წინასაგამოცდო კოშმარი მეტ-ნაკლებად ყველასთვის ნაცნობია: კანკალი, სველი და ცივი ხელისგულები, შეგრძნება, თითქოს ყველაფერი დაგავიწყდა... იმავეს განიცდიან მძღოლები მართვის მოწმობის ასაღებად ჩასაბარებელი გამოცდის წინ, ახალბედა ქირურგები პირველი დამოუკიდებელი ოპერაციის წინ, მსახიობები სცენაზე გასვლის წინ, პოტენციურ დამსაქმებელთან გასაუბრებაზე მისული ადამიანები...
საინტერესოა, რომ საგამოცდო სტრესთან ბრძოლა ყველასთვის პრობლემას როდი წარმოადგენს - ზოგიერთს ეს დაძაბულობა, პირიქით, ხელს უწყობს ძალების მობილიზებასა და გამოცდების წარმატებით ჩაბარებაში. როგორ მოვემზადოთ გამოცდებისთვის და რა უნდა გაითვალისწინონ მშობლებმა? - ამის შესახებ ფსიქოლოგი ნანა აღაპიშვილი გვესაუბრება.
- ქალბატონო ნანა, გამოცდების პერიოდში ახალგაზრდები მეხსიერების დაქვეითებას უჩივიან. ეს არადამაჯერებელი, ზედაპირული ცოდნის ბრალია თუ სტრესულ სიტუაციაში რაიმე განსაკუთრებული პრობლემა შეიძლება შეექმნას ადამიანს, თუნდაც უკვე ნასწავლი, ათვისებული მასალის გადმოცემის თვალსაზრისით?
- ორივე მიზეზი დასაშვებია. ძალიან მნიშვნელოვანია ის, რაც ბრძანეთ დამაჯერებლობის თაობაზე. როდესაც ადამიანს მაღალი ან ადეკვატური თვითშეფასება აქვს, უფრო თავდაჯერებულია და ცოდნის წარმოჩენაც უფრო მეტად უადვილდება. ადამიანს, რომელსაც დაბალი თვითშეფასება აქვს, შესაძლოა მეტი ცოდნა ჰქონდეს, მაგრამ სიმორცხვის, თავდაჯერების ნაკლებობის გამო ვერ წარმოაჩინოს.
ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია სტრესული ზეწოლა. მართლაც საშინელ წნეხს განიცდიან მოზარდები, რომელთაც უმაღლეს სასწავლებელში მისაღები გამოცდები აქვთ ჩასაბარებელი. მათ, თავისთავად ცხადია, უამრავი მასალის ათვისება სჭირდებათ, ამასთან, გადასაჭრელი აქვთ ძალიან მნიშვნელოვანი ამოცანა - გამოცდები წარმატებით უნდა ჩააბარონ, რათა დაფინანსება მიიღონ. ბუნებრივია, მშობლებიც იმავეს მოითხოვენ მათგან.
ახალგაზრდებს უჩნდებათ განსაკუთრებული მზაობა, რაც შეიძლება უკეთ ისწავლონ, აითვისონ დიდი მასალა, რათა გამოცდები წარმატებით ჩააბარონ. ყოველივე ამით გამოწვეული სტრესი გავლენას ახდენს მეხსიერებაზე, იწვევს დაბნეულობას, უყურადღებობას, გონებაგაფანტულობას. თუმცა ყველაზე ამის თქმა არ შეიძლება; პირიქით, ზოგისთვის სტრესი მამობილიზებელ ფაქტორად იქცევა. ასე რომ, მზა ფორმულა, რომელსაც ყველას მივუსადაგებდით, არ არსებობს, წინასაგამოცდო სტრესი ყველა ადამიანში თავისებურად ვლინდება წაიკითხეთ გაგრძელება