მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ თამარისში, საბავშვო ბაღის ტერიტორიაზე ქვეწარმავალი იპოვეს. როგორც ადგილობრივები აცხადებენ, ბაღის მიმდებარე ტერიტორიაზე წლების წინ ფერმა იყო. ისინი ქვეწარმავლების სიმრავლეს სწორედ ამ ფაქტს უკავშირებენ.
თამარისის მოსახლეობის თქმით, რამდენიმე წლის წინ გველი ბაღის შენობაშიც ნახეს და მაშინ მარნეულის გამგეობამ ჰერპეტოლოგების დახმარებით შენობა შეწამლა, ჩატარდა საძირკვლისა და შენობის იატაკის გამაგრებითი სამუშაოები, იატაკზე მოხდა სპეციალური დამცავი ბადის დატანება.
მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგეობაში აცხადებენ, რომ უსაფრთხოების დაცვის მიზნით, თამარისის საბავშვო ბაღი რამდენიმე დღით დაიკეტება და სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდება.