ავტორი:

დაავადება, რომელსაც ბრძოლის ნაცვლად, საქართველოში პოპულარიზაციას უწევენ

დაავადება, რომელსაც ბრძოლის ნაცვლად, საქართველოში პოპულარიზაციას უწევენ

ნებისმიერ დაავადებას უძველესი დროიდან მოყოლებული ებრძვიან ყველგან და ყველა შესაძლო საშუალებით მკურნალობენ. თუმცა, ამ მხრივ, ლუდომანია გამონაკლისია. დაავადებათა კოდირების საერთაშორისო სისტემაში ამ პათოლოგიას საკუთარი ნომერი აქვს მინიჭებული - F 63.0. ეს კი ეჭვქვეშ აღარ აყენებს ფაქტს, რომ ლუდომანია დაავადებაა.

რა არის ლუდომანია და რატომ მოხვდა ის დაავადებათა სისტემაში? ეს არის აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულება, რომელიც 21-ე საუკუნის სენად არის ქცეული. თუმცა, ეს არ არის უბრალოდ ლტოლვა თამაშის მიმართ. ლუდომანიის სიმპტომებია თავის ტკივილი, ძილის დარღვევა, გუნება-განწყობის გაუარესება, ყურადღების კონცენტრაციის დაქვეითება. ეს ყველაფერი კი საბოლოოდ ძლიერ დეპრესიასა და თვითმკვლელობის მცდელობებშიც კი გადაიზრდება. როგორც ვხედავთ, ლუდომანიის აბსტინენციის ნიშნები, ფაქტობრივად, ნარკომანიისა და ალკოჰოლიზმის აბსტინენციის სიმპტომების ანალოგიურია.

თუ დადასტურებულია, რომ ლუდომანია ისეთივე სიმძაფრის დაავადებაა, როგორც ალკოჰოლიზმი და ნარკომანია და თუ ქვეყანაში საპარლამენტო დონეზე მიდის, მსჯელობა თამბაქოს რეკლამების აკრძალვასა და ფილმებში მოწევის კადრების დაფარვაზეც კი, რატომ უწევენ პოპულარიზაციას თამაშდამოკიდებულებას სატელევიზიო თუ სხვა სახის რეკლამების საშუალებით?

წაიკითხეთ: "ვირუსი", რომლითაც საქართველოში 400 000 ადამიანია დაავადებული

ბიზნესის პასუხი ამ კითხვაზე მარტივი იქნება: იმიტომ, რომ ბიზნესმა ფული უნდა აკეთოს, თანაც ონლაინ კაზინოების რეკლამირებას და შესაბამისად, ლუდომანიის პოპულარიზაციას მას არავინ უკრძალავს. საკანონმდებლო დონეზე ამ პრობლემის მოგვარება ვერ, ან არ ხერხდება. პრემიერ-მინიტრის 2015 წლის დეკემბერში მიცემული დაპირებიდან, რომელიც ონლაინკაზინოებზე მკაცრი რეგულაციების დაწესებას ითვალისწინებდა, თითქმის ორი წელი გავიდა, თუმცა არც მთავრობას და არც საკანონმდებლო ორგანოს, ამ ხნის მანძილზე პრობლემის გადაჭრისთვის არაფერი გაუკეთებია.

აქვე ჩნდება მეორე მხარე. გასაგებია, რომ კერძო ტელევიზია ბიზნესია და მას ონლაინკაზინოების რეკლამირებას არავინ უკრძალავს, თუმცა, რატომ ხდება ანალოგიური საზოგადოებრივ მაუწყებელზე, რომელსაც საქართველოს მოსახლეობა აფინანსებს? მაუწყებელზე სპორტული გადაცემების და სპორტული მატჩების ტრანსლაციის დროს ონლაინკაზინოების რეკლამების რაოდენობა თვალშისაცემია. სპორტი და სპორტული გადაცემები საზოგადოებაში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას უნდა ახდენდეს, რეალურად კი დაავადების რეკლამირება ხდება. ფაქტობრივად, საზოგადოებივი მაუწყებლის დაფინანსებით, საზოგადოება თავად აფინანსებს იმ დაავადებისადმი მიდრეკილების ზრდასაც, რომელსაც წესით უნდა ებრძოდეს.

კერძო ტელეკომპანიებისგან განსხვავებით, საზოგადოებრივ მაუწყებელზე არსებობს გარკვეული შეზღუდვა. ამ შემთხვევაში გემბლინგის რეკლამირება მხოლოდ სპორტული გადაცემებისა და მატჩების ტრანსლაციის დროსაა დასაშვები. თუმცა, პრობლემის სიმძიმიდან გამომდინარე, ესეც აკრძალული უნდა იყოს, განსაკუთრებით მაშინ, როცა სპორტული გადაცემები ძირითადად ახალგაზრდების ინტერესის სფეროა.

წაიკითხეთ: პრობლემა, რომელიც ბევრ ქართულ ოჯახს აწუხებს - როგორ ვუშველოთ აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულ ადამიანს

საზოგადოებრივი მაუწყებლის ახლადარჩეულ ხელმძღვანელობას ამ საკითხთან და მისი დარეგულირების კონკრეტულ გეგმასთან დაკავშირებით ჩამოყალიბებული აზრი არ გააჩნია. მრავალჯერადი მცდელობის მიუხედავად, საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალურ დირექტორთან ვასილ მაღლაფერიძესთან დაკავშირება და კითხვაზე - რატომ გადის მაუწყებელზე ონლაინკაზინოების რეკლამა, პასუხის მიღება არ მოხერხდა. გენერალური დირექტორის მრჩეველი ია ანთაძე კი აცხადებს, რომ მას რეკლამის რეგულაციასთან დაკავშირებით პასუხი არ აქვს.

"აბსოლუტურად არ ვარ საქმის კურსში, თუ რა ხდება ამ კუთხით. ზოგადად, რეკლამებთან დაკავშირებით ჩვენ ძალიან შეზღუდულები ვართ და ჩვენთან განსხვავებული რეგულაციები მოქმედებს. ძირითადად, სოციალური რეკლამები გადის ხოლმე. რა ხდება ამ შეზღუდულ სიტუაციაში ისეთი, რომ საზოგადოების ინტერესი გამოიწვია, ნამდვილად არ ვიცი. ყველამ ვიცით, რომ ონლაინკაზინოები პრობლემაა და ამაზე საზოგადოებრივ მაუწყებელს ისევე, როგორც სხვებს, არაერთი მასალა გაუკეთებია. ონლაინ კაზინოების მფლობელებიც მზად არიან, რომ გარკვეულ რეგულაციებს დაექვემდებარონ. ეს არის ერთმნიშვნელოვანი ამბავი. ხოლო იმაზე, რომ რეკლამა გადის საზოგადოებრივ მაუწყებელზე და რეკლამა ჩვენ უნდა შევარჩიოთ ღირებულებების მიხედვით, მე ვერ გიპასუხებთ. ამას კვალიფიციურმა პირმა უნდა გასცეს პასუხი შესაბამისი დეპარტამენტიდან. მე ნამდვილად არ მაქვს პასუხი," - აღნიშნავს AMBEBI.GE-სთან საუბარში ია ანთაძე.

ჩვენ დავუკავშირდით საზოგადოებრივი მაუწყებლის მედიისა და კომუნიკაციების ხელმძღვანელს თაკო ბერძენიშვილსაც, რომელიც აღნიშნავს, რომ სპორტულ გადაცემებში გემბლინგის რეკლამირების რეგულაცია შესაძლოა, მართლაც გადასახედი იყოს:

"ჩვენ მხოლოდ სპორტულ გადაცემებში გვაქვს ონლაინკაზინოებისა და ტოტალიზატორების რეკლამა. თუმცა, შეიძლება ეს რეგულაციაც გადასახედია. გადახედვა უნდა მოხდეს გენერალურ დირექტორსა და სამეურვეო საბჭოსთან ერთად. ამ ეტაპზე მსჯელობა ნამდვილად არ მიმდინარეობს. საკითხის ინიცირება შეიძლება სამეურვეო საბჭოს ან მენეჯმენტის მხრიდან მოხდეს. ინიციატივას ნებისმიერი დაინტერესებული პირის მხრიდან მივესალმებით," - განმარტავს თაკო ბერძენიშვილი.

აზარტული თამაშების რეკლამა ევროპის უმეტეს ქვეყანაში შეზღუდვებით ხორციელდება. ევროკავშირში შემავალ ქვეყნებს უფლება აქვთ, აზარტული თამაშების რეკლამის წესები საკუთარი კანონმდებლობის მიხედვით განსაზღვრონ. მაგალითად, ლატვიის "აზარტული თამაშების შესახებ" კანონის თანახმად, აკრძალულია აზარტული თამაშების რეკლამირება სათამაშო დაწესებულებების გარეთ.

ლიტვაში აკრძალულია აზარტული თამაშების რეკლამა, გარდა უშუალოდ თამაშების ორგანიზატორი ფირმის, სამორინეს, ბინგოს სალონების და სხვა სათამაშო დაწესებულებების ტერიტორიისა. ესტონეთშიც იმავენაირად, დაშვებულია რეკლამა უშუალოდ აზარტული თამაშების გასამართ ადგილებში და რეკლამა არ შეიძლება შეიცავდეს აზარტულ თამაშებში მონაწილეობის მოწოდებას. ბულგარეთში აკრძალულია აზარტული თამაშების პირდაპირი რეკლამა, განსაკუთრებით, თუ ის მიმართულია არასრულწლოვნებისადმი.

აზარტული თამაშები დიდ ბრიტანეთში რეგულირდება რეკლამის შესახებ კომიტეტისა და სამაუწყებლო კომიტეტის აქტებით (CAP/BCAP). აზარტული თამაშების რეკლამა სამაუწყებლო მედიით აკრძალულია, გარდა ინტერაქტიული და დამატებითი სატელევიზიო მომსახურების სერვისებისა (ტელეტექსტი).

ნანა მღებრიშვილი

AMBEBI.GE

გიორგი მარგველაშვილმა ილია მეორე მოინახულა - "დამხვდა ადამიანი აბსოლუტურად წელში გამართული"

პარაკლისი მეუფე პეტრესთვის - მრევლი და სასულიერო პირები მას ჭყონდიდის საკათედრო ტაძარში ელოდებიან

მთავარეპისკოპოს იაკობს სინოდმა შეუფერებელი საქციელის გამო გაფრთხილება მისცა