ქართული ენდემური ხორბლით დამზადებული უნიკალური პურის ისტორია

ქართული ენდემური ხორბლით დამზადებული უნიკალური პურის ისტორია

"მზეთამზეს" იდეა გაჩნდა მას შემდეგ, რაც სვანეთში მოგზაურობისას ერთ ხნიერ და ჭკვიან ადამიანს ვკითხე, თუ რა მდგომარეობა იყო სვანეთში ჯანმრთელობის მხრივ მოსახლეობაში. მან მიპასუხა, რომ რაც სვანეთმა ხორბლის მოყვანას თავი დაანება და პურის ქალაქიდან ამოტანა დაიწყო, მას შემდეგ ჩვენი იმუნიტეტი უკან-უკან მიდისო," - ამბობს "მზეთამზეს" დირექტორი ირაკლი ჩავლეშვილი.

ამის შემდეგ ირაკლი ხორბლით დაინტერესდა და აღმოაჩინა, რომ მსოფლიოში ხორბლის რადიკალურად განსხვავებული 27 ჯიშია, მათში 14 ქართულია და ამ თოთხმეტიდან 6 ენდემური ჯიშია. საქმით იმდენად დაინტერესდა, რომ 3 პარტნიორთან ერთად პურ-ფუნთუშეულის კომპანია "მზეთამზე" შექმნა.

"ბუნებამ ათასწლეულების მანძილზე, ადამიანის ჩარევის გარეშე შექმნა ის, რაც გვჭირდება ადამიანებს იმისთვის, რომ ვიყოთ ადამიანები. ამაში შედის იმუნიტეტი, სილამაზე, აზროვნება და ბევრი სხვა კომპონენტი. პური კი ერთ-ერთი უმთავრესი კომპონენტია. გაგვიმართლა და ვიპოვეთ ფერმერები, რომლებსაც ქართული ჯიშის ხორბალი მოყავდათ არც თუ დიდი რაოდენობით. დღეს ეს ხალხი, იმედით, რომ ასეთ პროდუქტზე მოთხოვნა გაიზრდება, უფრო დიდ მასშტაბზე გადიან. ჩვენი მიზანიც ეს არის და გვჯერა, რომ შეგვწევს ძალა, ქვეყანაში ხელმისაწვდომი გავხადოთ ჯანსაღი სურსათი, რაზეც დღეს დიდი დეფიციტია," - ამბობს ირაკლი ჩავლეიშვილი.

"მზეთამზეს" პური მზადდება ქართული ენდემური ჯიშის ხორბლის ფქვილისგან. პურის საფუარად იყენებენ პურის დედას. ერთადერთი, რასაც თანამედროვე შესაძლებლობებიდან იყენებენ, ელექტროენერგიაა. პური გამოდის სურნელოვანი, გემრიელი და სასარგებლო, რადგან ის შეიცავს ყველა მიკროელემენტს, რომელიც ადამიანს ფიზიკური და სულიერი ჯანმრთელობისთვის სჭირდება.

პარტნიორებისთვის ბიზნესის დაწყება არც ისე მარტივი იყო. იყო დრო, როდესაც გიორგი დობორჯგინიძე, რომელიც ახლა კომერციულ მიმართულებას განაგებს, პურის დისტრიბუციისთვის ფეხითაც დადიოდა, რადგან მანქანა არ ყავდათ.

"ამ ეტაპზე 22 სახეობის პურს ვაცხობთ. მათი ფასი 50 თეთრიდან 5 ლარამდე მერყეობს. ასევე, გვაქვს სოფლის მეურნეობის სხვა რამდენიმე პროდუქტი. სხვა პროდუქტების დამატებასაც ვგეგმავთ. მაგალითად, რაჭული ადგილობრივი ჯიშების ვაშლისგან ძველი ტრადიციული მეთოდით დამზადებული ძმარი, რომელიც ძალიან ეფექტური სამკურნალო საშუალებაა," - ამბობს კომპანიის დამფუძნებელი.

ამჟამად პური დიდ ქსელურ მარკეტებსა და რამდენიმე მცირე მაღაზიაში იყიდება. სტარტაპი "თიბისი ბანკის" პროექტ "სტარტაპერის" მონაწილეა და პროექტის ფარგლებში მიღებული სესხით რეალიზაციის ადგილების დამატებას აპირებენ. ეს ჯანსაღ პურს საქართველოს მოსახლეობისთვის უფრო ხელმისაწვდომს გახდის.

ირაკლი ყველას ურჩევს, შექმნან სტარტაპები, რაც დადებითად აისახება როგორც ინდივიდუალურად სტარტაპერებზე, ასევე ზოგადად, ქვეყნის კეთილდღეობაზე.

"ჩემი აზრით, ორიენტაცია უნდა ავიღოთ ისეთ საქმიანობებზე, რომელშიც გამორჩეული ვიქნებით და კონკურეტულ გარემოში მოწინავე პოზიციაში მყოფს გახდის ჩვენს ქვეყანას. ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს მიმართულებად აგრო სასურსათო პროდუქტები მიმაჩნია. მას შეუძლიათ მსოფლიო ბაზარზე ისე პოზიციონირება, რომ იყოს ერთ-ერთი ყველაზე სასურველი, სასარგებლო, გემრიელი, რთულად ხელმისაწვდომი და შესაბამისად, მაღალი ფასის," - ამბობს ირაკლი.

"მზეთამზე" პურის გარდა, მეცხოველებაშიც საქმიანობს. ჰყავთ კახური ტყის ღორები, მეგრული თხები, ქართული ჯიშის ძროხები. ასევე,მოჰყავთ ენდემური ჯიშის ბოსტნეული. სამომავლოდ, ამ ყველაფრის ფართო მასშტაბში გადატანა ტექნიკის და ფინანსების მოპოვების საკითხია.

#სტარტაპერი #გვეამაყები

ფოტოები: ADvan/ედვენი

ნანა მღებრიშვილი

AMBEBI.GE

რას ნიშნავს უსაფრთხო ინტერნეტი?

ქართული პროდუქცია სასურსათო ქსელურ მაღაზიებში ბარიერების გარეშე შევა - ახალი პროექტი მეწარმეებისთვის

თბილისი სტარტაპ ბიურო და „კედარი ვენჩერსი“ სტრატეგიული პარტნიორები გახდნენ