თბილისიდან ყაზბეგის მიმართულებით თუ გადაწყვეტთ მგზავრობას, გირჩევთ, წასვლამდე ბევრი წყალი არ დალიოთ! ყაზბეგის ხეობაში მგზავრობისას ულამაზესი ბუნებითა და აზვირთული მთებით ტკბობის მყუდროებას აუცილებლად დაგირღვევთ სოფელ მლეთას მონაკვეთზე საზოგადოებრივ ტუალეტთან გაჩერება. ამ საკმაოდ გრძელ გზაზე, იშვიათად თუ შეგხვდება სველი წერტილი, ამიტომაც მგზავრებს ბუნებრივი მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად მძღოლები აქ უჩერებენ.
შენობა, ერთი შეხედვით მოწესრიგებულია, თუმცა ეს მხოლოდ "ერთი შეხედვით". შიგნით რომ შედიხარ, პირველი შთაბეჭდილება ბოლომდე ქრება.
საპირფარეშოს კაბინაში არსებული სიტუაციის ფოტოზე გადმოცემით არ შეგაწუხებთ, მაგრამ ალბათ მიხვდებით, რომ ჩარეცხვის ფუნქციამოშლილი, დასაჯდომმოგლეჯილი, გაყვითლებული უნიტაზის ნახვა, ირგვლივ მიმოყრილი გამოყენებული ქაღალდები და აუტანელი სუნი, გაიძულებს უკან გამობრუნდე. სწორედ ასე მოიქცა ფილიპინელი ტურისტიც, მაგრამ როგორც საუბრისას მითხრა, 3-საათიანი მგზავრობის შემდეგ, ამ საპირფარეშოში შესვლა, მისთვის "გამოუვალი მდგომარეობა" იყო, ამიტომაც, ღრმად ჩაისუნთქა, სუნთქვა შეიკრა და ისე შევიდა...
ხელსაბანი ნიჟარა და ონკანიც მთლიანად მოშლილია. ონკანს თუ ფრთხილად არ მოუშვებ, შეიძლება, ნიჟარიდან ასხლეტილმა წყლის ჭავლმა "შხაპი მიგაღებინოს". ამ დროს ფიქრობ, ექსპლუატაციაში 1 წლის წინ შესული საპირფარეშო, ამგვარად რა ხელს უნდა გაენადგურებინა.
არ გეგონოთ, საპირფარეშო ამ მდგომარეობაში იმიტომაა, რომ "პატრონი არ ჰყავს". შესასვლელში შუახანს გადაცილებული ქალი ზის, კედელზე გაკრული აბრა კი მიუთითებს, რომ "კომფორტული" საპრფარეშოთი სარგებლობა არც მეტი არც ნაკლები, 50 თეთრი ღირს. ქალმა მითხრა, რომ საპირფარეშო გუშინ დაასუფთავა, თუმცა არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე, ეს ნათქვამი არ დაიჯერება - მინიმუმ 1 თვეა სველი წერტილის დალაგებაზე არავის უზრუნია.
ფილიპინელი და ინდოელი ტურისტების 15-კაციანი ჯგუფის თითქმის სრული შემადგენლობა ეწვია საპირფარეშოს. ცხვირზე ხელაფარებულები გამოდიოდნენ. მათ შემდეგ 4 რუსი ტურისტი შევიდა და მათაც უკმაყოფილო სახით დატოვეს ტერიტორია. არა მგონია, ამ უცხოელ ტურისტებს ყაზბეგისკენ მიმავალ თვალწარმტაც გზაზე ნანახი კოშმარული ტუალეტი კარგ მოგონებად შემორჩეთ...
ნინო ხოზრევანიძე
AMBEBI.GE