როგორი უნდა იყოს საინტერესო ინგლისური ენის გაკვეთილი - თანამედროვე პრინციპები

როგორი უნდა იყოს საინტერესო ინგლისური ენის გაკვეთილი - თანამედროვე პრინციპები

სწავლაში ჩადებული ინვესტიცია ყველაზე ფასეულია. სასწავლო უნარ-ჩვევების ჩამოყალიბება ჯერ კიდევ ბაღიდან და სკოლის დაწყებითი საფეხურიდან იწყება. ამიტომაც გადამწყვეტია, როგორ ტარდება გაკვეთილი სკოლაში, საიტერესოა თუ არა ის მოსწავლისთვის, რამდენად არის ჩართული მასში, რა ცოდნა და უნარ-ჩვევები უვითარდება.

უცხო ენის, განსაკუთრებით, ინგლისური ენის ცოდნა თანამედროვე ცხოვრების ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნაა. ამიტომაც ბევრ სკოლაში მის შესწავლას განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა. ასეთ სკოლებს შორის არის ”წმიდა გიორგის სახელობის საერთაშორისო სკოლაც”. აღნიშნული სკოლის ინგლისური ენის კათედრის ხელმძღვანელი - სოფიო გურგენიძე გვთავაზობს რჩევებს, როგორი უნდა იყოს ინგლისურის ენის კარგი გაკვეთილი. ამ ინფორმაციის განზოგადება და სხვა გაკვეთილებზე გათვალისწინებაც შესაძლებელია.

• კარგი გაკვეთილი მოსწავლეთა დაინტერესებით უნდა იწყებოდეს. თუ მოვახერხებთ მოსწავლეებს მოტივაცია გაკვეთილის პირველივე ეტაპზე გავუღვივოთ, ისინი სწავლების პროცესში დიდი ინტერესით ჩაერთვებიან. შესაბამისად, გაკვეთილიც წარმატებული იქნება.

• მასწავლებელი ფასილიტატორი უნდა იყოს. ის მოსწავლეებს ნათელ, გასაგებ ინსტრუქციებს, დავალებებს უნდა აძლევდეს იმისათვის, რომ მათ მთავარი და აქტიური როლი შეასრულონ გაკვეთილის მსვლელობისას. ამისათვის მნიშვნელოვანია წინასწარ დავგეგმოთ გაკვეთილი, სწორად გავიაზროთ გაკვეთილის მიზანი, თითოეული აქტივობა მიზანს მივუსადაგოთ და გავითვალისწინოთ მოსწავლეთა ინდივიდუალური უნარები თუ შესაძლებლობები.

• თანამედროვე ეპოქა ახალ გამოწვევებს სთავაზობს პედაგოგებს, ამიტომაც ოცდამეერთე საუკუნის ტექნოლოგოიების მიზნობრივად გამოყენება სწავლების პროცესში მასწავლებლის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ამოცანაა. ჩვენი მოსწავლეები მეტი ინტერესით ერთვებიან სასწავლო პროცესში და უფრო ეფქტურად იგებენ საკითხს, თუკი მათთვის გასაგები გზით არის მიწოდებული. სწორედ ამიტომ, არ უნდა შევუშინდეთ სწორად და ეფექტურად ტექნოლოგიების გამოყენებას, ვინაიდან ის აუმჯობესებს და საინტერესოს ხდის სასწავლო პროცესს და ამავდროულად, ჩვენს დროსაც ზოგავს.

• გაკვეთილის ინტეგრირება სხვადასხვა საგანთან, მეცნიერებასთან კავშირი მოსწავლეებს უფართოვებს თვალსაწიერს, ზრდის ინტერესს, უვითარებს მრავალფეროვან უნარებს. ინგლისური ენის ინტეგრირებული გაკვეთილზე მოსწავლეს მეტი საშუალება ეძლევა როგორც წერისა და კითხვის, ასევე საუბრისა და მოსმენის უნარის განვითარების.

• ინტერაქტიულობა კარგი გაკვეთილის გადამწყვეტი პირობაა. მოსწავლეები უნდა ვამუშავოთ წყვილებში, ჯგუფებში. მივცეთ მეტი შესაძლებლობა ერთმანეთს გაუზიარონ საკუთარი მოსაზრებები, შეუსწორონ შეცდომები, მისცენ რჩევა-რეკომენდაციები, ისწავლონ ერთმანეთისგან.

• მრავალფეროვანი გაკვეთილი კარგი შედეგის მოტანის ერთ-ერთი გარანტიაა. გარდა თემატური მრავალფეროვნებისა, მნიშვნელოვანია, ხშირად ვცვალოთ აქტივობები, გამოვიყენოთ თანამედროვე მეთოდოლოგია იმისათვის, რომ მოსწავლეებმა უკეთ გაიგონ და გაიაზრონ შესასწავლი მასალა.

• ცხადია, ინგლისური ენის გაკვეთილი აუცილებლად ინგლისურად უნდა ტარდებოდეს. მასწავლებელი უნდა ცდილობდეს მხოლოდ თვითონ კი არა, თითოეული მოსწავლე აამეტყველოს ინგლისურ ენაზე.

• გაკვეთილი პროდუქტიულად ჩაითვლება მაშინ, თუკი მოვახერხებთ და მოსწავლეებს ენის შესწავლისათვის საჭირო ყველა უნარის გავარჯიშების შესაძლებლობას მივცემთ: ჩავრთავ ზეპირმეტყველების განსავითარებელ აქტივობებში, მივცემთ საშუალებას კითხვისა და წერის უნარების გავარჯიშების, ვამუშავებთ ლექსიკურ ერთეულებზე დ ა.შ.

• თამაშები გაკვეთილს სახალისოს ხდის. ეს აუცილებელია, რომ მოსწავლეებს გაკვეთლზე დასწრება არ დაეზაროთ და სწავლის პროცესი სასიამოვნო გახდეს მათთვის. თამაშების ჩართვა მნიშვნელოვანია, როგორც დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებთან, ისე ზედა საფეხურზე. განსაკუთრებით ეფექტურია ბოლო გაკვეთილებზე, როდესაც ბავშვები დაღლილები არიან. თუმცა მხოლოდ თამაშით გაკვეთილის ჩატარება პროდუქტიული არ იქნება.

„რომ შევაჯამოთ, კარგი გაკვეთილის ჩატარების უმთავრესი პირობა მოსწავლეთა ჩართულობაა, რასაც განაპირობებს მუშაობის ფორმების მიზანმიმართული შერჩევა, მოსწავლეთა ინდივიდუალური ინტელექტუალური შესაძლებლობების შესაბამისი აქტივობების გამოყენება. როგორც ჰარვარდის უნივერსიტეტის პროფესორი, პედაგოგიური მეცნიერების ერთ-ერთი საუკეთესო თეორეტიკოსი ჰოვარდ გარდნერი ამბობს: „ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მასწავლებელი თითოეულ მოსწავლეს ინდივიდუალურად მიუდგეს. იგი უნდა ცდილობდეს ბავშვის ხასიათის ამოცნობას და იმის გარკვევას, რით განსხვავდება ერთმანეთისგან მათი ინტელექტუალური შესაძლებლობები. რაც მთავარია, ხელს უწყობდეს მოსწავლეებს მათი შესაძლებლობების ზედმიწევნით ეფექტურად გამოყენებაში.“ შესაბამისად, თუკი შევძლებთ ამ ყველაფრის გათვალისწინებას, უფრო ეფექტურ შედეგებს მიაღწევს თითოული ჩვენი მოსწავლე. ამ ყველაფრის გაანალიზებასა და პრაქტიკაში დანერგვაში ძალიან დამეხმარა ჩვენი სკოლისა და ”ბრიტანეთის საბჭოს” მიერ ჩატარებული ტრეინინგების ექვსთვიანი კურსი. ამის შემდეგ ჩემი გაკვეთილი უფრო პროდუქტიული გახდა. გაკვეთილის ანალიზზე მეტი ფიქრი დავიწყე. მივხვდი, რომ იყო კარგი პედაგოგი, ნიშნავს მუდმივად ვითარდებოდე და თითოეული გაკვეთილის დასრულების შემდეგ საკუთარ თავს უსვამდე შეკითხვას: რას შევცვლიდი დღევანდელი გაკვეთილის შემდეგ უკეთესი შედეგის მისაღწევად? ” - ამბობს ”წმიდა გიორგის სახელობის საერთაშორისო სკოლის” ინგლისური ენის მასწავლებელი სოფო გურგენიძე.

ნანა მღებრიშვილი

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი