ამირა ატ-ტავილი - საუდის არაბეთის 34 წლის პრინცესაა, რომელიც ყველაზე გავლენიანი არაბი ქალების ასეულში შედის. იგი აქტიურად არის ჩართული სიღარიბის წინააღმდეგ ბრძოლაში და დაკავებულია სხვადსხვა სახის ქველმოქმედებით.
ამირა საუდის არაბეთის დედაქალაქ ელ-რიადში დაიბადა. გოგონა პატარა იყო, როდესაც მამამ ოჯახი მიატოვა, იგი დედამ და ბებიამ აღზარდეს.
18 წლის ასაკში ამირას ნამდვილი კონკიას ისტორია გადახდა თავს. მას პატივი ერგო, სასკოლო გაზეთისთვის ინტერვიუ ჩაეწერა პრინც ალ-ვალიდა იბს ტატალთან, საუდის არაბეთის იმჟამინდელი მეფის ძმისშვილთან. პრინცი ამირაზე 28 წლით უფროსი იყო, მაგრამ გოგონასთვის ამ ფაქტს დიდი მნიშვნელობა არ ჰქონია. დაახლოებით, 1 წელიწადში წყვილი დაქორწინდა.
ალ-ვალიდა იბნ ტატალთან ქორწინებამ 12 წელი გასტანა, მაგრამ წყვილს საერთო შვილი არ შეეძინა. თუმცა, პრინცს უკვე ჰყავდა ორი შვილი წინა ქორწინებიდან.
ამბობდნენ, რომ ამირას შვილის გაჩენა არ შეეძლო და ეს პუნქტი საქორწინო კონტრაქტშიც გაწერილი იყო. პრინცმა იცოდა ამის თაობაზე, მაგრამ მაინც დასთანხმდა ქორწინებას.
განქორწინების მთავარი მიზეზი პრინცესას მეტისმეტად დამოუკიდებელი ცხოვრების წესი გახდა. მას მილიონობით უბრალო ადამიანი ეთაყვანებოდა, სამეფო ოჯახის წევრებს კი ეს აღიზიანებდა. საკმაოდ მოკლე დროში ამირა არაბული სამყაროს დიანად იქცა.
ამირა მართლაც ანგრევს არაბ ქალებზე შექმნილ სტერეოტიპებს. ჯერ კიდევ სტუდენტობის პერიოდში მან უარი განაცხადა არაბი ქალების ტრადიციული სამოსის ტარებაზე და მას მსოფლიოს წამყვანი მოდური სახლების ტანსაცმელი არჩია.
გარდა ამისა, ქორწინებაში ყოფნისას, გოგონა აშშ-ში გაემგაზავრა სასწავლებლად, სადაც ბიზნეს-ადმინისტრატორის დიპლომი აიღო. შემდეგ საზოგადოებრივ საქმიანობას შეუდგა. ამირა მრავალი წელია იბრძვის, რათა ქალებს მის ქვეყანაში, მეუღლის დაუკითხავად, მანქანის ტარებისა და სამსახურის დაწყების უფლება ჰქონდეთ. თავად პრინცესას საერთაშორისო მართვის მოწმობა აქვს და საზღვარგარეთ მოგზაურობისას მძღოლის მომსახურებით არ სარგებლობს.
ამირა მამაკაცებთან ერთად მონაწლეობს ტელე-რადიო დისკუსიებში, რაც არაბული სამყაროსთვის ნონსენსს წარმოადგენს.
ამჟამად, ამირა უამრავ საქველმოქმედო ფონდს ხელმძღვანელობს და მთელი მსოფლიოს მასშტაბით მოგზაურობს - ებრძვის სტიქიური უბედურებების შედეგებსა და სიღარიბეს.
მოამზადა დუდანა ზაქარაიამ