საქართველოში საწვავის გაიაფების ტენდენცია გამოირიცხა. საერთაშორისო ბაზრებზე ფასი ლამის ყოველდღიურად მატულობს. როგორც გაზეთი "რეზონანსი" წერს, ბოლო ორ კვირაში ნავთობპროდუქტები 12%-ით არის გაძვირებული. მიუხედავად ასეთი ტენდენციისა, ადგილობრივ ბაზარზე საფასო პოლიტიკა არ შეცვლილა. იმპორტიორებს ლარის კურსმა მისცა შესაძლებლობა, ამ ეტაპზე შედარებით დაბალი ფასი შეენარჩუნებინათ.
ბაზარზე ჯერ კიდევ არსებობს შედარებით ნაკლებ ფასში შემოტანილი პროდუქტის ნაშთი. ადგილობრივ მომხმარებელს საწვავი უახლოეს პერიოდში არ გაუძვირდება, მაგრამ გაიაფებაზე საუბარიც კარგა ხნით გადაიდო.
ბოლო პერიოდში უცხოურ ბაზრებზე ნავთობპროდუქტების ღირებულებამ 70 დოლარით მოიმატა. "პლატცის" მიხედვით, 1 ტონა ბენზინი ამჟამად 570 დოლარის ფარგლებშია, ხოლო დიზელი - 492 დოლარის დიაპაზონში.
უცნაურია, რომ საერთაშორისო ბირჟებზე საწვავის გაძვირება დოლარის გამყარების პარალელურად მიმდინარეობს, რაც, როგორც წესი, არ ხდება ხოლმე. სპეციალისტების შეფასებით, ფასზე გავლენა პოლიტიკურმა მდგომარეობამ მოახდინა, კერძოდ, სირიაში განვითარებულმა მოვლენებმა.
რაც შეეხება ნავთობპროდუქტების ფასს საქართველოში, ჩვენთან ჯერჯრეობით სტაბილურობაა. ამ ეტაპზე "სოკარის" ქსელში "სუპერი" 2.44 ლარი ღირს, "პრემიუმი" 2.31 ლარად იყიდება. "ევრორეგულარის" ფასი 2.11 ლარია. "ლუკოილის" ქსელში "ევროსუპერი" 2.34 ლარი ღირს, "ევრორეგულარის" ფასი 2.04 ლარია და ამდენივე ღირს ევროდიზელიც.