიერ დაინტერესებულ ადამიანს, დეტალურად მოვუყვეთ იმ რთული გზის შესახებ, რაც ერთად გამოვიარეთ.
ვიმედოვნებთ, რომ სააპელაციო სასამართლო სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს. სიმართლე კი მხოლოდ ერთია - ბადრი წილოსანი არის ყოფილი ხელისუფლების უკანონო პატიმარი, ქონებაჩამორთმეული ბიზნესმენი, რომელსაც ყოველთვის აღელვებდა დასაქმებულთა ბედი და რომელმაც საკუთარი ქონების დასაბრუნებლად ურთულესი გზა გაიარა", - ნათქვამია განცხადებაში.
(R)