გაიცანით ქართველი გოგონა, რომელმაც საქართველოს დროშა მსოფლიოს უდიდეს მარილის ტბაზე აღმართა

გაიცანით ქართველი გოგონა, რომელმაც საქართველოს დროშა მსოფლიოს უდიდეს მარილის ტბაზე აღმართა

ბოლივიაში, მსოფლიოს უდიდეს მარილის ტბაზე, სალარ-დე-უიუნზე, ზღვის დონიდან 3,656 მეტრზე საქართველოს დროშა ფრიალებს... ვინ არის ქართველი გოგონა, რომელმაც საქართველოს დროშა სამხრეთ ამერიკაში აღმართა და რას ყვება ამ ძალიან ემოციურ მომენტზე - მზევინარ ტოფაძე AMBEBI.GE-ს ბოლივიიდან ესაუბრება:

- წარმოშობით დასავლეთ საქართველოდან ვარ. სკოლის დამთავრების შემდეგ სწავლა ქუთაისში, აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში გერმანული ენისა და ინფორმატიკის სპეციალობით გავაგრძელე. ჩემი სტუდენტობა ძალიან რთულ პერიოდს დაემთხვა... უშუქობა, უგაზობა, უმუშევრობა, უნივერსიტეტის გაყინული აუდიტორიები, მახსენდება გრძელი, ბნელი და უიმედო ღამეები. ბევრი ჩემი თანატოლი მაშინ მხოლოდ ქვეყნის დატოვებაში ხედავდა ერთადერთ გამოსავალს. ასე რომ, 2005 წელს, უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ გადავწყვიტე ცოტა ხნით ქვეყნიდან წასვლა. რადგან უნივერსიტეტში გერმანული ენის განხრით ვსწავლობდი, არჩევანი გერმანიაზე შევაჩერე. თავდაპირველად იქ ვმუშაობდი და პარალელურად ენის კურსებზე დავდიოდი. მალე ჩემთვის ცხადი გახდა, რომ ეს ქვეყანა პიროვნული ზრდისა და განვითარების ბევრ შესაძლებლობას მთავაზობდა და მეც შევეცადე ეს შესაძლებლობები მაქსიმალურად გამომეყენებინა.

- რა პროფესიის ხართ?

- გერმანიაში სამწლიანი პროფესიული განათლება მივიღე. ექიმის ასისტენტი ვარ... სამი წლის განმავლობაში ვსწავლობდი მაქს ვებერის სახელობის პროფესიულ კოლეჯში და ვმუშაობდი ერთ-ერთ კერძო ტრავმატოლოგიურ ამბულატორიაში. 2013 წელს, მაქს ვებერის სახელობის პროფესიული კოლეჯის დასრულების შემდეგ, დიდი სურვილი მქონდა გერმანიაში უმაღლესი განათლებაც მიმეღო. იმავე წელს ჩავირიცხე ფრაიბურგის კათოლიკურ უივერსიტეტში (სპეციალობით სოციალური მუშაკი). სწავლის პარალელურად ვმუშაობდი ნევროლოგიურ-ფსიქიატრიულ ამბულატორიაში ექიმის ასისტენტად. აგრეთვე, დამატებით ვმუშაობდი ჩემს უნივერსიტეტში ინტერნაციონალური სტუდენტების კოორდინატორად.

- მზევინარ, საინტერესოა როგორ აღმოჩნდით მექსიკაში?

- მსურდა გერმანიის გარდა კიდევ სხვა ქვეყნებში მიმეღო პროფესიული გამოცდილება და განათლება. ძალიან მაინტერესებდა ლათინო-ამერიკული ქვეყნები. ამ მიზნით პირველი კურსიდანვე შევუდექი ესპანური ენის სწავლას. მეხუთე სემესტრამდე შევძელი ყველა იმ წინაპირობის დაკმაყოფილება, რაც საჭიროა გაცვლითი სემესტრის პროგრამაში მონაწილეობისათვის. ინტერნეტის საშუალებით სამხრეთ მექსიკაში, კერძოდ ჩიაპაში, მოვიძიე პრაქტიკის ადგილი. ეს გახლდათ ერთ-ერთი სოციალური დღის ცენტრი, რომელიც განათლების მიღებაში ეხმარება ქუჩაში მომუშავე და სოციალურად დაუცველ ბავშვებსა და მოზარდებს. ძირათადად ამ დღის ცენტრში ეთნიკური წარმოშობის ინდიელ ბავშვებთან და მოზარდებთან ერთად ვმუშაობდი სხვადასხვა საგანმანათლებლო პროექტზე.

ნახევარი სემესტრის მანძილზე უნივერსიტეტმა დამინიშნა სტიპენდია, რომელიც საყოფაცხოვრებო ხარჯებს ანაზღაურებდა.

მექსიკაში ჩემი ცხოვრება იმდენად საინტერესო და მრავალფეროვანი იყო, რომ პრაქტიკის დასრულების შემდეგ ლათინური ამერიკის სხვა ქვეყნებში მუშაობის, ცოდნის შეძენისა და თვალსაწიერის გაფართოების სურვილიც გამიჩნდა.

ფრაიბურგის უნივერსიტეტი ჩილეს უნივერსიტეტთან თანამშრომლობს. ამ ფაქტმა შესაძლებლობა მომცა, მექსიკის შემდეგ პირდაპირ ჩილეში, კერძოდ კი ვალპარაისოს უნივერსიტეტში გამეგრძელებინა სწავლა. ენის გამოცდა წარმატებით ჩავაბარე და ნახევარი სემსტრის მანძილზე დამენიშნა სტიპენდია, რომელიც მინაზღაურებდა იქ ცხოვრებისა და სწავლის ხარჯებს. ჩილეში სწავლის დამთავრების შემდეგ, გადავწყვიტე მემოგზაურა ლათინური ამერიკის სხვა ქვეყნებში.

- გვიამბეთ დროშის აღმართვის შესახებ... საიდან გაჩნდა ეს იდეა და რამდენად რთული იყო განხორციელება?

- ჩრდილოეთ ჩილეში შემთხვევით შევხვდი ჩემს მექსიკელ კურსელსა და მის მეგობარს. ბოლივიაში ერთად წავედით და ასე მოვხვდით მსოფლიოს უდიდეს მარილის ტბაზე, სალარ-დე-უიუნზე. აქ არის მსოფლიო ლითიუმის მარაგის 50-70%... საოცარი სანახავია ეს ადგილი! მარილის ტბას გარს აკრავს ბოლივიის ნაციონალური პარკი. აქ ნახავთ სხვადასხვა ფერის ტბებს, გეიზერებს, ვარდისფერ ფლამინგოებს და ბუნებაში თავისუფლად მონავარდე ალპაკებს. სალარ-დე-უიუნზე არის ერთი სტენდი, სადაც აღმართულია მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის დროშები. თეთრი მარილის კრისტალების ფონზე, ძალიან ლამაზი სანახავია ეს სხვადასხვა ფერის მოფრიალე, ფერადი დროშები. აქ ტურისტები ცდილობენ თავიანთი ქვეყნის დროშა იპოვონ. ჩემმა თანამგზავრებმა მექსიკისა და ჩილეს დროშები იპოვეს. ამ იმედით მეც ორი წრე შემოვუარე იქაურობას, რუსეთის დროშას გვერდი ჩავუარე და სამწუხაროდ, ჩვენი დროშა ვერსად ვიპოვე….. გული დამწყდა, რომ საქართველოს დროშა თან არ მქონდა.

მაშინ ვიფიქრე, რომ თუ მომავალში ამ ქვეყანაში დაბრუნება მომიწევდა, აუცილებლად წამოვიღებდი ჩვენი ქვეყნის დროშას და აღვმართავდი. გერმანიაში დაბრუნების შემდეგ, სწავლა ჩვეულებრივ მეექვსე სემესტრიდან გავაგრძელე. ჩემი ვარაუდით, მეშვიდე სემესტრში უკვე ყველა გამოცდიდან თავისუფალი უნდა ვყოფილიყავი. ამას ისიც დაერთო, რომ იმავე წელს ჩემმა უნივერსიტეტმა ხელშეკრულება გააფორმა ბოლივიის დედაქალაქის, ლასაიეს უნივერსიტეთან. ეს რომ გავიგე, ჩემი საბუთებით ისევ საერთაშორისო ოფისის გაცვლითი პროგრამების კოორდინატორს მივადექი და განაცხადი ისევ გაცვლით სემესტრსა და სტიპენდიაზე შევიტანე.

ჩემი ბოლივიაში წასვლა სტიპენდიაზე იყო დამოკიდებული, რადგან როგორც სტუდენტი საკუთარი ხარჯებით ვერ შევძლებდი იქ სწავლის და ცხოვრების ხარჯების დაფარვას. სამ კვირაში უკვე ბადენვურთემბერგის ფონდიდან ბოლივიაში სწავლისა და ცხოვრების ხარჯების ანზღაურების შესახებ წერილი მივიღე. საოცარი სიხარულის განცდა დამეუფლა, ისეთი შეგრძნება მქონდა თითქოს მარილის ტბაზე დროშის აღმართვის შესახებ საკუთარ თავთან დადებულ პირობას შევასრულებდი.

ბოლივიაში ახალშეძენილ მეგობრებს ვკითხე, მესაჭიროვებოდა თუ არა დროშის აღსამართად სპეციალური ნებართვა. ასეთი ნებართვის აღება საჭირო არ იყო. მთავარი იყო დროშის აღსამართი თავისუფალი ადგილი მომეძებნა. მეგობარმა დროშის ღერძი მაჩუქა და მეც 11 აპრილს დროშის აღსამართად სალარ-დე-იუნზე გავემგზავრე.

იქ რომ მივედით, თითქოს გამზადებულივით დამხვდა დროშისთვის ერთი თავისუფალი ადგილი. თან დროშას საქართველოს სახელი დავაწერე. ლათინური ამერიკის ქვეყნებში ბევრს არ სმენოდა საქართველოს შესახებ, ან თუ იცოდნენ ფიქრობდნენ, რომ ეს იყო რუსეთის ნაწილი.

მართლაც სასიამოვნო შეგრძნებაა, როცა მსოფლიოს უდიდეს მარილის ტბაზე, რომელსაც უამრავი ტურისტი სტუმრობს, შენი ხელით აღმართული საქართველოს დროშა ფრიალებს.

- საქართველოსთან დაკავშირებით რა სამომავლო გეგმები გაქვთ?

- ჩემი დიდი სურვილია ვიმუშავო საქართველოსა და გერმანიას შორის თანამშრომლობის ფარგლებში შემუშავებულ სოციალურ პროექტებზე. შევქმნა და განვავითარო სხვადასხვა სოცილური პროექტები. აქედან გამომდინარე შევარჩიე ჩემი საბაკალავრო ნაშრომის თემაც, რომელიც საქართველოში ქუჩის ბავშვების პრობლემას ეძღვნება. მინდა განვავითარო კონცეპტი საქართველოში არსებულ დღის ცენტრებზე, რომლებიც ქუჩის ბავშვებს ემსახურებიან. ბაკალავრიატში სწავლის დასრულების შემდეგ, 2018 წლის ზამთრის სემესტრიდან მინდა სწავლა გავაგრძელო მაგისტრატურაში, საერთაშორისო მიგრაციისა და ინტერკულტურული ურთიერთობების სპეციალობით.

სწავლის დასრულების შემდეგ, თუ ჩემ ქვეყანას გამოადგება ჩემი გამოცდილება და მომცემს დასაქმების საშუალებას, ვფიქრობ, რომ დიდი სიამოვნებით ვიმუშავებ საქართველოში.

მანანა გაბრიჭიძე

AMBEBI.GE

"დაგანგრევთ სუყველას, ლიბერალებო" - მეუფე სტეფანე

"როდესაც ვხედავთ განსაცდელს, გვავიწყდება, რომ ყველა გარემოება ადამიანის ცხოვრებაში, შეიძლება იყოს გამოცდილების მომტანი" - მეუფე შიო

რუსთავის ავტობაზრობაზე ხანძარია - როგორია ვითარება ადგილზე