მოსკოვსა და კიევში, სანდო წყაროებზე დაყრდნობით, გამოცემა "კომერსანტი" იუწყება, რომ რუსეთისა და უკრაინის პრეზიდენტები ერთმანეთთან საიდუმლოდ ტელეფონით საუბარს განაგრძობენ იმის მიუხედავად, რომ ოფიციალურ დონეზე ორი ქვეყნის წარმომადგენლები ერთმანეთს მკაცრ ბრალდებებს უყენებენ, კიევში კი რუსეთს აგრესორ ქვეყნად მოიხსენიებენ.
გამოცემის ინფორმაციით, ბოლო ასეთი საუბარი აპრილის პირველ ნახევარში გაიმართა და დონბასში არსებულ ვითარებას შეეხო. საუბარი 20 წუთის განმავლობაში გაგრძელდა და უკრაინის ინიციატივით შედგა.
"კომერსანტს" წყარომ მოსკოვში განუცხადა, რომ საუბარი გაიმართა "პატივსაცემ, კორექტულ ვითარებაში", რა დროსაც პრეზიდენტები პერიოდულად გადადიოდნენ ირონიულ-ხუმრობის ტონზე. როგორც წყარო აცხადებს, პრეზიდენტები იძულებულები არიან იხუმრონ, რათა არ იჩხუბონ და ერთმანეთს მკვეთრად არ მიმართონ.
გამოცემის ინფორმაციით, ამ საუბრისას პეტრო პოროშენკო და ვლადიმერ პუტინი ზოგიერთ ჰუმანიტარულ ასპექტს შეეხნენ. "კომერსანტს" პოროშენკოსთან დაახლოებულმა პირმა კიევში განუცხადა, რომ ისაუბრეს დონბასში საკვები პროდუქტების, წყლისა და ელექტროენერგიის მიწოდებაზე, ასევე უკრაინული პენსიების მიწოდებაზე არაღიარებული რესპუბლიკების მცხოვრებლებისთვის. წყაროს ინფორმაციითვე, პოროშენკომ რუსეთის ლიდერი გააფრთხილა, რომ თუკი დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკები არ გადაიხდიან დავალიანებას ელექტროენერგიაზე, უკრაინა მიწოდებას შეუწყვეტს.
"კომერსანტი" ასევე იუწყება, რომ მიმდინარე წლის პირველ ორ თვეს პოროშენკოსა და პუტინს შორის ოთხი სატელეფონო საუბარი გაიმართა.