გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი გიგლა აგულაშვილი ვარაუდობს, რომ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს ხანძრით განადგურებული ტყის მასივის ნერგებით დაფარვა 3-5 წელიწადში დასრულდება.
როგორც აგულაშვილმა "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, ამის შემდეგ, ასევე, 3-5 წელიწადი უნდა გაგრძელდეს მოვლის ღონისძიებები, რათა ბუნებრივი განვითარების პროცესი წარიმართოს. აგულაშვილის თქმით, ბორჯომის ტყის მასივის აღდგენის სამუშაოები წლებია მიმდინარეობს როგორც გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს და სატყეო სააგენტოს, ისე რამდენიმე დონორი ორგანიზაციის მიერ. ამასთან, ბოლო პერიოდში პროცესში აქტიურად ჩაერთო კერძო სექტორი.
"დაახლოებით 100 ჰექტარი ტყე უკვე აღდგენილია. იქვე მოეწყო სანერგე მეურნეობაც. პროექტის ფარგლებში დასაქმდა ადგილობრივი მოსახლეობა. რამდენიმე სკოლაში შეიქმნა ეკოკლუბები. ახლა კომპანია "თრიფექსთან" და ბიზნესასოციაციასთან თანამშრომლობით, კერძო სექტორის, ფიზიკური და იურიდიული პირების ჩართულობით იგეგმება, რომ მთელი ეს სატყეო ფართობი, რაც დაიწვა (თითქმის 1000 ჰექტრამდე) მთლიანად აღდგეს. ჯერჯერობით, ახალი დაწყებულია კერძო სექტორის ჩართულობა, მაგრამ უკვე ჩანს, რომ კარგად უნდა განვითარდეს პროცესი. რა თქმა უნდა, ეს არ არის ერთი, ორი ან თუნდაც ათწლიანი პროცესი. ტყის მასივის სრულ აღდგენას და რეაბილიტაციას, დიდი ხანი დასჭირდება. ეს ძალიან გრძელვადიანი პროექტი იქნება იმისთვის, რათა საბოლოო ჯამში აღდგეს ის ეკოსისტემა, რაც ბორჯომში იყო. მე ვფიქრობ, ასე თუ გაიშალა ფრონტი, როგორც ახლა იგეგმება და კერძო ბიზნესი აქტიურად ჩაერთო, მხოლოდ გაშენებას (და ეს არ არის მთავარი, შემდეგ მოდის მოვლის ღონისძიებები) - მთლიანად ნერგებით დაფარვას - შეიძლება, 3-5 წელიწადი დასჭირდეს. შემდეგ, ასევე, 3-5 წელიწადი - მოვლას, რომ ეს ყველაფერი მდგრადად ჩამოყალიბდეს და ბუნებრივი განვითარების შესაძლებლობა მიეცეს", - განაცხადა აგულაშვილმა.
მინისტრი ინფორმაციით, დარგული ნერგების გახარების მაჩვენებელი ძალიან მაღალია - დაახლოებით 80%. ირგვება როგორც წიწვოვანი, ისე ფოთლოვანი მცენარეები, და ადგილობრივ სახეობებს, ახლებიც დაემატება.
შეგახსენებთ, რომ 2008 წელს რუსეთ-საქართველოს შეიარაღებული კონფლიქტის დროს, ხანძრის შედეგად ბორჯომის ხეობაში 950-მდე ჰა ფართობი დაზიანდა, აქედან 250 ჰექტარი სრულად განადგურდა.