ქუთაისი-ზესტაფონის შემოვლით გზაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა. შემთხვევა გუშინ, 22 აპრილს საღამოს საატებში მოხდა და როგორც შინაგან საქმეთა სამინისტრო იტყობინება, ერთმანეთს სამი ავტომანქანა შეეჯახა, რის შედეგადაც 5 ადამიანი დაიღუპა. მათ შორის ერთი ორსული ქალია.
სასწრაფოს ექიმი, რომელიც ავარიის ადგილას კოლეგებთან ერთად გავიდა გამოძახებაზე, "პალიტრანიუსთან" საუბარში შემთხვევის ადგილას ნანახ სურათს აღწერს:
"გამოძახება დაფიქსირდა 18:2ე საათზე. დაუყოვნებლივ გავედით სამი ეკიპაჟი. ადგილზე დაგვხვდა ასეთი სიტუაცია: 5 გარდაცვლილი, სამს ესაჭიროებოდა სხვადასხვა დახმარება და ადგილზე გაეწიათ, ორი გადაყვანილია ქუთაისის რეგიონალურ საავადმყოფოში მრავლობითი ტრავმებით, ერთმა კი უარი განაცხადა სამედიცინო დახმარებაზე" - ამბობს სასწრაფო სამედიცინო სამსახურის ექიმი.
ქუთაისის რეფერალური ჰოსპიტალის დირექტორის ირაკლი გოგინავას თქმით, ავარიის შემდეგ, გუშინ საღამოს კლინიკაში ორი პაციენტი კრიტიკულ მდგომარეობაში შეიყვანეს.
"შემოიყვანეს ორი კრიტიკულად მძიმე პაციენტი. ერთს აღენიშნებოდა სიცოცხლისთვის შეუთავსებელი პოლიტრავმა, ძვლების მრავლობითი მოტეხილობა და ორგანოების დაზიანება. მიუხედავად ჩატარებული ოპერაციული მკურნალობისა, პაციენტის სიცოცხლის გადარჩენა ვერ მოხერხდა. მეორე პაციენტს აღენიშნებოდა ძალიან მძიმე პოლიტრავმა, ორგანოების დაზიანება. იმყოფება მართვით სუნთქვაზე, საკმაოდ კრიტიკულ მდგომარეობაშია. რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული, მიდის მისი გადარჩენისთვის ბრძოლა" - აღნიშნა საუბრისას გოგინავამ.
ჯერჯერობით უცნობია, რა გახდა ავტოსაგზაო შემთხვევის მიზეზი. აღნიშნულ ფაქტზე შსს გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-7 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.