8-შვილიანი ოჯახი ოჯახის სიწმინდის დაცვის დღეზე

8-შვილიანი ოჯახი ოჯახის სიწმინდის დაცვის დღეზე

ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით თბილისში 5 სხვადასხვა ადგილზე ღონისძიებები გაიმართა. 09:00 საათიდან დაიწყო მრევლისა და სასულიერო პირების შეკრება ფილარმონიის წინ, ვარდების მოედანზე, ოპერისა და პარლამენტის შენობების წინ, ასევე პუშკინის სკვერის მიმდებარედ.

AMBEBI.GE-ს კორესპონდენტი ფილარმონიასთან აბრამიშვილების 8-შვილიან ოჯახს გაესაუბრა. ახალგაზრდა ცოლ-ქმრის უფროსი ქალიშვილი 14 წლისაა, პატარა ტყუპი კი - 2 წლის. ევსტათი აბრამიშვილი ამბობს, რომ მრავალშვილიანობა ღვთის წყალობაა და ამ წყალობაზე გონიერი ადამიანი უარს ვერ იტყვის:

"შვილიერება - პირველ რიგში ეს ღვთის დიდი წყალობაა, ეს არის დიდი საჩუქარი და არც ერთი გონიერი ადამიანი უარს არ იტყვის, ღვთის ამ წყალობაზე. ღვთის განგება თუ ინებებს, რვაზე მეტიც გვეყოლება. ჩვენი შვილების სახელებია: სოფიო, ბასილი, თომა, ილია, თეოდოტია, ბარბარე, დავითი და კონსტანტინე. უფროსი 14 წლისაა, მერე მოდის: 12-ის, 10 წლის, 8 წლის, 6-ის, ოთხის და ბოლოს პატარა ტყუპები. ვცხოვრობთ სოფელ დიღომში, მეუღლე სახლშია, უვლის ბავშვებს, მე კი კერძო კომპანიაში ვმუშაობ" - ამბობს მრავალშვილიანი მამა.

ევსტათი აბრამიშვილის თქმით, ბავშვთა დაცვის დღეს 1-ელ ივნისს, თანამოაზრეებთან ერთად ახლადჩამოყალიბებული ორგანიზაციის - "ბავშვთა უფლებების დაცვის საზოგადოების" პრეზენტაციას გამართავენ.

"ამ ორგანიზაციაში ძირითადად ის მშობლები არიან შეკრებილები, რომელთაც სურთ მრავალშვილიანობა, იმდენი ბავშვის გაჩენა, რამდენსაც უფალი მისცემთ. გვინდა რომ ამ მოძრაობაში ჩავრთოთ რაც შეიძლება მეტი ქართველი. ჩვენი ერთ-ერთი სლოგანი იქნება - "უარი აბორტს" - აღნიშნა საუბრისას ევსტათი აბრამიშვილი.

ნინო ხოზრევანიძე

AMBEBI.GE

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი