რა შემთხვევაში ართმევენ მშობლის სტატუსს საქართველოში - 4 თვეში ძალადობის გამო ოჯახებიდან 28 ბავშვი გაიყვანეს

რა შემთხვევაში ართმევენ მშობლის სტატუსს საქართველოში - 4 თვეში ძალადობის გამო ოჯახებიდან 28 ბავშვი გაიყვანეს

ბავშვზე ძალადობად არა მხოლოდ ფიზიკური, ფსიქოლოგიური ზეწოლაც მიიჩნევა. საქართველოში, 2017 წლის 4 თვის მონაცემით, ძალადობის გამო ოჯახებიდან 28 ბავშვი გამოიყვანეს.

რა დროს ხდება მშობლისთვის სტატუსის ჩამორთმევა, რა შემთხვევაში გამოყავთ პატარები ოჯახებიდან და როგორია ამ მხრივ საქართველოში სტატისტიკა - AMBEBI.GE სოციალური მომსახურების სააგენტოს მეურვეობა-მზრუნველობისა და სოციალური პროგრამების დეპარტამენტის ბავშვთა და ოჯახში ძალადობის ადმინისტრირების სამმართველოს უფროსს, ხათუნა ჯიქიას ესაუბრა.

- ყველა საქმე ინდივიდუალურია, შეიძლება ოჯახში ძალადობა იყოს, მაგრამ ბავშვების ასე გამოყვანა არ ხდება. ბოლო პერიოდში სოციალურ მუშაკს კიდევ ერთი უფლება მიენიჭა, თუ ნახა, რომ ბავშვის მდგომარეობა მძიმეა და 24 საათში მის ჯანმრთელობას ან სიცოცხლეს საფრთხე დაემუქრება, სოცმუშაკი მაშინვე იღებს გადაწყვეტილებას და ბავშვი გამოყავს ოჯახიდან.

თუ საპატრულო პოლიცია ხედავს, რომ არის ძალადობა, წერს შემაკავებელ ოქმს, ამას გარდა, გააჩნია, ვის მიმართ არის ძალადობა. თუ მხოლოდ მამა ძალადობს და დედა არა, ოჯახიდან ბავშვი არ გამოგვყავს, ამ შემთხვევაში უბრალოდ მამას შემაკავებელი ოქმს გამოუწერენ, ბავშვი კი დედასთან დარჩება ან ორივეს ერთად გადაიყვანენ სხვაგან.

- რა შემთხვევაში ხდება მშობლისთვის უფლების ჩამორთმევა?

- მშობლის უფლების ჩამორთმევა არის უკანასკნელი ზომა, რომელსაც გადაწყვეტს სასამართლო. თვითონ სასამართლოც ერიდება ამ გადაწყვეტილების მიღებას. მხოლოდ ჩვენ ორგანოს ან 16 წლის ზემოთ მყოფ ბავშვს აქვს უფლება ამ საკითხზე მიმართოს სასამართლოს.

- თუ გქონიათ შემთხვევა, როდესაც მშობლის სტატუსის ჩამორთმევის მიზნით სასამართლოსთვის მიგიმართავთ?

- კი მიგვიმართავს, თუმცა არა მხოლოდ ძალადობის გამო, ყოფილა სხვა მიზეზი, მაგალითად ბავშვის უგულებელყოფა, ანუ როდესაც პატარას მშობელი დიდი ხანი არ გამოჩენილა, ბავშვს სტატუსი არ აქვს და წლებია ბავშვი მიტოვებულია, ამ შემთხვევაშიც მივმართავთ ხოლმე სასამართლოს.

- ოჯახიდან ბავშვის გამოყვანის შემდეგ, მშობელს ეკრძალება მისი ნახვა?

- გააჩნია სიტუაციას. თუ ბავშვი ოჯახიდან ისე გამოვიყვანეთ, რომ მშობელს შემაკავებელი ორდერი აქვს გამოწერილი, რა თქმა უნდა, გარკვეული პერიოდი, რასაც ეს ორდერი გულისხმობს, ვერ ნახულობს მშობელი ბავშვს, ამ ვადაში შვილთან ურთიერთობა არ ექნება. არის შემთხვევები, როდესაც ბავშვი ჩვენს სერვისშია და მშობელს უნდა მისი ნახვა, მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს საბჭოზე გადის საკითხი, რომ მშობელი ბავშვის ნახვის სურვილის განცხადებით მოგვმართავს და უნდა დარეგისტრირდეს გამყვან და მნახველ პირად. ზოგ შემთხვევაში სოციალური მუშაკი რეკომენდაციას გასცემს, რომ მშობელი იყოს მხოლოდ მნახველი პირი და არა გამყვანი, და ზოგჯერ ორივეს უფლებას აძლევს. ვაფასებთ იმის მიხედვით, რა საშიშროება შეიძლება იყოს.

- შეგიძლიათ დაგვისახელოთ ბავშვზე ოჯახური ძალადობის კონკრეტული მაგალითი?

- ბევრი ასეთი ფაქტი მახსოვს, იყო ძალადობა, ცემა... დაახლოებით ერთი თვის წინ, მამამ შვილს სცემა, მამაკაცი ადგილზე დააკავეს და სასამართლომ 2 წლით პატიმრობა მიუსაჯა, ამ დროს ოჯახიდან 4 ბავშვი გამოვიყვანეთ.

- ოჯახიდან გამოყვანის შემდეგ ბავშვი სად მიგყავთ?

- პირდაპირ ჩვენს ცენტრში არ მიგვყავს. ჯერ ვეძებთ ბავშვის ოჯახის წევრს - ბებიას, ნათლიას, ახლო ნათესავს, თუნდაც მეზობელს, შეიძლება ბავშვი მესამე პირთან გადავიდეს. თუ ასეთი ნათესავები იმ წუთას ვერ მოვიძიეთ, მაშინ ბავშვი გადაგვყავს სახელმწიფო მზრუნველობაში, გააჩნია ბავშვი რა ასაკის არის. თუ დიდია, შეიძლება მცირე საოჯახო ტიპის ოჯახში გადავიყვანოთ. რაც შეეხება მისი მზრუნველობის ცენტრიდან გამოყვანას, თუ გამოჩნდება ბებია ან ვინმე ახლო ნათესავი და თუ ჩავთვლით, რომ მასთან პატარა უსაფრთხოდ იქნება, გავატანთ, ან დარჩება ჩვენს ცენტრში.

- როგორია სტატისტიკა?

- 2017 წელს ძალადობის გამო 28 ბავშვი გამოვიყვანეთ ოჯახიდან, 2016 წელს - 87 ბავშვი, 2015 წელს კი 74.

თეა ბეჟიტაშვილი

AMBEBI.GE

ბავშვზე ძალადობის ფაქტზე ინფორმაციის ფლობის ან ეჭვის გაჩენის შემთხვევაში, შეგიძლიათ სოციალური მომსახურების სააგენტოს დაუკავშირდეთ ცხელ ხაზზე 15 05, რითათ, შესაძლოა, არასრულწლოვანი ძლიერი ზეწოლისგან იხსნათ.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი