სოციალურ ქსელ "ფეისბუქზე" ყალბი ამბები ხშირად ვირუსივითაა მოდებული და მათი ამოცნობა ვერ ხერხდება.
ამის გამო, "ფეისბუქმა" ახალი კამპანია წამოიწყო ყალბი ამბების გამოსავლენად. შესაბამისი ღილაკი ახალი ამბების ველში გამოჩნდება. მომხმარებლების "კედლებზე" ჩანს ბმული "როგორ ამოვიცნოთ ყალბი ნიუსი". ბმულზე დაჭერის შემთხვევაში, ფეისბუქ-მომხმარებელი ხვდება "ფეისბუქის" ვირტუალური დახმარების ცენტრში, სადაც 10 პატარა რჩევაა ცრუ ინფორმაციის გამოსავლენად. გთავაზობთ ამ რჩევებს:
- სკეპტიკურად მიუდექით სათაურებს. ყალბი ამბები ძირითადად გამომწვევადაა დასათაურებული. თუ შოკისმომგვრელი ცნობა დაუჯერებლად ჟღერს, დიდი ალბათობით ეს სიცრუეა.
- დააკვირდით URL-ს ანუ წყაროს ლინკს. საიტები, რომლებიც ცრუ ინფორმაციას ავრცელებენ, ხშირად მიმართავენ ასეთ გზას: აკოპირებენ ნამდვილი ნიუსის წყაროს და მცირეოდენი ცვლილება შეაქვთ URL-ში. ეს მარტივად შეგიძლიათ შეამოწმოთ საიტზე შესვლითა და წყაროს ლინკის შედარებით ნამდვილ ლინკთან.
- დააკვირდით ინფორმაციის წყაროს. დარწმუნდით, რომ ინფორმაცია იმ წყაროზე დაყრდნობითაა დაწერილი, რომელსაც სანდო რეპუტაცია აქვს. თუ უცნობი ორგანიზაციის დაწერილია სიახლე, მოიძიეთ მის შესახებ ცნობები.
- მიაქციეთ ყურადღება უჩვეულო ფორმატს. ძირითადად, ყალბ ახალ ამბებში მართლწერა არეულია ან ასოთა უცნაური წყობაა.
- ყურადღება მიაქციეთ ფოტოებს. ხშირად ყალბ ამბებს მანიპულაციური ფოტო ან ვიდეოკადრები ახლავს თან. შესაძლოა ფოტო ნამდვილი იყოს, მაგრამ კონტექსტიდან ამოგლეჯილი. მოძებნეთ ფოტოს წარმომავლობა.
- დააკვირდით თარიღებს. ყალბ ამბებში თარიღები ერთმანეთს არ ემთხვევა.
- შეამოწმეთ მტკიცებულება. გადაამოწმეთ ავტორის მოყვანილი წყაროები.
- გადახედეთ სხვა საიტებსაც. თუ კონკრეტულ ინფორმაციას მხოლოდ ერთი წყარო ავრცელებს, მაშინ ის დიდი ალბათობით ყალბია.
- იქნებ ამბავი ხუმრობაა? ზოგჯერ სიახლეები რთულია გაარჩიო იუმორის და სატირისგან. დარწმუნდით, რომ გამომქვეყნებელი პაროდიულ სტატიებს არ წერს.
- ზოგიერთი ამბავი მიზანმიმართულად ყალბია. კრიტიკულად მიუდექით იმ ამბებს, რომელსაც ეცნობით და მხოლოდ მაშინ გააზიარეთ, როდესაც დარწმუნდებით, რომ ნამდვილი ამბავია.
ასევე წაიკითხეთ: ფოტომონტაჟი, რომელმაც ქართველი ფეისბუქმომხმარებლები მოატყუა
მომზადებულია itv.com-ს მიხედვით