ტელეკომპანია "იმედში" დიდი ცვლილებები იგეგმება. საუბარია რამდენიმე გადაცემის დახურვაზე, ან ფორმატის ცვლილებაზე. არხის ხელმძღვანელობა ცვლილებების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციებს დღემდე არ ადასტურებდა, თუმცა დღეს დილით "იმედის დილის" წამყვანები მაყურებელს პირდაპირ ეთერში დაემშვიდობნენ.
ჩვენს მიერ მოპოვებული ინფორმაციით, "იმედის დილას" სხვა ფორმატის გადაცემა შეცვლის, რომლის პროდიუსერიც სოფო ნიკოლაიშვილი იქნება. ამის შესახებ ნიკოლაიშვილმა AMBEBI.GE-სთან რამდენიმე კვირის წინ ისაუბრა, როცა ის და რამდენიმე ჟურნალისტი გადაცემა "იმედის დროდან" გამოუშვეს.
"მე და სამი ჟურნალისტი გადაგვიყვანეს "იმედის" ახალ პროექტში. ახალი გადაცემა უფრო საინფორმაციოს სტილის იქნება, სადაც უფრო მეტი საქმე მექნება. ამჟამად დეტალებს ვერ გაგაცნობთ, რადგან ყველა ინფორმაცია გადაცემასთან დაკავშირებით მეც არ მაქვს, მაგრამ გადაცემა დაახლოებით CBS-ის გადაცემის სტილის იქნება. ჩვენს მაყურებელს მეტად უფრო ინფორმაციულ და დინამიურ დილის გადაცემას შევთავაზებთ", - განგვიცხადა სოფო ნიკოლაიშვილმა.
ჩვენი ინფორმაციით, "იმედის დილის" წამყვანებიდან, ახალ გუნდს მხოლოდ თაკო ჩორგოლაშვილი შეუერთდება, რომელიც დილის ეთერში რუბრიკას წაიყვანს. შესაბამისად, სხვა წამყვანების, მათ შორის მირიან ჯეჯელავას, მანიკა ასათიანის და ქეთი ხატიაშვილის დარჩენა-არდარჩენის საკითხი ჯერჯერობით გაურკვეველია.
აღნიშნულის გადასამოწმებლად თაკო ჩორგოლაშვილს დავუკავშირდით:
- თაკო, გავრცელდა ინფორმაცია, რომ თქვენ რჩებით იმედის დილის გადაცემაში, რომელიც განსხვავებული ფორმატის იქნება...
- არ არის მართალი ეს ინფორმაცია. გადაწყვეტილია, რომ ოთარ ტატიშვილის გარდა, არც-ერთი არ ვრჩებით "იმედის დილაში". ახალი ფორმატის დილის გადაცემა კეთდება, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ფორმატის შოუ იქნება, სადაც "იმედის დილის" წამყვანებიდან მხოლოდ ოთარ ტატიშვილს იხილავს მაყურებელი. ჩვენს გადაცემას მაღალი რეიტინგი ჰქონდა, მაგრამ ამდენწლიანი ურთიერთობის შემდეგ, მაინც მოგვიხდა მაყურებელთან დამშვიდობება..." - გვითხრა ტელეწამყვანმა საუბრისას.
ამასთან, AMBEBI.GE-ს მიერ მოპოვებული დაზუსტებული ინფორმაციით, ახალ საზოგადოებრივ-პოლიტიკური ფორმატის შოუში ტელეკომპანიის სხვა წამყვანებსაც ვიხილავთ, მათ შორის: ეკა ამირეჯიბს, გოდერძი შარაშიას, ნუცა ქავთარაძეს, ნინო ჭანტურაიას. მათ შეუერთდება "იმედის" ძველი თანამშრომელი ბექა ელბაქიძეც.
AMBEBI.GE-სთვის ასევე ცნობილი გახდა, რომ დაიხურება "დღის შოუც". შუადღის გადაცემის წამყვანებიდან კი ტელევიზიაში მხოლოდ ეკო ფანგანი და ნანიკო ხაზარაძე დარჩებიან.
არხზე მიმდინარე ცვლილებების შესახებ "იმედის" პროგრამების დირექტორს მაია ჩუგოშვილს დავუკავშირდით.
- ქალბატონო მაია, რატომ დაიხურა "იმედის დილა"?
- არ დახურულა დილის გადაცემა. უბრალოდ, ფორმატი შეიცვალა და 1-ელი მაისიდან ახალი ფორმატით გავა ეთერში.
- ვინ იქნება ახალი გადაცემის წამყვანი?
- ძველი წამყვანებიც დარჩნენ და ახალ წამყვანებთანაც გვაქვს მოლაპარაკება. ამ ეტაპზე საიდუმლოდ დავტოვებ ვინ დარჩა და ვინ შემოუერთდება ახალ გუნდს, ანონსიდან შეიტყობთ ყველაფერს.
- რამდენად შეესაბამება სიმართლეს ინფორმაცია, რომ "დღის შოუც" იხურება?!
- "დღის შოუ" არ იხურება, უბრალოდ, ისიც ფორმატს იცვლის და განახლებული სახით გავა ეთერში.
თამარ ბოჭორიშვილი
AMBEBI.GE