აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ვიზიტით საუდის არაბეთში ჩავიდა. ეს მისი პირველი ტურნეა, რომლის ფარგლებში დონალდ ტრამპი ვიზიტით ეწვევა ისრაელს, ვატიკანს, ხოლო შემდეგ მონაწილეობას მიიღებს ნატო-ს სამიტში, რომელიც ბრიუსელში გაიმართება.
საუდის არაბეთში ვიზიტის ფარგლებში აშშ-ის პრეზიდენტი ქვეყნის ხელმძღვანელობასთან თანამშრომლობისა და ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავების საკითხს განიხილავს.
დონალდ ტრამპი საუდის არაბეთის მეფეს სალმან ბენ აბდელ აზიზ ალ საუდის შეხვდება. ვიზიტის ფარგლებში ასევე ხელი მოეწერება რიგ ორმხრივ შეთანხმებებს.
დონალდ ტრამპი და საუდის არაბეთის მეფე ასევე ერთად გახსნიან ექსტრემისტური იდეოლოგიის წინააღმდეგ გლობალურ ცენტრს. ცენტრის ამოცანაა არ დაუშვას რადიკალური იდეების გავრცელება.
ამასთან, ვრცელდება ინფორმაცია, რომ დონალდ ტრამპის მხარდაჭერის მაჩვენებელმა მისი ინაუგურაციის შემდეგ, ყველაზე დაბალ ნიშნულს მიაღწია. აღნიშნულს ცხადყოფს სააგენტო "როიტერისა" და კვლევითი ცენტრი Ipsos-ის მიერ ჩატარებული გამოკითხვა.
სოციოლოგიური გამოკითხვის შედეგების თანახმად, რესპონდენტთა 56% არ უჭერს მხარს პრეზიდენტის ქმედებებს, 38% კი პირიქით - მხარს უჭერს. გამოკითხულთა 6%-ს პასუხი კითხვაზე არ ჰქონდა.
აღსანიშნავია, რომ 24 აპრილს კვლევითი ცენტრი Ipsos-ის მიერ ჩატარებული გამოკითხვის შედეგების თანახმად, დონალდ ტრამპის საქმიანობას პრეზიდენტის პოსტზე გამოკითხული ამერიკელების 39,7% უჭერდა მხარს.