დისტანციური სწავლების მეთოდები თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით; მოსწავლეებში, სტუდენტებსა და ზრდასრულებში კონკრეტული პროფესიების პოპულარიზაცია, კერძო სექტორთან თანამშრომლობის საუკეთესო გამოცდილების მოდელები; სამეწარმეო განათლება ფორმალურ და არა-ფორმალურ განათლებაში - ეს იმ პროექტების ჩამონათვალია, რომელიც ათასწლეულის გამოწვევის ფონდმა პროექტ "პროფესიული განათლება ეკონომიკის განვითარებისთვის" ფარგლებში დააფინანსა და განხორციელების შესაძლებლობა მისცა.
დაფინანსებულ ათივე პროექტს ერთი საერთო მიზანი აქვთ - გაზარდონ პროფესული განათლების იმიჯი და გახადონ საზოგადოებისთვის ცნობადი ის სიკეთეები, რომელიც პროფესიულ განათლებას თან ახლავს.
საგრანტო კონკურსის II რაუნდში, სულ 64 განაცხადი შევიდა. მათი ნახევარი არასამთავრობო სექტორს ეკუთვნოდა. დამოუკიდებელმა შეფასების კომისიამ დასაფინანსებლად შეარჩია ათი პროექტი, რომლის ჯამური ბიუჯეტი 258,283 აშშ დოლარია, საიდანაც საგრანტო თანხა 172,186 აშშ დოლარს შეადგენს, ხოლო დანარჩენი 33% (86,097 აშშ დოლარი) - კერძო სექტორის თანადაფინანსებაა. უპრეცედენტოდ მაღალია კერძო სექტორის თანამონაწილეობა, რაც იმის დასტურია რომ კერძო ბიზნესი ხედავს პროფესიული განათლების მქონე კადრების საჭიროებასა და ნაკლებობას ბაზარზე.
"პროფესიული განათლება არის უმოკლესი გზა დასაქმებისთვის. მართალია, პროფესიული განათლება ჯერ არ არის ისეთი პოპულარული, როგორიც უნდა იყოს რადგან საზოგადოებას ჯერ კიდევ არ აქვს წვდომა თუ რა პროგრამებია ხორციელდება დღეს ქვეყანაში. პროგრამები, რომლებიც დაეხმარებათ მათ ესა თუ ის უნარი შეისწავლონ - შეითვისონ რათა შემდეგ წარმატებულად დასაქმდნენ. საბედნიეროდ ქვეყანაში ბევრი აქტივობა ხორციელდება, რათა პროფესიული განათლება გახდეს უფრო პოპულარული და მისი სიკეთეები გაიცნოს ფართო საზოგადოებამ" - განაცხადა "ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველოს" აღმასრულებელმა დირექტორმა მაგდა მაღრაძემ გამარჯვებულების გამოვლენის ღონისძიებაზე.
სწავლების პროცესში თანამედროვე სტანდარტების დანერგვას მიესალმა განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ქეთევან ნატრიაშვილიც. ნატრიაშვილმა პროფესიულ კოლეჯ "მოდუსის" პროექტი გამოჰყო და დისტანციური სწავლების მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.
"როგორც შევიტყვე ერთ-ერთი დაფინანსებული პროექტი ეხება პროფესიულ, დისტანციურ სწავლებას. ეს უმნიშვნელოვანესია, რადგან ჩვენ ფეხი უნდა ავუწყოთ თანამედროვე გამოწვევებს. ჩვენ ხელი უნდა შევუწყოთ საქართველოს მოქალაქეებს შეიძინონ ის უნარ-ჩვევები, რომელიც მათ შემდგომ დასაქმებაში დაეხმარებათ. კონკურსის შედეგად გამოვლენილი პროექტების მოძიება სამინისტროსთვისაც მნიშვნელოვანია, რადგან ჩვენ ამ გამოცდილებას აუცილებლად ავსახავთ პოლიტიკის ფორმირებში" - აღნიშნა ქეთევან ნატრიაშვილმა.
რა დადებითი მხარები აქვს დისტანციურ სწავლების მოდელს? პროფესიული სასწავლებლის დირექტორი კარლო კერვალიშვილი, რომელიც პროექტში აღნიშნულ ინოვაციას წარადგენს, აღნიშნავს რომ დისტანციურად სწავლება კომპანიებსა და კერძო სექტორს მისცემს საშუალებას ადამიანური რესურსი განავითაროს ისე, რომ არ ჰქონდეთ გეოგრაფიული ხელმისაწვდომობის პრობლემა.
სხვა ვალდებულებებთან და კრიტერიუმებთან ერთად, ათივე გამარჯვებული პროექტის ინიციატორები ვალდებულები არიან პროექტის დასრულების შემდეგ საკუთარი მაგალითი და გამოცდილება სხვა პროფესიულ სასწავლებლებსაც გაუზიარონ, რათა შედეგი არა ერთი პროექტისთვის, არამედ მთლიანად სისტემისთვის დაიდოს.