სოფელ წიფის და მიმდებარე სოფლების მოსახლეობამ წიფა-ხარაგაულის მიმართულებით გზა გადაკეტა და ჩინური კომპანიის კუთვნილ სატვირთო ავტომანქანებს გადაადგილების საშუალებას არ აძლევენ.
მოსახლეობის განცხადებით, უკვე მეორე წელია გაუსაძლის მდგომარეობაში არიან. ხუთი სოფლის მოსახლეობა მწყობრიდან გამოსული გზების გამო, ფაქტობრივად, გადაადგილებას ვერ ახერხებს.
ჩინური კომპანია სარკინიგზო გვირაბს აშენებს და შესაბამისად, კომპანიის კუთვნილი მანქანები სოფელ წიფის მიმართულებით გადაადგილდებიან.
მოსახლეობის განცხადებით, სპეციალური ნიშნებიც არის დამონტაჟებული, სადაც მითითებულია, რომ მხოლოდ 20-ტონიან ავტომანქანებს შეუძლიათ მაგისტრალზე გადაადგილება. თუმცა, აქ მოძრავი სატვირთო მანქანების უმრავლესობა 45 და მეტ ტონა ტვირთამწეობის არის. შესაბამისად, საგზაო ინფრასტრუქტურა მწყობრიდან გამოვიდა. გარდა ამისა, მათივე თქმით, სატვირთო ავტომანქანების მოძრაობის შედეგად ვიბრაციის გამო, სერიოზული საფრთხე ექმნება საცხოვრებელ სახლებსაც, დაზიანებულია კედლები.
მოსახლეობის განცხადებით, მათ რამდენჯერმე მიმართეს კომპანიის ხელმძღვანელობას, თუმცა რეაგირება მათ თხოვნას არ მოჰყოლია. ამიტომ, მათი თქმით, იძულებულები გახდნენ პროტესტის ამ ფორმისთვის მიემართათ, გზა გადაეკეტათ და კომპანიის კუთვნილი ავტომანქანებისთვის გადაადგილების საშუალება არ მიეცათ.
"სოფელში უგზოობის გამო ვეღარც სასწრაფო დახმარების მანქანა მოდის და აღარც საზოგადოებრივი ტრანსპორტი დადის. გართულებულია სასკოლო ავტობუსის გადაადგილებაც", - აცხადებენ სოფლის მცხოვრებლები.
მოსახლეობის თქმით, ვიდრე კომპანიის ხელმძღვანელობა ადგილზე არ მივა და ინფრასტრუქტურის მოწესრიგების პირობას არ მიიღებენ, მანამდე არ დაიშლებიან და ავტომანქანებს გადაადგილების საშუალებას არ მისცემენ.