პარლამენტმა მესამე მოსმენით "შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ" პროექტი და მისი თანმდევი კანონპროექტები მიიღო.
საუბარია საკანონმდებლო პაკეტზე, რომელიც შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის სფეროში ახალ რეგულაციებს ამკვიდრებს. პროექტის ავტორები პარლამენტის წევრები მირიან წიკლაური და დიმიტრი ხუნდაძე არიან.
პროექტით შემოღებულია ასაკობრივი ცენზი - კანონპროექტის მიხედვით, მაქსიმალური სხვაობა გასაშვილებელ ბავშვსა და მშვილებელს შორის 49 წელია. არის ნასამართლობასთან დაკავშირებული შეზღუდვები - გარკვეული მუხლებით ნასამართლევ ადამიანებს, თუნდაც მათ მოხსნილი ჰქონდეთ ნასამართლობა, ბავშვის შვილად აყვანის უფლება არ ექნებათ.
ამასთან, საქართველოში შვილად აყვანის მსურველი პირების მიერ სავალდებულო იქნება სპეციალური მოსამზადებელი კურსის გავლა, რაც მიზნად ისახავს შვილად აყვანის მსურველ პირთა მიერ ბავშვის სრულფასოვანი განვითარებისთვის საჭირო უნარ-ჩვევების შეძენას. სავალდებულო მოსამზადებელი კურსის გავლის შემდეგ, კურსის გავლის დამადასტურებელი დოკუმენტი - სერტიფიკატი გაიცემა.