ნინო ელიავა ერთ-ერთი პირველი იყო, რომელმაც საქართველო მსოფლიო მოდის ინდუსტრიას გააცნო და ახლა წარმატებული ქართველი ქალბატონია, საქმიანობა 16 წლის ასაკში, ჯერ კიდევ სტუდენტობისას, დაიწყო.
რუსეთში მცხოვრები ახალგაზრდა გოგონა საბაკალავრო პროგრამაზე სწავლობდა და პარალელურად, ჟურნალისტად მუშაობდა. შემდეგ იყო ლონდონი, სამაგისტრო კურსი და მოდის ჟურნალში მუშაობა. დაახლოებით 6 წლის წინ კი გადაწყვიტა, შეექმნა ტანსაცმლის ონლაინ მაღაზია, რომელიც განსაკუთრებულ ბრენდებს გააერთიანებდა და შეკვეთის მიწოდებას მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში შეძლებდა. ლონდონისთვის აქ უჩვეულო არაფერია, თუმცა თბილისში მსგავსი პრაქტიკა არ არსებობდა და ახალგაზრდა გოგონას იდეა ცოტა სარისკოდაც ჩანდა. ამიტომაც იმ პერიოდში ბევრი ეჭვის თვალით უყურებდა ნინოსა და მისი პარტნიორების პროექტს. თვლიდნენ, რომ ამას ვერ შეძლებდნენ და თბილისში ამ იდეის განხორციელება უბრალოდ დიდი გამოწვევა იყო.
საქმე კი სულ სხვანაირად განვითარდა. ნინომ ორ პარტნიორთან - ანა მოქიასა და თამარ ბოლოთაშვილთან ერთად ჩამოაყალიბა ონლაინ-პლატფორმა, რომლის საშუალებითაც ახალბედა დიზაინერები არა მხოლოდ ყიდიან საკუთარ პროდუქციას, არამედ თავს ფართო აუდიტორიას აცნობენ.
”საქართველოში უკვე მოფიქრებული და ჩამოყალიბებული იდეით ჩამოვედი. მანამდე მოდის ჟურნალისტი და ფოტოგრაფი ვიყავი და მიმაჩნია, რომ ეს მაღაზია ჩემი საქმიანობის ბუნებრივი განვითარება იყო. MORE is LOVE - ის საშუალებით კლიენტს ნებისმიერ წერტილში შეუძლია ჩვენი პროდუქციის მიღება. მაღაზიაში 100-მდე სხვადასხვა ბრენდია წარმოდგენილი.