"მამაჩემს 500 ლარი უნდა ჰქონდეს ხელფასი და ვიღაც ჩინოვნიკს 5000?" - გიორგი ყიფშიძე მსახიობებს გაფიცვისკენ მოუწოდებს

"მამაჩემს 500 ლარი უნდა ჰქონდეს ხელფასი და ვიღაც ჩინოვნიკს 5000?" - გიორგი ყიფშიძე მსახიობებს გაფიცვისკენ მოუწოდებს

ქართველი მსახიობებისა და რეჟისორების ვნებათაღელვა არ წყდება. მათი პროტესტის მიზეზი კულტურის სამინისტროს გადაწყვეტილებაა, რომლის თანახმად ქართული თეატრების დაფინანსება მნიშვნელოვნად შემცირდა. შესაბამისად, შემცირდა მსახიობების ანაზღაურებად.

აღნიშნულთან დაკავშირებით რამდენიმე დღის წინ სოციალურ ქსელში გიორგი ყიფშიძემ მიმართვა გაავრცელა და ქართული თეატრის მსახიობებს გაფიცვისკენ მოუწოდა:

"მსახიობებმა მომწერეთ!! ვინც ხართ თანამოაზრეები! იმისთვის, რომ ჩამოვყალიბდეთ ყველას გთხოვთ დამიკავშირდეთ, თეატრში შევხვდეთ და კონკრეტულ ქმედებებზე ვისაუბროთ. ყველამ თავიანთი უფლებები თუ არ დაიცვა, არავინ შენს მაგივრად საჯდომს არ გაანძრევს... არ ვაპირებ მიტინგების ჩატარებას და გზების გადაკეტვას. ვაპირებ გაფიცვას. თუ ერთად დავდგებით და ყველა თეატრი გაიფიცება, მიხვდებიან, რომ არ ვხუმრობთ. ქამარი ისეთი შემოჭერილი მაქვს, რომ ახალი ხვრელი გავუკეთე დამატებით".

რას გეგმავს მსახიობი თანამოაზრებთან ერთად, Ambebi.ge გიორგი ყიფშიძეს დაუკავშირდა:

- გიორგი, რამ გამოიწვია თქვენი პროტესტი?

- ამაზე მოკლედ ვერ ვისაუბრებ. კულტურის სამინისტრომ თეატრებს შეუმცირა დაფინანსება... შესაბამისად, მნიშვნელოვნად შემცირდა ჩვენი ხელფასები. 10 000 რომ ჰქონდეს ხელფასი, ალბათ ვერც ვიგრძნობდი შემცირებას, მაგრამ შემოჭერილ ქამარს უფრო რომ მიჭერ და უფრო მეტიც, ქამარზე დამატებით ნახვრეტს მაკეთებინებ, ეს აღმაშფოთებელია. ამიხსნას ვინმემ, რატომ უნდა ჰქონდეს მამაჩემს ვალი და 500 ლარი ხელფასი, ვიღაც ჩინოვნიკს კი - 5000 ლარი? 800 ლარის ნაცვლად 500 ლარს რომ მაძლევ ხელფასს და მშია, ამოვიღებ ხმას, აბა რას ვიზამ.

- ვის შეეხო ანაზღაურების შემცირება?

- ყველას შეეხო, კულტურის სამინიტროს გარდა.

- რას აპირებთ თანამოაზრეებთან ერთად?

- ავდგებით და აღარ ვიმუშავებთ. ნებისმიერი სფეროს წარმომადგენელი უნდა გაერთიანდეს და სადაც საჭიროა იქამდე მივა ხმა. ყელში ამოვიდა უკვე ეს ყველაფერი, გულნატკენი და შეურაცხყოფილი ვარ.

თამარ ბოჭორიშვილი

AMBEBI.GE

არასწორი დიაგნოზების მსხვერპლნი - რა პრობლემებია ჯანდაცვაში და როგორ უნდა დაიცვან პაციენტებმა უფლებები

ქუთაისის აეროპორტიდან ინფექციურში გადაიყვანეს იტალიიდან ჩამოფრენილი 20 წლის გოგონა

"ქართველებმა მასწავლეს, რა არის ნამდვილი სიყვარული" - საქართველოზე შეყვარებული უცხოელი ტურისტების ემოციური ჩანაწერები