როგორ აღმოჩნდა ცეცხლოვანი ბრაზილიელი მოდელი საქართველოში და რით აპირებს ქართველების მოხიბლვას

როგორ აღმოჩნდა ცეცხლოვანი ბრაზილიელი მოდელი საქართველოში და რით აპირებს ქართველების მოხიბლვას

"მეკითხებიან, ქართული ფესვები ხომ გაქვს, რაღაცით ქართველს გავხარო", - გვეუბნება მშვენიერი მოდელი, ბრაზილიელი ანი ბაროში, რომელიც საქართველოში 3 კვირის წინ ჩამოვიდა იმისთვის, რომ ჩაერთოს პროექტში "ცეკვავენ ვარსკვლავები".

ეს საქართველოსთან მისი პირველი შეხებაა. ამბობს, რომ აქაურობა ძალიან მოსწონს, ქართველებს ბრაზილიელებთანაც აიგივებს ხასიათით, ტემპერამენტით, სიკეთით - "ჩვენც ქართველებივით თბილები და სტუმართმოყვარეები ვართ. ამიტომ არც გამჭირვებია თქვენს ქვეყანასთან შეგუება. გარშემო ყველა და ყველაფერი რატომღაც ახლობლად მივიღე", - ამბობს ის.

ანიმ ერთი თვის წინ გაიგო, რომ ამ კონკურსში უნდა მიეღო მონაწილეობა, არადა, ბრაზილიაში არდადეგები ჰქონდა. ამ გამოწვევით ისე დაინტერესდა, რომ არდადეგები გააუქმა. მოკლედ, ბევრი არ უფიქრია და წინადადებას მაშინვე დათანხმდა.

- სად მოდიოდი იცოდი?

- ქართველ მოდელებს მანამდე შევხვედრივარ და თბილისზეც ვიცოდი ბევრი რამ. ასევე ქართული ელექტრონული მუსიკის შესახებაც მსმენია და თქვენს დიზაინერებზეც.

- შენზე რას მოგვიყვები?

- ადრე სამართალის მიმართულებით ვსწავლობდი, პარლელურად, მოდელი ვიყავი, ამიტომ საკითხი დადგა, რომ უნდა ამერჩია - სამართალს გავყოლოდი თუ მოდელობას. რადგანაც მოდელობის გამო ხშირად ვმოგზაურობ და ჩემთვის ეს საქმიანობა უფრო საინტერესოა, არჩევანი ამ პროფესიის სასარგებლოდ გავაკეთე. სწორედ, მოგზაურობის გამო სამართლის მიმართულებით უნივერსიტეტში სწავლის დასრულება ვერ შევძელი.

ჩემი ამჟამინდელი საქმიანობის დამსახურებაა, რომ შემიძლია განსხვავებული კულტურის ადამიანებს შევხვდე, ახალი ენები ვისწავლო და საკუთარი თავი უკეთესად გამოვხატო, რეალიზება მოვახდინო და მუდმივად განსხვავებული კუთხით წარვდგე. ასე რომ, ყოველი დღე ჩემს ცხოვრებაში მორიგი გამოწვევაა, ახალ შანსსა და სტიმულს მაძლევს. ამიტომაც არის ცხოვრება საინტერესო.

- რას გვეტყვი საკუთარ ქვეყანაზე?

- მაგარია ჩემი ბრაზილია, ამაყი ვარ, რომ იქ დავიბადე და ბრაზილიელი მქვია. იმის მიუხედავად, გვაქვს თუ არა პრობლემები, ყოველთვის ბედნიერად ვგრძნობთ თავს. ასეთები ვართ ბრაზილიელები... ამიტომ, ვფიქრობ, გამიმართლა, რომ იქ დავიბადე. დიახ, გვიყვარს ცხოვრება ისეთი როგორიც არის!

- ე.ი. მითი არ არის, რომ ცეცხლოვანი ხალხი ხართ...

- არა... ღარიბსა თუ მდიდარს, ჩვენთან ცხოვრება ყველას სიამოვნებს და უხარია!

- ცნობილ "რიოს კარნავალს" ყოველთვის ესწრები?

- კარნავალი ქვეყნის სხვადასხვა ქალაქში იმართება. რიოში არ ვყოფილვარ, თუმცა სხვაგან კი მაქვს მონაწილეობა მიღებული, კერძოდ, პარანაგვაში, ქალაქში, სადაც ჩემი მშობლები ცხოვრობენ. ამ კარნავალს ყველა თავისებურად და საზეიმოდ აღნიშნავს. ჰოდა, მეც ჩამიცვამს სპეციალური კოსტიუმი და სპეციალურ ადგილზე მივსულვარ და მიცეკვია.

- მაგრამ როგორც ვატყობ, პროფესიულად არასდროს გიცეკვია, ხომ?

- კი, ეს პირველად ახლა ხდება... მანამდე მხოლოდ საღამოებზე, კლუბებში გასართობად...

ასე რომ, ახლა დიდი გამოწვევის წინაშე ვარ. ეს პროექტი ვფიქრობ, საკუთარი პერსონის პოპულარიზაციაში დამეხმარება, გამოცდილების მიღებაში, - როგორც ცეკვაში, ისე პიროვნულ ზრდაში.

თუმცა მიმაჩნია, რომ ამ პროექტში შორიდან ცოტა სასაცილოც კი გამოვჩნდები, რითაც ალბათ მაყურებლის ყურადღების მიქცევას მოვახერხებ, მაგრამ არ ველი, რომ საუკეთესოდ ვიცეკვებ. შევეცდები, შოუ ჩემი მხრივ საყურებლად საინტერესო გავხადო, ყველა უნდა გაერთოს, იმხიარულოს... რეპეტიციებზე მივხვდი, რომ ცეკვა ჩემთვის სიამოვნებაა და ამიტომ ეს ბედნიერება მინდა, სხვებსაც მივანიჭო... 

- პარტნიორზე რას გვეტყვი?

- ჩემი პარტნიორი ირაკლი ძაძამიაა, კარგი მოცეკვავეა, ვატყობ, რომ შესაძლებლობის მაქსიმუმს აკეთებს, რომ ყველაფერი მასწავლოს, მხიარულია და სამუშაო პროცესში ორივე ერთად სიამოვნებით ვართ ჩართულები.

- ე.ი. საქართველოში ბრაზილიურ "სამბას" პირველად იცეკვებ?

- დიახ და ძლიან მიხარია... ვიმეორებ, გამარჯვება ძალიან რთულია, რადგან ყველა შესაძლებლობის მაქსიმუმს აკეთებს. ამიტომ, არ მაქვს იდეაფიქსი, რომ აუცილებლად გავიმარჯვო და შოუდან წარმატებული წავიდე. აქ მონაწილეობა უკვე ბედნიერების და სიხარულის მომტანია. საქართველოში ჩამოსვლა ამისთვის ღირდა!

- ვის უთხარი პირველად შენი არჩევნის შესახებ?

- დედას...

- შეყვარებულს?

- ბოიფრენდი არ მყავს...

- მაშინ ყველაფერი წინ გაქვს... აქ ვინმეს რომ შეუყვარდე, დარჩები?

- ამისთვის ჯერ საჭიროა, ვიპოვო ვიღაც, ვისაც შევუყვარდები. მერე ვნახოთ. ისე, არასოდეს იცი, წინასწარ რა შეიძლება მოხდეს. ახლა მთავარია, რომ ხმა მომცეთ!

ლალი ფაცია

AMBEBI.GE

10 ოქტომბერს Black Sea Arena-ს სეზონს ბენდი One Republic დახურავს!!!

ლევან გელბახიანი ბერლინალეზე ევროპის ამომავალ ვარსკვლავად დასახელდა - "ამ ფილმით საკუთარი თავი უკეთ შევიცანი"

კინოთეატრ "ამირანში" ჯეკ ლონდონის "წინაპართა ძახილის" ეკრანიზაციის პრემიერა გაიმართება