ჯავახიშვილის ქუჩაზე მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით გამოძიება ორი მუხლით მიმდინარეობს.
როგორც "ინტერპრესნიუსს" შსს-ს პრესსამსახურში განუცხადეს, საქმე სსკ-ის 108-ე (განზრახ მკვლელობა) და 236-ე (ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა) მუხლებით აღიძრა. მათივე ინფორმაციით, ამ დროისთვის ინტენსიური სამძებრო ღონისძიებები მიმდინარეობს.
თბილისში, ჯავახიშვილის ქუჩაზე ახალგაზრდა მამაკაცს საკუთარ ავტომობილში ცეცხლი გაუხსნეს. დაჭრილი საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა.
როგორც "ინტერპრესნიუსს" შემთხვევის ადგილზე თვითმხილველებმა განუცხადეს, 26 წლის მამაკაცი ჯავახიშვილის ქუჩის მცხოვრები იყო. მათივე თქმით, ავტომობილს, რომელსაც მამაკაცი მართავდა, სხვა ავტომობილმა გზა გადაუჭრა, საიდანაც ცეცხლი გახსნეს.
სავარაუდოდ, მამაკაცს 4 ჭრილობა აქვს მიყენებული. თვითმხილველთა განცხადებით, დაჭრილი მამაკაცი ინგოროყვას კლინიკაში გადაიყვანეს, თუმცა ის საავადმყოფოში გარდაიცვალა.
ჯავახიშვილის ქუჩაზე ამ წუთებში ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ. გადაკეტილია გზა. მომხდართან დაკავშირებით ჯერჯერობით შინაგან საქმეთა სამინისტროში კომენტარს არ აკეთებენ.