"თბილისი ივენთ ჰოლში" "რადიო ენერჯის" პრეზენტაცია გაიმართა. გრანდიოზულ საზეიმო მიღებაზე უამრავმა ცნობილმა ადამიანმა მოიყარა თავი.
"რადიო NRJ" ყველაზე პოპულარული რადიოსადგურია საფრანგეთში. საფრანგეთი, გერმანია, ავსტრია, ბელგია, შვეიცარია, ფინეთი, ნორვეგია, შვედეთი, რუსეთი, ბულგარეთი, ლიბანი და მაროკო - ეს ის ქვეყნებია, სადაც ფრანგული "რადიო NRJ" მაუწყებლობს. რადიო "ენერჯის" მსოფლიოში 14 მილიონი ადამიანი უსმენს. მათ რიცხვს ახლახან საქართველოც შეუერთდა.
"ივენთ ჰოლში" გამართული ღონისძიების წამყვანი NRJ-ის ქართული მაუწყებლობის გენერალური პროდიუსერი გვანცა კილასონია გახლდათ.
"დღევანდელი ივენთი გახლავთ რადიო ენერჯის ოფიციალური პრეზენტაცია. ევროპული სული უკვე შემოიჭრა საქართველოში და ტალღა 104.7 იმ ქართველი მუსიკოსების ელჩი იქნება, ვისაც სურს მისი შემოქმედება გაიტანოს ევროპის ბაზარზე", - განაცხადა AMBEBI.GE-სთან გვანცა კილასონიამ.
ღონისძიებაზე ბერა ივანიშვილის სიმღერის Untouchable-ს ფრანგულენოვანი ვერსიის კლიპის პრეზენტაცია შედგა.
"ეს კლიპი ყველასთვის კარგად არის ცნობილი. ფრანგული ვერსია ზუსტად "ენერჯისთვის" დამზადდა. ფრანგულ "ენერჯისთან" კონტრაქტი მაქვს და ჩემთვის მოულოდნელი სიურპრიზი იყო, როცა გავიგე, რომ რადიო "ენერჯი" საქართველოში გაიხსნა. ვულოცავ რადიო "ენერჯის" საქართველოში შემოსვლას.
რაც შეეხება ჩემ კლიპს, გადაღებები შავ ზღვაში მიმდინარეობდა. მთელი დღე მარტო ვიყავი შუა ზღვაში, მზის დარტყმაც კი მივიღე და ზღვაში მარტო ყოფნა, ძალიან მოსაწყენი იყო", - გვითხრა ბერამ საუბრისას (იხილეთ კლიპი)
ბერას კლიპის ჩვენების შემდეგ, მუსიკოსმა ის იღბლიანი ადამიანი გამოავლინა, რომელიც ნოემბერში წლის მთავარ მუსიკალურ დაჯილდოვებაზე NRJ Music Award-ზე გაემგზავრება. NRJ Music Award 19 წელია იმართება და პრესტიჟული მუსიკალური დაჯილდოვების ცერემონიაა.
ფოტო: ირაკლი გედენიძე