მთავრობასა და პარლამენტს შორის კონსულტაციების შედეგად, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში თამბაქოს მოწევის აკრძალვა 1 წლით გადავადდა და 2018 წლის 1-ელი მაისიდან ამოქმედდება. ამის შესახებ ჟურნალისტებს თამბაქოს მოხმარებასთან დაკავშირებულ საკანონმდებლო პაკეტის ინიციატორმა, დეპუტატმა გუგული მაღრაძემ განუცხადა.
"დღეს მეორე მოსმენით გადის კანონპროექტი თამბაქოს კონტროლის შესახებ. მთავრობასთან გვქონდა მთელი ერთთვიანი კონსულტაციები და მივედით გარკვეულ კონსენსუსამდე, რასაც, ასე ვთქვათ, დავთმობთ, ეს არის ვადები. ერთ წელს ვაძლევთ და 2018 წლის 1-ელი მაისიდან საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში აიკრძალება მოწევა. გარდა ამისა, თვითონ პარლამენტის წევრებისგან იყო შენიშვნები სადა შეფუთვის შესახებ, რომელსაც ჩვენ ვიზიარებთ და ასევე, დავუშვით, რომ მოწევა ნებადართული იქნება კაზინოებში და სიგარბარებში, სერიოზული ლიცენზირების პირობებში",- განაცხადა გუგული მაღრაძემ.
დეპუტატ გუგული მაღრაძის ინიციატივაა, რომ ოფისებში თამბაქოს მოხმარების აკრძალვა ძალაში შევიდეს 2017 წლის 1-ელი სექტემბრიდან, ვინაიდან მათ არანაირი მომზადება არ სჭირდებათ.
ამასთან, როგორც გუგული მაღრაძემ ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე დღეს დილით განაცხადა, ისეთი ფილმების ჩვენების წინ, რომელშიც სიგარეტს ეწევიან, უსათუოდ უნდა იყოს სარეკლამო რგოლი ან გაფრთხილება იმის შესახებ, თუ რა დამაზიანებელი ეფექტი აქვს თამბაქოს მოწევას.
როგორც გუგული მაღრაძემ აღნიშნა, ძალიან დიდი აჟიოტაჟი იყო იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ უნდა მოხდეს ფილმებში სიგარეტის მოწევის აკრძალვა.
"ერთადერთი, რაც აუცილებელი იყო არის ის, რომ რაღაცნაირად გავლენა ფილმებში მოცემული მოწევისა, როგორც დადებითი მოდელი ქცევისა, თავიდან აგვერიდებინა. იმიტომ, რომ მხატვრულ ფილმებში დადებითი ნიმუშების ჩვენების შედეგად დიდია გავლენა განსაკუთარებით ახალგაზრდობის განწყობებზე და ამან შეიძლება ახალგაზრდებში მოწევის მიმართ დადებითი განწყობის ჩამოყალიბებას ხელი შეუწყოს. როდესაც სიმპათიური ახალგაზრდა ადამიანები ძალიან მოხდენილად ეწევიან, ეს შეიძლება მიღებულ იქნას, როგორც მისაღები ქცევა. ჩვენ შევთანხმდით, რომ რადგანაც ეს შეიძლება ესთეტიკურად და ტექნიკურადაც არ იყოს ადვილი განსახორციელებელი, ჩვენ ჩავდეთ ასეთი მოთხოვნა, რომ ასეთი ფილმების ჩვენების წინ უსათუოდ უნდა იყოს სარეკლამო რგოლი ან გაფრთხილება იმის შესახებ, თუ რა დამაზიანებელი ეფექტი აქვს თამბაქოს მოწევას. ასე რომ, ეს ამბავიც გავითვალისწინეთ", - განაცხადა მაღრაძემ.