2014-2016 წლებში თბილისში სანიტარული ჭრის შედეგად 80 544 ძირი ხე მოიჭრა. მიმდინარე წელს კი მოსაჭრელად 18 000 დაავადებული, ზეხმელი და ფაუტი ხეა მონიშნული - როგორც "ინტერპრესნიუსს" თბილისის მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურში განუცხადეს, ჭრა ძირითადად ვაკისა და მთაწმინდის რაიონში განხორციელდა.
"2014-2016 წლებში ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურის მიერ სანიტარული ჭრის შედეგად, ქალაქ თბილისის თვითმმართველის ტერიტორიაზე მოჭრილია 80 544 ძირი ზეხმელი, ხმობადი, ძლიერ ფაუტი და მავნებლებით ძლიერ დაზიანებული ხეები. ჭრა განხორციელდა ძირითადად ვაკისა და მთაწმინდის რაიონის ტერიტორიაზე არსებულ ფიჭვის კორომებში, ასევე მოვლითი ჭრის შედეგად ქალაქის სხვადასხვა ტერიტორიაზე მოჭრილია 5330 ძირი სხვადასხვა სახეობის ხმელი და ფაუტი ხე", - აცხადებენ თბილისის მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურში.
მათივე ინფორმაციით, კონტრაქტორი კომპანიების მიერ ფიტოსანიტარული მონიტორინგი ხორციელდება, რომელთა დასკვნის საფუძველზე სანიტარული ჭრა იგეგმება. მიმდინარე წელს მოსაჭრელად მონიშნულია 18 000 დავადებული, ზეხმელი და ფაუტი ხე.
რაც შეეხება მილიონი ხის დარგვასთან დაკავშირებულ საარჩევნო დაპირებას, ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურის ინფორმაციით, 2014 წლის აგვისტოდან დღემდე ქალაქ თბილისის ტერიტორიაზე დარგულია 670 000 ძირი სხვადასხვა სახეობის ნერგი. აქედან დაახლოებით 70% არის ფოთლოვანი და 30% წიწვოვანი.
"რაც შეეხება მათი გახარების პროცენტულობას, ამ ეტაპზე მიმდინარეობს მონიტორინგი. ამასთანავე კონტრაქტორ ფირმებს ეკისრებათ ვალდებულება ახალი ნარგავების ოთხწლიან მოვლა-პატრონობაზე, რომელიც ნარგავების მაქსიმალურ გახარებას უზრუნველყოფს", - აცხადებენ თბილისის მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურში.