გიორგი ნათენაძეს მესხური ვაზის უძველესი ჯიშების მოძიება მამამ შესთავაზა. თავდაპირველად, იდეა რთული და უტოპიური ეჩვენა, თუმცა, ამ საქმიანობით ნელ-ნელა "მოიწამლა". საზღვარგარეთ სწავლის გაგრძელებას ძველ ნასახლარებსა და ნასოფლარებში, ციხეებსა თუ ეკლესიებში მესხური ვაზის ჯიშების აღმოსაჩენად სიარული არჩია და დღეს უკვე თავისივე მოძიებული, საუკუნეების წინანდელი ჯიშებიდან ღვინის თორმეტ სახეობას აყენებს.
ჩამოსხმული ღვინო სადეგუსტაციოდ, გამოფენებზე სხვადასხვა ქვეყანაში გააქვს, სადაც მესხური ბიოღვინო უჩვეულო დაინტერესებას იწვევს.
პარალელურად, საკუთარი მხარისა და მესხური ჯიშების პოპულარიზაციის, მიგრაციის შემცირებისა და რეგიონში აგროტურიზმის განვითარების მიზნით, პარტნიორებთან ერთად, მაღალბიუჯეტიან პროექტშია ჩაბმული, რომელიც მესხეთში ისტორიული ღვინის ტერასების აღდგენას ითვალისწინებს.
- მესხეთი, სამცხე-ჯავახეთი რატომღაც, ყველასგან მივიწყებულია. ჩვენი ისტორიული სოფელი, ჭაჭკარი, ვარძიის უკან მდებარეობს. ამ სოფელში უძველესი ვაზებია შემორჩენილი. ერთ-ერთი ჩემი ვაზის ასაკი 4 საუკუნეს აღემატება. დღესაც გვაძლევს ნაყოფს და ღვინოს ვაყენებ. სოფელში 65-მდე ქვის საწნახელია შემორჩენილი, რაც იმის მანიშნებელია, რომ ძველად ადგილზე დიდი რაოდენობით ყურძენი იწურებოდა. დაწურული წვენი ტიკებში ისხმებოდა და ვარძიაში შეჰქონდათ, იქ კი ღვინოს ქვევრებში აყენებდნენ. ჭაჭა სოფელში რჩებოდა, სახელწოდება "ჭაჭის კარი", მოგვიანებით კი - "ჭაჭკარი" სწორედ აქედან მოდის. ვარძია დახურული კომპლექსი იყო, რომელსაც საიდუმლო შესასვლელი ჭაჭკარიდან ჰქონდა. დიდია ამ სოფლის ისტორიული მნიშვნელობა და მისი იერსახის შენარჩუნებაზე ცალკე ვმუშაობთ.