ქართულ რადიობაზარზე ევროპა "შემოიჭრა" - ყველაზე ენერგიული NRJ და გვანცა კილასონიას გრანდიოზული დაბრუნება

ქართულ რადიობაზარზე ევროპა "შემოიჭრა" - ყველაზე ენერგიული NRJ და გვანცა კილასონიას გრანდიოზული დაბრუნება

"ჩემს ცხოვრებაში ახალი ეტაპი დაიწყო, თუმცაღა ყველაფერი ახალი კარგად დავიწყებული ძველია... დიახ, კარიერა სწორედ რადიოთი დავიწყე და რადიო იყო ჩემი პირველი სიყვარული", - ამბობს პროდიუსერი, წარსულში ცნობილი რადიოწამყვანი გვანცა კილასონია, რომელიც რამდენიმე დღეა, რაც ფრანგული მუსიკალური რადიოსადგურის NRJ ქართული მაუწყებლობის გენერალური პროდიუსერი გახდა. მან კარიერის ახალ ეტაპზე "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე სიმბოლური სტატუსი დაწერა: "მაშინ როდესაც, 39 ასაკში, ემანუელ მაკრონი გახდა საფრანგეთის პრეზიდენტი, იმავე ასაკში, გავხდი ფრანგული მუსიკალური რადიოსადგურის NRJ Fm 104,7 ქართული მაუწყებლობის გენერალური პროდიუსერი".

როგორც AMBEBI.GE-სთან საუბრისას გვანცა კილასონია ამბობს, უკვე ლამის 20 წელი გადის იმ დღიდან, რაც როგორც მუსიკალურმა წამყვანმა რადიოს ხიბლი შეიგრძნო, მაგრამ, ზუსტი პასუხი კითხვაზე, - რა არის მისთვის რადიო, - მაინც არ აქვს. მიუხედავად იმისა, რომ სხვადასხვა დროს ამ კითხვაზე სხვადასხვა პასუხი გაუცია. "დღეს ჩემთვის რადიო არის პერსპექტივა, მომავალი გზა, სიყვარული, განსხვავებული გრძნობა, რომელიც ძალაუნებურად გიჩნდება მას მერე, რაც ყურსასმენს იკეთებ და მიქშერს სწევ... რადიო თუ ვერ იგრძენი, მსმენელიც ვერ გიგრძნობს, - ამიტომ, ეს ყველაფერი დიდი ვნებაა," - გვეუბნება ის.

"ფორტუნაში" მე, ხატია შამუგია და აჩი ფურცელაძე 1998 წელს მივედით, სადაც კონკურსის წესით მოვხვდით. მიუხედავად იმისა, რომ წლების შემდეგ ტელევიზიაში გადავინაცვლე და არაერთ დიდ პროექტზე მიმუშავია, ახლა დავუბრუნდი სივრცეს, რომელიც ჩემთვის ძალიან ახლობელია. რადიო ჩემი სახლია, მე რადიოს გოგო ვარ... ფორტუნამ მართლაც გამიღიმა და სერიოზული რადიოსკოლა გავიარე მაშინ, როდესაც არ არსებობდა ინსტიტუტი, სადაც ისწავლიდი, როგორი უნდა იყოს რადიოწამყვანი. გამოვიდა, რომ ჩვენ თვითნასწავლები აღმოვჩნდით... დღეს ყველანი (ხატია შამუგია, ნინი ბუკია, მიშა მდინარაძე, აჩი ფურცელაძე) მიმოიფანტნენ და სხვადასხვა სფეროში მუშაობენ. წარმატებული "ხმები" წარმატებულ "სახეებად" იქცნენ.

მართალია, დღეს ჩემი ეს ნაბიჯი ერთგვარი დაბრუნებაა, თუმცა ახლანდელი საქმე იმისგან ბევრად განსხვავებულია, რასაც თავის დროზე ვაკეთებდი, ეს სულ სხვა რადიოა, სხვა შეგრძნებები მაქვს, სხვა პოზიციაზე ვარ და სხვა ამპლუაში.

- და მთელი იმ რესურსის, გამოცდილების გამოყენებას ახლა ამ რადიოში აპირებ, ხომ?

- კი და ეს მხოლოდ რადიოს საქმიანობაში მიღებული გამოცდილება არ არის, ეს ტელევიზია, კონცერტებია, შოუებია, რაც ჩემს "ბეგრაუნდად" რადიო "ენერჟის" აქტივში ჩაეწერება...

- რითი გამოირჩევა ეს რადიო სხვა დანარჩენისგან?

- რადიკალურად განსხვავებულია, - ჯერ ერთი, პირველი ევროპული და უმსხვილესი ბრენდრადიოა საქართველოში და აქ ფრანგული წარმომადგენლობაა. რადიოს მთავარი ოფისი პარიზშია. "ენერჟი" უკვე 14 ქვეყანაში მაუწყებლობს. ის ევროპაში, რადიობიზნესში დიდი ჰოლდინგი და ქსელია და ყველგან პოპულარული. ამიტომ, აქ მისი ფუნქციონირება, ვფიქრობ, პირდაპირ ევროპის შემოჭრაა საქართველოს რადიობაზარზე მაშინ, როდესაც ყველაფერი მომართულია იქითკენ, რომ ევროპისკენ წავიდეთ, შევიდეთ იქ და ვიყოთ მენტალობით, გაგებით, მიზანდასახულებით ევროპის დონის სახელმწიფო და სწორედ ახლა, როცა ვიზალიბერალიზაცია მოხდა, საქართველომ ლიცენზია იყიდა და თბილისში ევროპის მაუწყებლობა შემოვიდა. რადიო ორიენტირებულია მთლიანად მხოლოდ თანამედროვე მუსიკაზე, - "მხოლოდ ჰიტები!" - ეს არის მისი სლოგანი. რადიო თანამედროვე სიახლეების მთავარი ინდიკატორია.

- რა აუდიტორიაზეა გათვლილი?

- 20 წლის ზემოთ ასაკზეა გათვლილი და მთელს ევროპაში ბიზნესის ერთ-ერთი მთავარი მეგობარია. გამიხარდება, თუ თბილისშიც ზუსტად იგივე მოხდება... "ენერჟი" სოციალურ მედიასაც მოიცავს, მთავარი განმასხვავებელია ისიც, რომ ყველაფერი ხდება რადიოკაფეში, რაც სუფთა ევროპული სტანდარტია! საქართველოში ასეთი რამ პირველად ხდება. ეს არის იდეალური იმისთვის, რომ მოხდეს მსმენელის, კაფეში მოსული სტუმრის ინტეგრაცია, რომ არსებული პროდუქტი ღიად სივრცეში გავიდეს.

ამიტომ, ნებისმიერი აქ შემოსული ადამიანი თანამონაწილე ხდება იმის, რაც ხდება შოუში, სტუდიაში, შეუძლია ყავის სმის პარალელურად, უპრობლემოდ უყუროს, უსმინოს ამ ყველაფერს.

ასე რომ, როდესაც ეს წინდადება მივიღე, გამიხარდა, დავინტრიგდი და დავინტერესდი. ჩემთვის დიდი გამოწვევაა. არასოდეს მიმუშავია იქ, სადაც მხოლოდ ხელფასისთვის ვიმუშავებდი, ყველგან ვეძებდი პროფესიულად გაზრდის პერსპექტივას, ამა თუ იმ სფეროზე მეტი ინფორმაცია და გამოცდილება მინდოდა მქონოდა. ვფიქრობ, საკმარისი გამოცდილება მართლაც დავიგროვე იმისთვის, რომ მქონდეს უფლება ამ სივრცეში ვიმუშავო. ასე რომ, ვეცდები, მთელი რესურსი ამ რადიოს მოვახმარო.

- დღეს ჰიტების გარდა რა გადის ეთერში?

- ჯერჯერობით მხოლოდ დილის სეგმენტზე ორიენტირებული დილის შოუ გვაქვს, თავის ბიზნესსიახლეებით, შოუბიზნესური ამბებით, ყველაზე ენერგიული დილა გვაქვს, რაც შეიძლება იყოს, რომელიც ბაბის და ბრაიანს მიჰყავთ. ბრაიანი უკვე 10 წელია, საქართველოში ცხოვრობს და იმდენად ამეტყველდა ქართულად, რომ რადიომ უნიკალური შანსი მისცა, გამხდარიყო წამყვანი. მისი ერთგვარი აქცენტი, ზოგჯერ არასწორად წარმოთქმული სიტყვა, ფრაზა, ეთერს საინტერესოს ხდის. შეუძლია, ანეკდოტი მოყვეს სვანებზე, კახელებზე, მეგრელებზე, რითაც მხიარულ განწყობას ქმნის. ფანტასტიკური იუმორის გრძნობა აქვს და ბაბისთან ერთად მშვენიერი დუეტი შექმნა. ამ მიმართულებით გრძელდება მუშაობა და დუეტს განსაკუთრებულ სახეს მივცემთ. რადიოს კიდევ ერთი საინტერესო სეგმენტია სამშაბათს და ხუთშაბათს, - ღამის ეთერში თეა დარჩია თავისი არაორდინარული და საინტერესო სტუმრებით ერთვება. პირდაპირ ეთერში ისინი ''ლაივებს'' მართავენ. კაფე ამის საშუალებას იძლევა. ჰოდა, ვისაც კლუბში წასვლა ეზარება, შეუძლია, ამ ყველაფერს სახლში პირდაპირ ლაივსტრიმით უყუროს.

- რა სეგმენტის დამატებას აპირებ?

- რადიო წავა შოუებისა და ივენთების მიმართულებით. გპირდებით, რომ ეს რადიოსადგური ყველაზე მეტ ივენთს მოაწყობს.

- მოვისმენთ თუ არა რადიოში შენს ხმას?

- ჯერ ბევრი რამ მაქვს გასაკეთებელი და ამ წუთას არ არის იმის ფუფუნება, რომ ეთერით დავტკბე. როგორც კი შიდა მენეჯერული ამბები აეწყობა, შემდეგ მეც გავაკეთებ გადაცემას, იმიტომ რომ საშინლად მომენატრა ეთერში ყოფნა.

ლალი ფაცია

AMBEBI.GE

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება