რამდენიმე დღის წინ სადახლოს II საჯარო სკოლის ქართულის მასწავლებელმა, ნათია მანიამ, სოციალურ ქსელში გაავრცელა ფოტო, რომელზეც ასახული როგორ აღწერენ მისი მერვეკლასელი მოსწავლეები საკუთარ სკოლას...
"ჩვენი სკოლა ცუდია... შეშა არ არის... კლასში დგას გატეხილი ღუმელები... წყალი არ არის..." - ეს არის არასრული ჩამონათვალი იმ პრობლემებისა, რომლებსაც ბავშვებმა მასწავლებლისთვის ნაკარნახევ ტექსტში მოუყარეს თავი...
ჩვენ სადახლოს II საჯარო სკოლის ქართულის მასწავლებელს დავუკავშირდით და არსებულ პრობლემებზე უფრო ვრცლად ვესაუბრეთ...
ნათია მანია, ქართულის მასწავლებელი:
"მოსწავლეებს ვთხოვე, თავიანთი სკოლა აღეწერათ. სინამდვილეში კრიტიკას კი არა, სრულიად სხვა რამეს ვგულისხმობდი: უნდა დაგვეწერა, რამდენსართულიანია სკოლა, რამდენი ოთახია და ა.შ. თავდაპირველად ეს დაფაზე უნდა გაგვეკეთებინა, შემდეგ კი შინ დამოუკიდებლად დაწერდნენ... პირველივე წინადადება, რომელიც მიკარნახეს, იყო: "ჩვენი სკოლა ცუდია." სხვა მასწავლებელს შეიძლება ეს არც ჩაეწერა და არც საქვეყნოდ განსახილველად გამოეტანა, მაგრამ მე გამოვიტანე. თუმცა, ვიცი, რომ ამის გამო სკოლაში გარკვეული პრობლემები მექნება. მოკლედ, ისინი მკარნახობდნენ და მე ვწერდი. საბოლოოდ, ასეთი ტექსტი გამოვიდა.
მოდით, ჩემი მოსწავლეების ნაწერი პუნქტობრივად განვიხილოთ: პირველი - "შეშა არ არის." მიუხედავად იმისა, რომ დღეს ციოდა (ეს მოხდა 12 აპრილს), სხვა კლასებში არ ენთო ღუმელი, თბილოდა მხოლოდ ჩემს კლასში და სამასწავლებლოში. ზამთარში ყველგან ანთია ხოლმე, მაგრამ შეშა ცოტაა და გაკვეთილების ბოლომდე არ ყოფნის. რაც შეეხება იმას, თუ რატომ არის სითბო ჩემს კლასში, შემოდგომიდანვე დავიჭირე თადარიგი - განათლების მინისტრი მოვნიშნე ჩემს პოსტზე და მართლაც მთელი ზამთარი კლასში შეშის პრობლემა არ მქონია. თუმცა, ვერ ვიტყვი, რომ სხვაგანაც ასეა.
სხვა მასწავლებლები ხმას არ იღებენ და ეს მათი საქმეა... ჩვენს სკოლაში 900-მდე მოსწავლეა და მათი მშობლებიც დუმან. ალბათ ფიქრობენ, რომ ეს ამბავი ისედაც ყველამ იცის. მიაჩნიათ, რომ არაფერი შეიცვლება... რაც შეეხება "გატეხილ ღუმელებს", თხელია და ამიტომ მალე ფუჭდება. ჩემი კლასის ღუმელსაც საკეტი მოძვრა და ბოლავდა. ახალი რომ მოვითხოვე, მომიტანეს, ის ძველი და გაფუჭებული კი სხვა კლასში შეიტანეს.
მობილურის მოტანა აკრძალულია, რაშიც ვეთანხმები დირექციას. გოგონებისთვის შარვალი აკრძალულია, - სკოლის გარეთ, ქუჩაში შარვალი აცვიათ, თუმცა სკოლაში - არა... სპორტის გაკვეთილზე არ ვთამაშობთ!" - ეს ჩვენი მოსწავლეების ტკივილია, რადგან ერთადერთი აქტივობა არის ფრენბურთის თამაში. დარბაზში პირობები არ არის და ვერ შედიან, ეზოში კი დირექტორი აპროტესტებს ხმაურს, - მასწავლებლებს ხელი ეშლებათო. ამიტომ, ამ გაკვეთილზე ან სეირნობენ, ან ხანდახან ფრენბურთს თამაშობენ.
"ნათურები არ არის" - ჩემთან და კიდევ რამდენიმე კლასში არის, თუმცა ყველგან - არა. კომპიუტერს საკლასო ოთახებში ვერსად შეუერთებ, ნორმალური ელექტროგაყვანილობა თითქმის მთელ შენობაში არ არის... არის მხოლოდ ერთ კლასში და კომპიუტერების ოთახში.
"დაფაზე ცარცით არ იწერება" - ზოგიერთ კლასში პრიალა დაფაა და ცარცით ნაწერი არ ჩანს...
რაც შეეხება წყალს, სკოლაში არის ერთი ონკანი. წყალი დიდი ავზიდან მოედინება. ოღონდ ხან არის და ხან - არა. მაგალითად, ზამთარში იყინება ხოლმე. ზოგჯერ ავზი იცლება. სადახლოში ყველგან არ არის მუდმივი წყალი. თუმცა არის ბუნებრივი გაზი, სახლებში შეყვანილია, მაგრამ სკოლაში შემოყვანაზე და გაზით გათბობაზე არავის უფიქრია. როგორც უკვე გითხარით, შეშით ვთბებით.
- რამდენი ხანია, რაც სადახლოს სკოლაში ასწავლით?
- ექვსი წელი სრულდება, რაც სადახლოში ვასწავლი... სპეციალობით პედაგოგი ვარ. დამირეკეს, "ასწავლე ქართული, როგორც მეორე ენას" პროგრამის ფარგლებში, სერტიფიცირებული მასწავლებლებისთვის ტარდება კონკურსი და ხომ არ მიიღებთ მონაწილეობასო. თავად პროგრამის ხელმძღვანელმა დამირეკა. დავთანხმდი, რადგან ჩემი მხრიდან ფინანსური დაინტერესებაც იყო და გავიმარჯვე. სადახლოში გამანაწილეს. მას შემდეგ ყოველ ორშაბათს მივდივარ სადახლოში, ღამე იქ ვრჩები. სამშაბათს, გაკვეთილების შემდეგ, თბილისში ვბრუნდები. ოთხშაბათს ისევ მივდივარ და ხუთშაბათს, გაკვეთილებისა და დამატებით მეცადინეობების შემდეგ, ვბრუნდები. იქ მე და ჩემმა კოლეგამ ერთ-ერთ ოჯახში ოთახი ვიქირავეთ. ქირაში კვებაც შედის...
- რა სირთულეებს ხვდებით მუშაობის პროცესში?- მუშაობა ადვილი არ არის. უფროს კლასებს ვასწავლი. 6 წლის წინ, პირველად, მერვე კლასში შევედი და იმ სამ კლასს ბოლომდე, ანუ მეთორმეტემდე გავყევი... ახლაც ერთდროულად მე-8 კლასის სამი განაყოფი მყავს, რომელთაც ბოლომდე უნდა გავყვე... ამ კლასებში ისეთი მოსწავლე, რომელსაც ქართულად "გამარჯობის" თქმა არ შეეძლოს, არ არის, უბრალოდ, ერთმანეთისგან განსხვავებული დონე აქვთ. მე და ჩემს კოლეგას "გაგვიმართლა" იმაში, რომ შარშან სექტემბერში გამათავისუფლეს..
- ეს როგორ?
- როგორც საქართველოში იტყვიან, "ინტრიგანი მასწავლებელი" ვარ, ანუ პრობლემები სააშკარაოზე გამომაქვს. სექტემბერში მითხრეს, - აქ აღარ მუშაობთო... გამიკვირდა, რადგან სანამ პროექტის ფარგლებში კონტრაქტი არ გამიუქმდება, დირექტორს გადაწყვეტილების თვითნებურად მიღების უფლება არ აქვს... როდესაც გარკვევა გადავწყვიტე, ძალიან არასერიოზული პასუხი გამცეს, ბავშვებთან გითქვამთ, რომ აქ მუშაობა აღარ გინდათო... რესურსცენტრში და პროგრამის მენეჯერთან დარეკვის შემდეგ აღმადგინეს, თუმცა ამასობაში გაირკვა, რომ ჩემს ადგილას სხვა მასწავლებელი მოუყვანიათ. ჩემი საათები დაკავებული იყო. ვინაიდან მეც უნდა დავეკმაყოფილებინე, კლასები გაიყო. ჩვენ მოგვეცა საშუალება, რომ კლასები ქართული ენის ცოდნის დონის მიხედვით დაგვეყო... ამან მუშაობა გაგვიმარტივა, რადგან აქამდე კლასში ერთდროულად გვყავდა ისეთი მოსწავლეები, რომლებიც გამართულად ვერც კითხულობდნენ და ქართულად სულ ორიოდ სიტყვა იცოდნენ და მოსწავლეები, რომლებიც შედარებით თავისუფლად წერდნენ, კითხულობდნენ და ლაპარაკობდნენ.
- რა ინტერესი აქვთ ბავშვებს, რამდენად აქვთ კარგი განათლების მიღების სურვილი?
- როგორც ყველგან, აქაც სხვადასხვანაირი კატეგორიაა, - ზოგს უნდა კარგი განათლების მიღება, ზოგი ზარმაცობს, ზოგიც მშობლების და ნიშნების ხათრით სწავლობს. თუმცა, ბავშვი ხარისხიან განათლებას მიიღებს თუ არა, ამაში ძალიან დიდი წვლილი მიუძღვის სკოლას და მასწავლებლებს. არაერთი უფროსკლასელი ოცნებობს კარგი განათლების მიღებაზე, უნივერსიტეტში ჩაბარებაზე... ზოგს მშობლები ვერ უქმნიან შესაბამის პირობებს... რაც შეეხება, ქართული ენის სწავლას, უმრავლესობა ხვდება, რომ ეს აუცილებელია მათი მომავლისთვის და ხშირად მეუბნებიან, - რა კარგია, ქართველი მასწავლებელი რომ გვასწავლითო... ქვემო ქართლში არიან ქართულის მცოდნე აზერბაიჯანელი მასწავლებლებიც. თუმცა, არიან ისეთი მასწავლებლებიც, რომლებიც ქართულად ვერ საუბრობენ, მაგრამ ქართულს მაინც "ასწავლიან". თუ როგორ და რანაირად, ამაზე პასუხს მე ვერ გაგცემთ, - განათლების სამინისტრომ უნდა გიპასუხოთ...
ლალი პაპასკირი
AMBEBI.GE