ზუგდიდთან, სოფელ ჭითაწყარში, გზად ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხარების სახელობის ახლად აშენებული ტაძარია. 2005 წელს დაწყებულა მშენებლობა და პირველი ლიტურგია 2006 წელს, სააღდგომოდ ჩაუტარებიათ. ქტიტორები აფხაზეთიდან არიან, ხარებავები. მათ სურდათ, ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხარების ეკლესია საქართველოს ულამაზესი კუთხის - აფხაზეთისკენ მიმავალ გზაზე ქართველების აფხაზეთში დაბრუნების შესავედრებელი ადგილი და გზამკვლევი ყოფილიყო. ჭიშკარს რომ შეაღებ, გეგონება, ედემის ბაღში მოხვდი, ისე გაულამაზებ-დაუმშვენებია ეზო ეკლესიის წინამძღვარს, მღვდელ იაკობ ეხვაიას - უჩვეულო მცენარეები გაუშენებია, უჩვეულო და ლამაზი. ნაძვის ხეები ვნახე, ალაგ ოქროსფერი წიწვები ჰქონდა, ალაგ - მწვანე. - ვეგეტაციის პერიოდში ფერებს იცვლისო, - მითხრა მოძღვარმა. - ჯერ კიდევ ნაზამთრალია და შელახულია მცენარეები. ახლა, ყველაფერი რომ გამოიღვიძებს, ფერიც უფრო ხალასი გაუხდება და გალამაზდება ეზო. თუმცა ჯერ კიდევ ბევრი რამეა საკეთებელი, ეზოც დასამუშავებელი გვაქვსო. ეკლესიის უკან კიდევ უფრო დიდი ეზოა, სადაც მოწყობილია პატარა თავლა - საქართველო მრავალგზის ჩემპიონის, ულამაზესი "ხარებასა" და კიდევ რამდენიმე გამორჩეული ცხენისა და კვიცის ადგილსამყოფელი. მის მიმდებარედ კი მოედანია, სადაც ბავშვები და მოზარდები ცხენებთან მეგობრობასა და ჯირითს სწავლობენ, პარალელურად კი, ბევრ მათგანს, ცხენების დახმარებით განკურნების დიდი იმედი აქვს.
"ცხენებით მკურნალობა" - იპოთერაპია მკურნალობის ალტერნატიული, საკმაოდ შედეგიანი მეთოდია და ცერებრალულ დამბლას, ყურადღების დეფიციტს, სკოლიოზის საწყის სტადიებს, სენსორულ დარღვევებს, გაფანტულ სკლეროზს, ნევროზს, გულის იშემიურ და სხვა დაავადებებს კურნავს. სწორედ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვთა მკურნალობა-რეაბილიტაციისთვის შექმნა მამა იაკობმა საცხენოსნო კლუბი "ხარება", რათა რაც შეიძლება ბევრ ბავშვსა და მშობელს მოუტანოს სიხარული და კეთილდღეობა.
მღვდელი იაკობი (ეხვაია):
- ეკლესია რომ აშენდა, მისი პირველი მოძღვარი მამა ამბროს თორდია იყო. შემდეგ, მღვდელმთავრის გადაწყვეტილებით, მე გადმომიყვანეს - იმხანად ახალბედა, ალად ნაკურთხი, გამოუცდელი მოძღვარი. ზოგადად, ღვთისმსახურად ყოფნა საკმაოდ რთულია, მაგრამ ეკლესიის წინამძღვრობა გაცილებით რთული და საპასუხისმგებლო მისიაა. ზუგდიდელი ვარ, სკოლაც აქ დავამთავრე, უმაღლესი განათლება კი, ნაწილობრივ, ბალტიისპირეთში მივიღე, სასოფლო-სამეურნეო აკადემიაში, შემდეგ სოხუმის აგრარულ უნივერსიტეტში განვაგრძე, მაგრამ ომიც დაიწყო და თბილისის აგრარულ უნივერსიტეტში გადმოვედი. ამას მოჰყვა სწავლა სასულიერო სემინარიაში და ასე გაიხსნა ჩემი გზა მოძღვრობისკენ. დღეს უკვე ამ ტაძარში ვმსახურობ.
ტაძრის ეზო-ბაღის დასამშვენებლად სპეციალური განათლების მქონე დიზაინერი არ დაგვიქირავებია, თითოეული ხე, ბუჩქი, მცენარე - ყველაფერი თავად დავრგეთ. აქ ხეს ვერ ნახავთ, 3-4-ჯერ რომ არ იყოს გადარგული - რას არ ვცდიდი, ინტერნეტშიც კი ვათვალიერებდი ლამაზ ბაღებს, მცენარეებისთვის სათანადო ადგილი რომ შემერჩია. ახლაც ახალ ნერგებს ვყრით და მეხუმრებიან, აბა, მამაო, რამდენჯერ გადაგვარგვევინებთ ამ ნერგებსო? თუმცა უკვე ისეთი გამოცდილება მივიღეთ, ვცდილობ, მცენარეები შერჩეულ ადგილას მუდმივად დავტოვო.