საყოველთაო ჯანდაცვის პროექტის ფარგლებში, 100 000 სარეიტინგო ქულამდე მქონე მოქალაქეებს 5 ძირითადი ქრონიკული დაავადების სამკურნალო პრეპარატები დაუფინანსდებათ, - ამის შესახებ შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ მთავრობის სხდომის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
როგორც დავით სერგეენკომ განმარტა, ეს დაავადებებია: მაღალი არტერიული წნევა; გულის უკმარისობა; კორონალური სისხლძარღვების დაავადება; დიაბეტის მეორე ტიპი, რომელიც ტაბლეტური მკურნალობის ფორმას მოითხოვს; ფილტვების ქრონიკული დაავადებები, როგორიც არის ბრონქიალური ასთმა და ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება; ფარისებრი ჯირკვილის დაავადებები.
"რა თქმა უნდა, მედიკამენტებზე მოთხოვნა მაღალია მაგრამ, ეს ჯგუფი ქრონიკული დაავადების დაახლოებით ამბულატორიული პაციენტების საჭიროების 70%-ს ფარავს", - განაცხადა სერგეენკომ.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტების დაფინანსების კომპონენტი დღეს შევიდა ძალაში, მაგრამ ხელმისაწვდომი იქნება ზაფხულიდან.
"დღეიდან გააქტიურდება საერთაშორისო ტენდერი, რომელიც ჩვეულებრივ თვენახევარს საჭიროებს. ამის შემდეგ ვვარაუდობთ, რომ ორი კვირის განმავლობაში იქნება შემოტანა და დისტრიბუცია. ხაზი მინდა გავუსვა, რომ ამ მედიკამენტებზე ჩვენ დავაწესეთ ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ხარისხის კონტროლის ნიშნული - მედიკამენტები უნდა იყოს ევროკავშირის ქვეყნებში წარმოებული ან თუ სხვა ქვეყნებში, მათ შორის საქართველოშია წარმოებული, მათ უნდა წარმოადგინონ ამ სერიაზე, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ აკრედიტირებული საერთაშორისო ხარისხის კონტროლის ლაბორატორიის სერთიფიკატი. ეს არის, ფაქტობრივად, გარანტირებული დაცვა იმისა, რომ ეს მედიკამენტები იქნება ხარისხიანი. ეს არის ხანგრძლივი პროექტი, რაც არ არის ერთჯერადი აქცია. რაც შეეხება მედიკამენტების ღირებულებას ამ ადამიანებისთვის, ეს იქნება თვეში მაქსიმუმ 1 ლარის ოდენობის გადასახადი", - განაცხადა დავით სერგეენკომ.
რაც შეეხება საყოველთაო პროგრამის ჯუფებსა და დაფინანსების პირობებს, ის შემდეგნაირად განისაზღვრა:
საშუალო შემოსავლის მქონე მოქალაქეებს, რომელთა ყოველთვიური შემოსავალი 1000 ლარზე მეტია, მაგრამ წლიური შემოსავალი არ აღემატება 40 000 ლარს, არჩევანის საშუალება მიეცემათ, ისარგებლონ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის შეზღუდული სერვისებით ან კერძო სადაზღვევო პაკეტით.
გარდა ამისა, ამ კატეგორიაში შემავალი მოქალაქეებისთვის პროგრამის ფარგლებში, კერძო დაზღვევის პაკეტის ქონის მიუხედავად, შეუნარჩუნდებათ ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობა კერძოდ, ქიმიო და ჰორმონოთერაპია. ასევე, მშობიარობა/საკეისრო კვეთის მომსახურება.
დაბალი შემოსავლის მქონე მოქალაქეებს, რომელთა ყოველთვიური შემოსავალი 1000 ლარზე ნაკლებია, ასევე თვითდასაქმებულ, არარეგულარული შემოსავლის მქონე პირებს კერძო დაზღვევის ქონის მიუხედავად, შეუნარჩუნდებათ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით სარგებლობის უფლება, თუმცა მცირედ შეზღუდული პაკეტით. ასევე, მათ მიეცემათ გარდამავალი ეტაპის პრივილეგია, რაც იმას ნიშნავს, რომ თუ ამ კატეგორიაში შემავალი მოქალაქე შეიძენს კერძო სადაზღვევო პაკეტს, პროგრამის ფარგლებში ურგენტული სერვისები მიეწოდებათ უცვლელად. ასევე, ხელმისაწვდომი რჩება ონკოლოგიური დაავადებების მართვა (ქიმიო, ჰორმონო და სხივური თერაპია) და მშობიარობა/საკეისრო კვეთის მომსახურება.
სოციალურად დაუცველ მოქალაქეებს, პირებს რომელთა სარეიტინგო ქულა 70 000-დან 100 000-მდეა, და 6-დან 18 წლამდე ასაკის მოზარდებს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით გათვალისწინებული სერვისების მოცულობა უცვლელად შეუნარჩინდებათ. ამასთან, მათ არ ეზღუდებათ კერძო სადაზღვევო პაკეტით სარგებლობის უფლება.
მაღალი შემოსავლის მქონე მოქალაქეებს, რომელთა შემოსავალი წელიწადში 40 000 ლარს აღემატება საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით ვეღარ ისარგებლებენ.
საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის სერვისების მოცულობა განისაზღვრება ინდივიდუალური (და არა ოჯახის) შემოსავლის მიხედვით.
პროგრამის ფარგლებში მშობიარობა ყველა ჯგუფს დაუფინანსდება. ასევე, ყველა ჯგუფი დარჩება ჯანდაცვის სახელმწიფო სხვა პროგრამების (მაგ: C ჰეპატიტის, ტუბერკულოზის, დიაბეტის მართვისა და ა.შ) მოსარგებლეებად.
როგორც უწყებაში განმარტავენ, ცვლილების მიზანია სოციალური სამართლიანობის შექმნა. გარდა ამისა, სადაზღვევო ინდუსტრიას ექნება ყველა ბერკეტი, რომ აქტიური მარკეტინგით შეძლონ, მომხმარებლების მიზიდვა.