უეფას მედიაოფიცერი მამუკა კვარაცხელია უკვე რამდენიმე ათეული წელია, სპორტულ ჟურნალისტიკაში აქტიურად მუშაობს და არაერთ ქართულ გამოცემასთან თანამშრომლობს. რამდენიმე დღის წინ, როცა მას დაუვიწყარი ამბების გახსენება ვთხოვე, მიპასუხა: ყველამ იცის, რომ ძირითადად, ფეხბურთზე ვწერ და სპორტის პრობლემებს ვაშუქებ. შემიძლია, არაერთი საინტერესო ამბავი გავიხსენო ამ სფეროზე, მაგრამ მოდი, არასაფეხბურთო მოგონებებს შემოგთავაზებო: აფხაზეთში ომის დროს, მამუკა სოხუმში იყო და იქ დატრიალებული მოვლენების ეპიცენტრში გახლდათ.
"ზაზა ბენდელიანი ტამიშთან, დანაღმულ ველზე პირველი გაიჭრა"
- ომით რომ ვერას გახდნენ (რუსებმა და აფხაზებმა 1993 წლის მარტსა და ივნისში გამანადგურებელი მარცხი იწვნიეს), ჭკუა იხმარეს და შევარდნაძე ვინ იცის, მერამდენედ მოატყუეს, - შევრიგდეთ და ჯარი დავაშორიშოროთო! ერთი სული ჰქონდათ, ქართული არტილერია როდის მოსცილდებოდა სოხუმის ფრონტს, რადგან ჩვენები ტყვიას ტყვიაში სვამდნენ და მტერს ისეთი ზიანი მიაყენეს, რომ გვამების გატანას ვეღარ აუდიოდნენ. საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების წევრი, ზაზა ბენდელიანი ტამიშთან, დანაღმულ ველზე პირველი გაიჭრა და აფეთქდა, რითიც მთელი რაზმი გადაარჩინა... ზაზამ ბოლო მატჩი ჩემს გუნდში ითამაშა. თამაშიდან რამდენიმე დღეში, მას გაგრელი ნათესავი ესტუმრა, - წამო, დუბაიში კოსტიუმების ბიზნესი დავიწყოთო... სახლიდან გააგდო: გაგრელი კაცი დუბაიში როგორ მიდიხარ, ქვეყანაა დასაცავიო და ფრონტის წინა ხაზზე წავიდა, ქართლოს ჭუმბურიძესთან ერთად...
"პორტუგალიურ ენაზე დაბეჭდილი ბიბლია"
- დაიწყეს ჩვენებმა არტილერიისა და ტანკების ფოთში გაყვანა, აფხაზებმა კი ტექნიკის სოფლებში დამალვა (ეს ჩემი თვალით ვნახე). ჩვენ, ქართული გულარხეინობით, სწავლა დავიწყეთ სოხუმში და ეროვნული ჩემპიონატიც განახლდა. სოხუმის "ცხუმი" ერთ-ერთ სამხედრო სასტუმროში დაბინავდა და გალის "მზიურს" ეთამაშა კიდეც გალში. სოხუმელთაგან გოლი მამუკა რუსიამ გაიტანა, რომელიც პარალელურად, სოხუმის დამცველთა ბატალიონში იყო. "ცხუმის" ვიცე-პრეზიდენტმა, ნოდარ კაკულიამ გუნდის მწვრთნელ ნიკა ამირეჯიბთან ერთად მომაწყო სასტუმროში, საიდანაც აფხაზთა სოფლები ხელისგულივით ჩანდა. ყოველი დაძინების წინ, ბატონი ნიკა ერთ პატარა წიგნს, პორტუგალიურ ენაზე დაბეჭდილ ბიბლიას ამოიღებდა, ხელს გადაუსვამდა და საწოლთან დებდა. ერთხელ მითხრა: 1985 წელს, ბრაზილიის ნაკრები რომ იყო ჩამოსული, იმათმა ნახევარმცველმა, სილასმა მაჩუქა და თვალისჩინივით ვუფრთხილდებიო.
"დინამოს" განმეორებითი მატჩი "ლინფილდთან" ერთად ვნახეთ ჩვენს ოთახში და რაკიღა "დინამომ" ფრედ 1:1 ითამაშა და მომდევნო ეტაპზე გავიდა, გახარებულებმა, თითო ჭიქა შევსვით და მერე მე ეზოში გამოვედი.
არ დამიჯერებთ და, მთელი სოხუმი განათებული იყო! აფხაზთა პოზიციებს გადავხედე - ყველა სახლში ბჟუტავდა სინათლე ანუ აფხაზებიც უყურებდნენ "დინამოს" განმეორებით მატჩს!..
ერთ საღამოს რუსებმა და აფხაზებმა შეტევა დაიწყეს. ერთ-ერთი პირველი ბომბი ჩემი და ბატონი ნიკას ოთახს მოხვდა. ნიკა ამირეჯიბი ვარჯიშზე იყო და გადარჩა, სილასის ბიბლია კი ოთახში დარჩა...
ბოცებში ჩატენილი და მარანში ჩამარხული ფეხბურთელების ფორმები
- ჩემი თვალით მაქვს ნანახი, ვითომდა ჰუმანიტარული მისიით, აფხაზები ტანკებითა და ბეტეერებით რომ მიდიოდნენ ტყვარჩელში. როცა ვიკითხე, მითხრეს, - ფქვილი და ბრინჯი მიაქვთო! - კი, მაგრამ ფქვილსა და ბრინჯს ჩვეულებრივი მანქანებით ვერ აიტანენ-მეთქი? - რა ვქნათ, თბილისიდან მოდის ბრძანება, რომ გავუშვათო! მახსოვს, ერთი მაიორი აქტიურობდა ძალიან, არ ეპუებოდა თბილისიდან მოსულ ბრძანებას, არ უშვებდა ტექნიკას, იარაღით ემუქრებოდა მტერს - ის მურად ანჯაფარიძე იყო, ახლანდელი აფხაზეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი.
ოჩამჩირეში მოვინახულე ვიტალი დარასელიას სტადიონი. ზედ მინდვრის ცენტრში იმხელა საავიაციო ბომბი ჩამოეგდოთ, ოჩამჩირის "ამირანის" პრეზიდენტს, ენვერ თოლორდავას 40 მანქანა მიწის შეტანა დასჭირდა, რათა ღრმული ამოევსო. იქაურობა ჭურვის ნამსხვრევებით იყო სავსე. ერთი დიდი ნამსხვრევი ჩავაგდე ჩანთაში და ახლაც სახლში მაქვს, - ოჩამჩირეში რომ შევალთ, მუზეუმს ვუსახსოვრებ... ენვერ თოლორდავამ კი ზედ მინდვრის ცენტრში, ერთი ყუთი შამპანური ჩამარხა: საქართველოს ჩემპიონატი რომ განახლდება, მაშინ ამოვიღებთ და დავლევთო...
გაგრაში ლამის, ეროვნული გმირი იყო იგორ კვარაცხელია - გუნდის კაპიტანი და შემდგომში პრეზიდენტიც. გაგრის "დინამოს" ქართული სახელი - "სიხარული-90" დაარქვა და ეროვნული ჩემპიონატის პირველი მატჩი 1990 წელს, დიდი ხიფათის ქვეშ ჩაატარა ყვარლის "დურუჯთან". აფხაზები აუჯანყდნენ და ლამის ჩაიშალა მატჩი. როდესაც სტადიონზე ვეწვიე, საუნაში დამპატიჟა... უეცრად, ძრავის ხმა გაისმა - გამოვვარდი საუნიდან და დავინახე სტადიონის დირექტორი, სერგო პრავოვი ბალახს კრეჭდა. მივეხმარე და ნახევარი მინდორი "გადავპარსე" (ზუსტად ის მინდორი, სადაც ორიოდ კვირაში არაკაცებმა ქართველები დახვრიტეს, მათ შორის, თბილისის "დინამოს" ყოფილი კალათბურთელი იური ძიძიგური და მათი მოჭრილი თავებით ფეხბურთი ითამაშეს).
მერე იგორ კვარაცხელიას ცნობილ ბიზნესმენ სერგო აბაშიძესთან მივყევი, რათა "სიხარულისთვის" ფორმები შეგვეძინა. ბატონმა სერგომ თეთრი სპორტული კომპლექტი უყიდა გუნდს, მაგრამ ომი დაიწყო და იგორმა ღვინის ბოცებში ჩატენილი ფორმები სახლში, მარანში ჩამარხა, - დავბრუნდებით და ამოვიღებთო... არაკაცებმა იგორის მოხუცი მშობლები აწამეს, დახვრიტეს და სახლს ცეცხლი წაუკიდეს...განაგრძეთ კითხვა gza.ambebi.ge-ზე