"ვფიქრობ, ჩემს ძვირფას და საყვარელ მსმენელს, სცენაზე მოცეკვავის ამპლუაში რომ მიხილავს, ჩემგან ეს ნაბიჯი გაუკვირდება. რაღა დაგიმალოთ და ჩემთვისაც არ იყო მარტივი ამ ნაბიჯის გადადგმა", - გვეუბნება ნიჭიერი მომღერალი სოფო გელოვანი, რომელიც მალე შოუში - "ცეკვავენ ვარსკვლავები" ჩაერთვება. პროექტში მონაწილეობაზე დიდი ხანი ფიქრობდა, რადგან მოცეკვავის როლში თავს ვერაფრით წარმოიდგენდა და პროექტის ორგანიზატორებს არ თანხმდებოდა, კატეგორიული უარზე იყო. "მაგრამ არასოდეს უნდა თქვა არასოდესო, - ამაზეა ნათქვამი. ის კი არა, ჩემი ამ ნაბიჯით, თვითონვე გაოცებული ვარ," - ამბობს მომღერალი.
ხოლო კითხვაზე, კატეგორიული უარის შემდეგ რატომ დათანხმდა, ამაზე ასე პასუხობს: პროდიუსერისგან იყო დაჟინებული მოთხოვნა, მერე მეგობრები და გარშემომყოფებიც არ მომეშვნენ, - ჰოდა, მათი გავლენის ქვეშ მოვექეცი.
- მეუღლემ რა გითხრა?
- ნოდის ყოველთვის დიდი სურვილი ჰქონდა, რომ მეცეკვა, არ ვიცი, რატომ იყო დარწმუნებული, რომ შევძლებდი და ვიცეკვებდი, მაგრამ ასე იყო...
- კარგად გიცნობს და ალბათ ამიტომ...
- ამ თემაზე ვიკამათეთ კიდეც, ხომ ვამბობ, სასტიკი წინააღმდეგი ვიყავი, მაგრამ მეუღლე მთხოვდა, იქნებ ეს ნაბიჯი ჩემი ხათრით გადადგაო.
- თვითონ ცეკვავს?
- არა, თუმცა მე კი გადამეკიდა (იცინის). ეტყობა, თვითონ მუსიკასთან ცოტა შორს რომ არის, უფრო მეტად უნდა ჩემი ამ მიმართულებით მეტი აქტიურობა. თან, სავრაუდოდ, ჩემში რაღაცას ხედავს და დარწმუნებულია, რომ შევძლებ. ძალიან არ მინდა, რომ იმედები გავუცრუო.
ახლა ერთადერთი იმედი მაქვს, რომ ამ სიტუაციიდან ისევ მუსიკა გამომაძვრენს და მიხსნის, რადგანაც მუსიკა გაძლევს იმის უნარს, რომ შეძლო და იცეკვო... იმასაც ვიტყვი, რომ არასდროს, არც ბავშვობაში მიცეკვია, თუ არ ჩავთვლით ამ მიმართულებით ერთი-ორჯერ ჩემს მცდელობას.
მოკლედ, დიდი რისკისა და გამოწვევის წინაშე ვდგავარ. ყველაზე მეტად იმის მეშინია, რომ საყვარელი მსმენელის წინაშე არ შევრცხვე, მაგრამ ვეცდები, რომ ამ საქმეში სერიოზული შრომა ჩავდო. კი, მონაცემიც უნდა გქონდეს, მაგრამ ეს პროექტი რომ ვაკვირდები, უფრო მეტად, კიდევ დიდ შრომასთან არის დაკავშირებული...
- რეპეტიციები უკვე დაიწყე?
- კი და ჩემი პარტნიორი გახლავთ მაღალი დონის მოცეკვავე, ბელორუსი გენადი სინკევიჩი, რომელიც სპეციალურად ამ პროექტისთვის ჩამოვიდა. რამდენიმე რეპეტიცია გავიარეთ, კარგი ადამიანი ჩანს.
სამი რეპეტიციის შემდეგ მხოლოდ ამის თქმა შემიძლია: ცეკვა არის დიდი სიამოვნება, ოღონდ, აქ მნიშვნელოვანი ის არის, რომ ჯერ შენ უნდა მიიღო სიამოვნება და მერე უკვე მაყურებელიც დაინახავს ამას. თან, მით უმეტეს, სცენა ისეთი ადგილია, არ უყვარს დილეტანტები, ძალიან და უცბად ჩანს ყველაფერი. მეც არ მიყვარს, როდესაც სცენაზე არაპროფესიონალი გამოდის, მაგრამ რადგან ეს გასართობი შოუა, ვცდილობ, ამ ყველაფერს მარტივად შევხედო და ზომაზე მეტად არ ვინერვიულო...
სოფოსთვის ეს მეოთხე სერიოზული კონკურსია, რომელშიც მონაწილეობა მიუღია (მანამდე იყო ''ჯეოსტარი", "ორი ვარსკვლავი," "ევროვიზია"), ამიტომ, კონკურსანტობის შიში, როგორც ამბობს, უკვე დიდი ხანია დაძლია, ახლა სხვა რამ აქვს დასაძლევი, - მაყურებელს არა სიმღერით, ცეკვით უნდა მოაწონოს თავი, რისთვისაც მზადება უკვე დაიწყო.
ლალი ფაცია
AMBEBI.GE