ელენე მანდარია საქართველოს კალათბურთის გოგონათა ნაკრების "ბელგიელი" წევრია. ქუთაისის აეროპორტში მოულოდნელად შევხვდი მეგობარ ქალს, რომელსაც ორმაგი, ბელგიისა და საქართველოს მოქალაქეობა აქვს. ცოტა ხანში შევამჩნიე, რომ მას ორი ახალგაზრდა ადევნებდა თვალს. დიდი წინათგრძნობა და ლოგიკა არ ესაჭიროებოდა იმის ამოცნობას, რომ ეს ახალგაზრდები ცოლ-ქმარი იყვნენ. ისინი დროდადრო პატარა გოგონას, ლიზიკოს "დუტი ფრიში" დაატარებდნენ, რათა მისი ჭირვეულობა დაეკმაყოფილებინათ. ისიც მისახვედრი იყო, რომ დიდი წუხილით იყვნენ შეპყრობილნი, რასაც ჰქონდა კიდეც საფუძველი - თან ჰყავდათ ორიოდე წლის ბიჭუნა, რომელსაც სახეზე მოქანცულობა აღბეჭდოდა.
ანამ (ასე ჰქვია ჩემს "ბელგიელ" მეგობარს) ჭირვეული ლიზიკო თავისთან იხმო და დაახლოებით ერთი საათი ართობდა. ახალგაზრდა ცოლ-ქმარი კი ბიჭუნას მორიგეობით იჭერდა ხელში. როცა დრო ვიხელთე, ანას ვკითხე, ესენი ვინ არიან-მეთქი? - ჩემი ნათესავები არ არიან, მაგრამ ამ ბავშვს დაუსვეს ისეთი დიაგნოზი და ისეთი ამბები დაატრიალეს პატარას თავზე, აუცილებლად უნდა ჩავიყვანო ბელგიაში, რათა მაღალი კვალიფიკაციის ექიმებმა ნახონ და უმკურნალონო, - მიპასუხა.
თვითმფრინავის ბორტზე ერთად ავედით და ანამ მოკლედ ამიხსნა, რომ პატარა ირაკლის აუცილებლად ესაჭიროებოდა ჯანმრთელობის ევროპული ხარისხით კვლევა, უმიზეზოდ გაკეთებული ოპერაციაც ახსენა და საკმაოდ დიდი თანხაც, რომელიც სამომავლოდ ოჯახს უნდა გაეღო (როგორც ახლახან გავარკვიე, სრულიად უმიზეზოდ). - დედა ვარ და გულთან მივიტანე, ბელგიაში მივხედავ ამათო, - მითხრა ანამ...
და როგორი დედაა ანა? - მას სამი შვილი ჰყავს, ორი გოგონა და ერთი ვაჟი. ერთი შვილი სპორტსმენია და ასაკთან შედარებით - ძალიან წარმატებულიც. კარგი შვილები ალალბედად არ იზრდებიან. ახლა მინდა, ანას ერთ-ერთ შვილზე, ელენე მანდარიაზე გიამბოთ:
ელენე ბელგიაში, ქალაქ სინტ-ტრუიდენში, 1999 წლის 25 თებერვალს დაიბადა. თავისთავად, გაიზარდა ბელგიაშივე, რადგან მისი ოჯახი იქ ცხოვრობდა. ზორბა ბავშვი იყო ელენე. 10 თვისა 15 კილოს იწონიდა. იმდენად კარგი მადა ჰქონდა, რომ თურმე, დღეში 5-6 ბანანსაც "ერეოდა". ფეხი აიდგა თუ არა, პირველი, რაც გააკეთა, ბურთს დაარტყა და იმ დღიდან ბურთი მისი განუყოფელი სათამაშო გახდა. 5 წლის იყო, როცა ბაღის პედაგოგმა წაიყვანა ჩოგბურთის კლუბში და იქიდან მოყოლებული, 9 წლამდე ჩოგბურთს თამაშობდა, თავისუფალ დროს კი ფეხბურთს უთმობდა. მის გულმოდგინებას წარმატებაც მოჰყვა და მალე სპორტულ სპეცსკოლაში მიიწვიეს, სადაც დღეში სამჯერ ჩაუტარდებოდა ჩოგბურთის გაკვეთილები. ელენემ მოულოდნელად გამოაცხადა, რომ მას უნდოდა ფეხბურთი ეთამაშა. ევროპაში ბავშვის აზრსა და არჩევანსაც გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. ერთი წელი ითამაშა ფეხბურთი და სეზონის ბოლოს მიუვიდა მიწვევა ერთ-ერთი კლუბიდან, უმაღლესი ლიგის ლიეჟის "სტანდარტიდან". ელენეს მამა მხარს უჭერდა, დედა - არა. როგორც ჩანს, ანასთვის ფეხბურთი, როგორც სპორტის სახეობა, მხოლოდ მამაკაცებისთვისაა და დაიწყო დედაზე "შეტევა", მაგრამ მან "იძალადა" და ელენე მოხვდა კალათბურთის დარბაზში. ორ წელიწადში პატარა და მშრომელმა გოგონამ იმხელა წარმატებას მიაღწია, რომ ბელგიის ნაკრების სელექციაში მიიწვიეს და იქ ვარჯიშობდა...განაგრძეთ კითხვა gza.ambebi.ge-ზე