ქუთაისი-ზესტაფონის შემოვლით გზაზე, 22 აპრილს მომხდარ შემზარავ ავარიას 6 ადამიანი ემსხვერპლა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ერთმანეთს სამი ავტომობილი შეეჯახა. 5 ადამიანი ადგილზე გარდაიცვალა, ერთი კი - საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ. ცნობილი ხდება, რომ გარდაცვლილთაგან ოთხნი ერთი ოჯახის წევრები იყვნენ - და-ძმა იმედო და ნინიკო გოგმაჩაძეები, მათი მამა ომარი გოგმაჩაძე და იმედო გოგმაჩაძის მეუღლე, დალი დოლიძე, რომელიც 7 თვის ფეხმძიმე იყო. ავტოავარიის ზუსტი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია, თუმცა ვრცელდება რამდენიმე ვერსია. ერთ-ერთი ვერსიით, შემთხვევა ტრაილერის მძღოლის არასწორმა მანევრმა გამოიწვია, თუმცა აღნიშნულ ინფორმაციას ტრაილერის მძღოლი ავთანდილ ქაცარავა უარყოფს. ქაცარავა Ambebi.ge-ს დაუკავშირდა და ავტოსაგზაო შემთხვევის შესახებ დეტალები უამბო:
- ჩემი ყურით მოვისმინე, თითქოს ავარია ჩემი მიზეზით მოხდა... ასევე გავრცელდა ინფორმაცია, რომ თურმე მე ვიღაცას გადავუარე, რაც არასწორია ისედაც ამხელა ტრაგედია ტრიალებს, აქეთ ვარ დაშავებული და ასეთი ინფორმაციის გავრცელება როგორ შეიძლება?
- რა მოხდა შემთხვევის ადგილზე?
- "მერსედესის" მარკის ავტომობილი გადაჭარბებული სიჩქარით მოდიოდა, მან გადამისწრო და საპირისპირო მიმართულებით მოძრავ ჯიპს დაეჯახა. შეჯახების შედეგად დაზიანდა ჩემი ტრაილერიც, გვერდზე გადავარდი და ღვთის წყალობით გადავურჩი ამოტრიალებას. როცა აზრზე მოვედი პატრული მოვიდა, მანქანაში ჩამკეტეს და შემდეგ დაკითხვაზე გადამიყვანეს. არის პოლიციაში მონაცემები, სადაც ჩემი ტორმუზის ანაბეჭდებია აღნიშნული. პატრულის მოსვლის შემდეგ მოვიდა სასწრაფოს და სახანძროს ბრიგადები. მთელი ღამე ქუთაისის პოლიციაში ვიყავი დაკითხვაზე. მივიღე დაზიანებები, ფეხი და ხელი მაქვს დაჟეჟილი. სიკვდილს სასწაულებრივად გადავურჩი, მე არანაირი წვლილი არ მიმიძღვის იმ ავარიაში და მინდა ეს ყველამ გაიგოს.
ფაქტთან დაკავშირებით შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-7 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
თამარ ბოჭორიშვილი
Ambebi.ge
რას ყვება სასწრაფოს ექიმი ქუთაისის შემოვლით გზაზე მომხდარი ავარიის შესახებ