საბერძნეთში ხანძრის შედეგად ქართველი ემიგრანტი დაშავდა. როგორც "ინტერპრესნიუსს" ქართველ მიგრანტთა საინფორმაციო ცენტრის ხელმძღვანელმა ავთანდილ გიუნაშვილმა განუცხადა, ხანძარი 16 აპრილს, ათენის კალითიის მუნიციპალიტეტში მოხდა. შედეგად ადგილზე გარდაიცვალა 72 წლის ქალი. სახლში ასევე იმყოფებოდა მოხუცი მამაკაცი და ქართველი ემიგრანტი, რომელიც აღნიშნულ ოჯახში დამხმარედ მუშაობდა.
"სავარაუდოდ ხანძარი კანდელმა გამოიწვია. დაგვიანებით მოსულმა სახანძრომ ცეცხლის ევაკუაცია უზრუნველყო. სახლში იპოვეს უგონოდ მყოფი ქართველი ქალბატონი და მოხუცი მამაკაცი, რომლებიც გადაიყვანეს ათენში, გენიმატას საავადმყოფოში. მამაკაცი საავადმყოფოში მიყვანიდან რამდენიმე საათში გარდაიცვალა. ქართველი ქალბატონის მდგომარეობა მძიმეა, თუმცა სტაბილური", - განაცხადა გიუნაშვილმა.
ქართველ მიგრანტთა საინფორმაციო ცენტრის ხელმძღვანელი საავადმყოფოში იმყოფებოდა, სადაც დაზარალებული ქალის ოჯახის ახლობელმა მიაწოდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ოჯახი ითხოვს დახმარებას, რადგან ყველა საბუთი, რაც საავადმყოფოში რეგისტრაციისთვის არის საჭირო, განადგურებულია.
წინასწარი ინფორმაციით, ქართველ ემიგრანტს სხეულის 65%-იანი დამწვრობა აქვს მიღებული.