გენერალური აუდიტორი ლაშა თორდია გუშინ მომხადარი თავდასხმის დეტალებს იხსენებს. როგორც თორდიამ აღნიშნა, ყოფილ მთავარ პროკურორს კაფე "ელ ცენტროში" შეხვდა, რა დროსაც ფარცხალაძე მის მიმართ აგრესიული იყო.
გენერალური აუდიტორის ინფორმაციით, ყოფილი მთავარი პროკურორის აგრესიამ ერთ-ერთმა საქმემ გამოიწვია, რომელშიც ოთარ ფარცხალაზე ფიგურირებს.
ნახეთ ვიდეოკომენტარი საავადმყოფოდან
"შეხვედრის დროს აგრესიული ტონით მითხრა, რატომ ვაგროვებდი მასზე კომპრომატებს, ასევე როგორ ვაპირებდი ცხოვრების გაგრძელებას ვადის გასვლის შემდგომ. ვუპასუხე რომ ასე ესაუბრა მასთან, ვისთანაც ამის საშუალება ჰქონდა. ამ დროს ზედმეტი აგრესია გამოხატა და დამარტყა ხელი, რასაც მისი თანხმლები პირების მხრიდანაც მოჰყვა თავდასხმა. ეს არის პირადი ანგარიშსწორება, რომელიც კონკრეტულ საქმეს ეხება, სადაც მისი სახელი და გვარი ფიგურირებს. ადამიანს აქვს სრული დაუსჯელობის განცდა, ვინაიდან ამ კლუბში, ძალიან ბევრი ადამიანი იმყოფებოდა და ამ ადამიანების თვალწინ მოხდა ეს ყველაფერი", - განაცხადა ლაშა თორდიამ, რომელიც ამჟამადაც საავადმყოფოში იმყოფება.
როგორც გენერალურმა აუდიტორმა აღნიშნა, საზოგადოება 15 მაისს გაიგებს კონკრეტულ საქმეზე ინფორმაციას.
"მას თუ გონია, რომ ამით რაღაც შიშს დანერგავს და ვიღაც რაღაცას გადაასწორებს, ძალიან ცდება. ორშაბათს კოკრეტულ ინფორმაციას მიიღებთ კონკრეტულ საქმესთან დაკავშირებით თუ რაზეა საუბარი", - განაცხადა თორდიამ.