დე ფაქტო რესპუბლიკის საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, ბელა პლიევას მიერ გავრცელებული წინასწარი შედეგების მიხედვით, ცხინვალის რეგიონის ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებში 57,98 %-ით სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პარლამენტის თავმჯდომარე, ანატოლი ბიბილოვი ლიდერობს. დე ფაქტო რესპუბლიკის მოქმედ პრეზიდენტს, ლეონიდ თიბილოვს, ამომრჩეველთა 30%-მა დაუჭირა მხარი. პრეზიდენტობის კიდევ ერთმა კანდიდატმა ალან გაგლოევმა ხმათა 11,1% მოაგროვა.
ამასთან, 9 აპრილს სამხრეთ ოსეთისა და ალანიის თანაბარმნიშვნელოვან სახელებად გამოცხადების საკითხს, მხარი "რეფერენდუმში" მონაწილეთა 78,2%-მა დაუჭირა, საწინააღმდეგო პოზიცია ამომრჩეველთა 21,8%-მა დააფიქსირა.
არჩევნებში სამი კანდიდატი მონაწილეობდა - ამჟამინდელი პრეზიდენტი ლეონიდ თიბილოვი, ანატოლი ბიბილოვი და ალან გაგლოევი. ორ კანდიდატს, მათ შორის დე ფაქტო რესპუბლიკის ყოფილ პრეზიდენტ ედუარდ კოკოითის, არჩევნებში მონაწილეობაზე უარი უთხრეს.
ბიბილოვი წინასაარჩევნო კამპანიის დროს, რუსულ გამოცემებთან საუბარში, ე.წ სამხრეთ ოსეთს - რუსეთის შემადგენლობაში, ხოლო საქართველოს მეზობელ სახელმწიფოდ მოიხსენიებდა.
"სამხრეთ ოსეთის ერი ლამის წინა საუკუნის 20-იანი წლებიდან იმაზე საუბრობს, რომ რუსეთის ფედერაციაში სურს დაბრუნება. თუმცა, ნებისმიერ შემთხვევაში, ყველა ნაბიჯი, რომელსაც გადავდგამთ, აბსოლუტურად შეთანხმებული იქნება ჩვენს რუს კოლეგებთან. მხოლოდ ამ მოლაპარაკებებისა და კონსულტაციების გზით გადავწყვეტთ სამხრეთ ოსეთის მომავალს", - განუცხადა ბიბილოვმა რუსულ სააგენტო "ტასს-ს".
"ნიხასის" ყოფილმა ლიდერმა, 47 წლის ანატოლი ბიბილოვმა, თბილისში, გენერალ ლესელიძის სახელობის სპეციალიზირებული სკოლა-ინტერნატი დაამთავრა. ცნობისთვის, რუსეთმა მას ერთხელ უკვე გამოუცხადა ნდობა, რომელიც მაშინ ბიბლოვმა ვერ გაამართლა - 2011 წელს, ბიბილოვს რუსეთში კოკოითის შემცვლელად განიხილავდნენ, თუმცა, მაშინ ბიბილოვმა "საპრეზიდენტო არჩევნები" "განათლების" ე.წ. ყოფილ "მინისტრ" ალა ჯიოევასთან წააგო. მაშინ ხმების გადანაწილება ადგილობრივ კლანებს შორის კინაღამ სამხედრო შეტაკებაში გადაიზარდა, თუმცა რუსეთის ჩარევის შემდეგ, ვითარება ჩაწყნარდა...
"საქართველო ჩვენი მეზობელი სახელმწიფოა. ყოველთვის ვამბობდი და ვიტყვი, რომ მეზობლებს შორის მეგობრული ურთიერთობა უნდა არსებობდეს. ეს ორივეს სტაბილური განვითარებისთვის მნიშვნელოვანია... ჩვენ დღესაც და ხვალაც მზად ვართ საქართველოსთან მოლაპარაკებებისთვის, თუმცა, პირველ რიგში, საჭიროა, საქართველოს სურვილი, ხელი მოაწეროს თავდაუსხმელობის, ძალის გამოუყენებლობის შესახებ მემორანდუმს, - ეს ჩვენი მთავარი პირობაა. ასევე მნიშვნელოვანია, სამხრეთ ოსეთის, როგორც სახელმწიფოს აღიარება", - განაცხადა ბიბილოვმა.
ლეონიდ თიბილოვისგან განსხვავებით, წინაასაარჩევნო კამპანიის დროს, ბიბილოვი ახალგორის რაიონში ჩავიდა და ადგილობრივ ამომრჩეველს ქართულადაც მიმართა, ის ცდილობდა დიპლომატიური და გაწონასწორებული ყოფილიყო და ახალგაზრდობის ის წლები გაიხსენა, როდესაც სამი წლის განმავლობაში თბილისში სწავლობდა და ქართულადაც საუბრობდა.
ცნობისთვის, ანატოლი ბიბილოვი 2008 წლის აგვისტოს ომში მონაწილეობდა და საბრძოლო მოქმედებების დროს ორჯერ დაიჭრა, რის შემდეგაც მას "გენერალ-ლეიტენანტის" წოდება მიანიჭეს... ბიბილოვი 2014 წლიდან დე ფაქტო რესპუბლიკის პარლამენტის თავმჯდომარეა.
რაც შეეხება, ლეონიდ თიბილოვს, მისი მარცხი ე.წ. სამხრეთ ოსეთში ბევრისთვის მიულოდნელი აღმოჩნდა, რადგან მას რამდენიმე დღის წინ რუსეთის პრეზიდენტმა ღიად გამოუცხადა მხარდაჭერა. მაშინ პუტინმა აღნიშნა, რომ თიბილოვზე იმედებს ამყარებდნენ...
სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში საპრეზიდენტო არჩევნების პარალელურად "სამხრეთ ოსეთისთვის" "სახელმწიფო ალანიას" გადარქმევის საკითხზე პლებისციტიც ჩატარდა, სადაც წინასწარი შედეგების მიხედვით, უმრავლესობამ სახელის გადარქმევას მხარი დაუჭირა.
ლალი პაპასკირი
AMBEBI.GE