ქრისტიანები აღდგომას კვერცხითა და პასკით ეგებებიან. პასკას სააღდგომოდ საგანგებოდ აცხობენ და იესო ქრისტეს აღდგომის რწმენის ნიშნად მიირთმევენ, რადგანაც იგი იმ მთის სიმბოლოა, რომელზეც ჯვარს აცვეს ქრისტე. ის ასევე აღდგომის სიხარულისა და ქრისტიანთა ერთობის სიმბოლოცაა.
წითელი კვერცხი კი აღდგომისა და სიცოცხლის სიმბოლოდ მიიჩნევა, მისი წითელი ფერი იესო ქრისტეს წმიდა სისხლს განასახიერებს. აღდგომის კვერცხი ზოგადად ქრისტეს სისხლით გაწმედილი მარადიული ცხოვრების ნიშანია...
იშვიათად მეგულება ადამიანი სააღდგომო სუფრის მთავარი კომპონენტები - კვერცი და პასკა არ უყვარდეს. ამიტომაც იციან ხოლმე თქმა, - თითოეული განსაკუთრებული გემოთი გამოირჩევაო, რაც ერთ-ერთი იმ მიზეზთაგანია, რის გამოც ადამიანები ამ პროდუქტებს მეტად ეტანებიან, ხშირად ისეც, რომ ზომა-წონის დაცვა უჭირთ. ამიტომ, ნამარხულევ მორწმუნეებს სასულიერო პირები ყოველთვის აფრთხილებენ, ამ პროდუქტების გადაჭარბებული მიღებით ე.წ. ნაყროვანების ცოდვაში არ აღმოჩდნენ.
საინტერესოა, რას ამბობენ ექიმები, იმის შესახებ, თუ როგორ და რა რაოდენობის კვერცხი და პასკა უნდა მიიღოს ადამიანმა, ორგანიზმს პრობლემები რომ არ შეუქმნას.
ლაშა უჩავა, ენდოკრინოლოგი:
"დღეში პასკის ერთი ნაჭერი სრულად საკმარისია, რადგანაც მასში დიდი რაოდენობითაა რაფინირებული შაქარი, დიდი რაოდნობით კვერცხი და დიდი რაოდენობით სახამებელია (ფქვილი სახით).
მაგრამ გარდა პასკისა და კვერცხისა, დღესასწაულებზეზოგადად ქართული სუფრით ძალიან განებივრებულები ვართ ხოლმე და ერთბაშად ბევრ სხვდასხვაგვარ პროდუქტს მივირთმევთ, რითაც კუჭს ზიანს ვაყენებთ...
რაც შეეხება კვერცხს, თუ ადამიანი მარხვის შემდგომ კვებაზე გადადის, აუცილებელია, ამ დროს ძალიან ფრთხილად იყოს, ერთ კევრცხზე მეტის მიღება, პირველ ჯერზე, დაუშვებელია, ვინაიდან კუჭნაწლავის ტრაქტი ამ პროდუქტის მისაღებად ჯერ მოუმზადელია, ნაღვლის ბუშტი არ არის ტონუსში მოყვანილი და შესაძლებელია ამან კუჭნაწლავის ტრაქტის მხრივ გარკვეული გართულებები გამოიწვიოს, ხოლო თუ პაციენტი ალეგიულია, ერთბაშად რამდენიმე კვერცხმა შეიძლება, ალერგიული რეაქციებიც გამოიწვიოს".