"ევროკავშირი სრულად უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას. ეს ჩვენთვის ძალიან ცხადი და აშკარა პრინციპია და მე, როგორც ევროკავშირის წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიაში, მხარს ვუჭერ ამ პრინციპს" - ამის შესახებ ევროკავშირის სპეციალურმა წარმომადგენელმა სამხრეთ კავკასიასა და საქართველოს კრიზისების საკითხებში, ჟენევის მოლაპარაკებების თანათავმჯდომარე ჰერბერტ ზალბერმა ჟურნალისტებს განუცხადა.
ზალბერი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში, მინისტრის მოადგილე დავით დონდუას შეხვდა.
"მადლობელი ვარ თქვენი ინტერესისთვის, რომ მოხვედით აქ. მინდა გითხრათ, რომ საგარეო საქმეთა სამინისტროში ჩემს კოლეგებთან განვიხილეთ საკითხები, რომელმაც გაგაღიზიანათ თქვენ. ამასთან დაკავშირებით მინდა განვმარტო შემდეგი: ევროკავშირი სრულად უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას. ეს ჩვენთვის ძალიან ცხადი და აშკარა პრინციპია და მე, როგორც ევროკავშირის წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიაში, მხარს ვუჭერ ამ პრინციპს. მე ამას ყოველი შესაძლებლობისას ხაზს ვუსვამ.
რაც შეეხება არჩევნებს საქართველოს სეპარატისტულ რეგიონში, სამხრეთ ოსეთში, ევროკავშირმა ერთმნიშვნელოვნად განაცხადა, რომ არ აღიარებს იმ ფორმატს, რომლის ფარგლებში ეს არჩევნები ჩატარდა. მე ასევე მხარს ვუჭერ ამ პოზიციას. ამავდროულად, ევროკავშირი ერთგულია, ხელი შეუწყოს კონფლიქტის მშვიდობიან გადაჭრას. ზუსტად ამ მიზეზის გამო ევროკავშირი და პირადად მე ჩართულნი ვართ ჟენევის დისკუსიებში. ეს ჩემი მანდატის საფუძველია," - განაცხადა ჰერბერტ ზალბერმა.
როგორც ცნობილია, ზალბერი ბოლო ორი დღის განმავლობაში სოხუმში იმყოფებოდა, იქამდე კი შეხვედრები ცხინვალში გამართა. ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიასა და საქართველოს კრიზისების საკითხებში ჰერბერტ ზალბერი ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ე.წ. პრეზიდენტ ანატოლი ბიბილოვს შეხვდა და აღნიშნული "პოსტის" დაკავება მიულოცა, რასაც თბილისში მწვავე გამოხმაურება მოჰყვა. ამ საკითხთან დაკავშირებით საგარეო უწყებაში რამდენიმე დღის წინ საქართველოში ევროკავშირის ელჩი იანოშ ჰერმანი დაიბარეს.