თბილისის ერთ-ერთ ცენტრალურ რაიონში, ძველ შენობაში შევდივართ და ნახევრად დანგრეული სადარბაზოდან, ასევე კარგად შელახული კიბით რამდენიმე სართულს ავდივართ... ასე მგონია, 90-იანი წლების სტილში გადაღებული ფილმის პერსონაჟი ვარ - კედლებზე წარწერები, ამოყრილი იატაკი, გაყვანილობის ძველი მილები... შუშებჩალეწილ დერეფანში კედლიდან ფანჯრამდე გაჭიმულ თოკებზე გაფენილი სარეცხი შევნიშნეთ. როგორც გაირკვა, იმავე კორპუსში დევნილებიც ცხოვრობენ... რამდენიმე სართულის ავლის შემდეგ, დიდი, თეთრი, მძიმე კარი გაიღო და სრულიად სხვა სამყაროში აღმოვჩნდით. ეს ის ადგილია, სადაც ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე, 4-დან 14 წლამდე მოზარდებისთვის ცხოვრების შეცვლას ცდილობენ...
გრძელ, ნათელ ფერებში შეღებილ დერეფანს მივუყვებით. კედლებზე ნახატები და კომპოზიციებია გამოფენილი. ჭორლდ Vისიონ საქართველოს ბავშვები, კოალიცია ბავშვებისა და ახალგაზრდებისთვის თავმჯდომარე მაია მგელიაშვილი გვიხსნის, რომ ეს იმ ბავშვების ნამუშევრებია და ზოგიერთმა მათგანმა მუშაობის პროცესში აღმოაჩინა, რომ ნიჭი ჰქონდა და უფრო მეტად იმან გააოცა, რომ ამის კეთებისთვის მოთმინება ეყო.
ერთმანეთს სასადილო ოთახში, მაგიდასთან ვხვდებით. ბევრი მათგანი ალბათ ქუჩაში მუშაობისას ნანახიც გვყავს, რადგან ნაცნობი სახეებიც შევნიშნე. დაწესებულების ხელმძღვანელობამ გადაწყვიტა, რომ ჟურნალისტებსა და მოზარდებს შორის ყველაზე გულწრფელი საუბრები მაგიდის გარშემო, სადილის დროს გაიმართებოდა და სუფრასთან მიგვიწვია. ჩვენს კომპანიაში 13 წლის ბოშა გოგონა, ლუბა აღმოჩნდა. სხვებმა უცხოებთან ახლო კონტაქტს თავი აარიდეს...
ეს არის კონტინგენტი, რომელიც ოჯახიდან სხვადასხვა დროს, სხვადასხვა მიზეზით პირდაპირ ქუჩაში აღმოჩნდა და იქ თავის დამკვიდრება მგლური კანონებით მოუხდა... მათი დიდი ნაწილი, თავს წვრილმანი ნივთების გაყიდვის გარდა, მოწყალების თხოვნით, ასევე, ქურდობითაც ირჩენდა და ჰქონიათ დღეები, როდესაც დღის განმავლობაში 100-ლარზე მეტს აგროვებდნენ. ზოგიერთ მათგანს მშობელი უწესებს ე.წ. პირდაპირ სტავკას, თუ რამდენი უნდა მოიტანოს დღის ბოლოს სახლში. დანარჩენი მას რჩება, რომელსაც საკუთარი ნებით განკარგავს. ყველა მათგანი, განურჩევლად ასაკისა, მწეველია და როდესაც ისინი ამ ცენტრში ხვდებიან, დაწესებულების ხელმძღვანელები, იმისათვის, რომ ისევ ქუჩაში არ აღმოჩნდნენ, დღის განმავლობაში რამდენიმე ღერ სიგარეტს აძლევენ... მწეველობა ყველაზე მცირე პრობლემაა, რაც მათ აქვთ.
ცენტრი 2014 წლიდან ფუნქციონირებს და რამდენიმე ათეულმა მოზარდმა გაიარა იქ ე.წ. მოსამზადებელი გზა, რომლის შემდეგაც, ისინი მინდობით აღზრდაში მიდიან, თუმცა, არიან ისეთები, ვინც იქ ვერ გაძლო და ისევ ქუჩას დაუბრუნდნენ... განაგრძეთ კითხვა gza.ambebi.ge-ზე