ქალაქ ზუგდიდის საკრებულოს აპარატის უფროსი გრიგოლ მიქავა მეორედ დააკავეს. შსს-ში ადასტურებენ ინფორმაციას, რომ ის ამ დრომდე დაკავებულია, თუმცა სხვა დეტალებზე არ საუბრობენ.
არსებული ინფორმაციით, მიქავა სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა წუხელ დააკავეს, დღეს დილით კი გაათავისუფლეს. ცოტა ხნის წინ საპატრულო პოლიციამ ის ხელახლა დააკავა და ამ დროისთვის ისევ საექსპერტო-კრიმინალისტიკურ დეპარტამენტშია გადაყვანილი.
გამოძიება "ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის" 45-ე მუხლით მიმდინარეობს.
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 45-ე მუხლი გულისხმობს ნარკოტიკული საშუალების მცირე ოდენობით უკანონოდ შეძენას ან შენახვას გასაღების მიზნის გარეშე, ანდა ნარკოტიკული საშუალების მოხმარებას ექიმის დანიშნულების გარეშე და იწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით ან, გამონაკლის შემთხვევებში, თუ საქმის გარემოებებისა და დამრღვევის პიროვნების გათვალისწინებით ამ ზომის გამოყენება არასაკმარისად ჩაითვლება, - ადმინისტრაციულ პატიმრობას 30 დღემდე ვადით.