7 მაისს 7 საათზე რუსთაველის თეატრის მცირე დარბაზში ინკლუზიური სპექტაკლი გაიმართება. "ლეგენდა მედეაზე", რომელშიც 16 ბავშვი და მათ შორის, 14 შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირი მონაწილეობს, სცენაზე ხვალ პირველად დაიდგმება. რეჟისორის მიზანია, საზოგადოებას შშმ პირების შესაძლებლობები დაანახოს და მიახვედროს, რომ მათ ნამდვილი ხელოვნების შექმნა შეუძლიათ.
"5 თვეა ვმუშაობთ სპექტაკლზე "ლეგენდა მედეაზე". ეს არ არის ევრიპიდეს "მედეა". სცენარი რეჟოსორის ხედვაზეა მორგებული და ორგინალთან შედარებით ცოტა გადასხვაფერებულია. ამ ბავშვებთან თანამშრომლობის გამოცდილება უკვე გვაქვს. შარშანაც დავდგით მათი მონაწილეობით სპექტაკლი "მოგზაურობა"," - განმარტავს რეჟისორის ასისტენტი გიორგი მიქაბერიძე.
მიქაბერიძის განმარტებით, ბავშვები ძალიან მოტივირებულები არიან და საქმეს დიდი პასუხისმგებლობით ეკიდებიან. მათ ძალიან დიდი ემოციური კავშირი აქვთ თეატრთან. შშმ ბავშვების ნაწილი სხვა სცენაზეც თამაშობს და თავს უკვე ჩამოყალიბებულ მსახიობად თვლის, ნაწილს კი უნდა პროფესიონალ მსახიობად ჩამოყალიბდეს.
"მათთან მუშაობა ძალიან საინტერესოა. ამ ბავშვებს თავისებური სამყარო აქვთ. ძალიან ინდივიდუალურები არიან. მუშაობის პროცესი სტანდარტული არაა და ჩვენ ეს ძალიან მოგვწონს. ამიტომაც ვაგრძელებთ მუშაობას. ჩვენი მიზანია მათი მონაწილეობით ნამდვილი ხელოვნების შექმნა. არ გვინდა, ამ ბავშვების უბრალოდ საზოგადოებისთვის წარმოჩენა. ბევრი ფიქრობს, რომ მათი ინტეგრაციისთვის მხოლოდ სცენზაე დგომა და უბრალო ზეიმების ჩატარება საკმარისია. რეალურად კი ეს ასე არაა. ჩვენ მათი მონაწილეობით ხელოვნებას ვქმნით," - დაამატა მიქაბერიძემ.
სპექტაკლში მონაწილე ყველაზე პატარა ბავშვი 13 წლისაა, ყველაზე დიდი კი - 25 წლის. მათი მონაწილეობით ახალი სპექტაკლების დადგმაც იგეგმება. 7 მაისს კი მაყურებელს რუსთაველის თეატრის მცირე 270 კაციან დარბაზში ელოდებიან. პრემიერაზე დასწრება თავისუფალია და ნებისმიერ მსურველს შეუძლია მისვლა. დარბაზის ნახევარი სამთავრობო თუ კერძო ორგანიზაციების წარმომადგენლებს დაეთმობათ, რომლებსაც მოსაწვევები დაურიგდათ.
ნანა მღებრიშვილი
AMBEBI.GE