39 წლის მამაკაცი, რომელიც 7 აპრილს სტოკჰოლმის სავაჭრო ცენტრში სატვირთო მანქანით შევარდა და 4 ადამიანი იმსხვერპლა, წარმოშობით უზბეკი ლტოლვილია. არსებული ინფორმაციით, მან თავშესაფარი ითხოვა შვედეთში, თუმცა უარი მიიღო. ამის შესახებ გამოცემა Svenska Dagblaget შვედეთის პოლიციაზე დაყრდნობით წერს.
ოთხი ადამიანის სიკვდილსა და 16-ის დაზარალებაში ბრალდებულ მამაკაცს საცხოვრებლის უფლებაზე უარი გასული წლის ზაფხულში ეთქვა. როგორც ირკვევა, საიმიგრაციო პოლიცია ბოლო პერიოდის მანძილზე ეძებდა წარმოშობით უზბეკ 39 წლის მამაკაცს, რომ დეპორტით გაეშვა ქვეყნიდან, თუმცა ის საბუთებში მითითებულ მისამართზე ვერ იპოვეს.
გამოცემა Aftonbladet-ის ვერსიით, მამაკაცი იზიარებდა ტერორისტული დაჯგუფება "ისლამური სახელმწიფოს" იდეოლოგიას და ფეისბუქის პირად გვერდზე მათ ვიდეოებს ათავსებდა.
კანონი საიმიგრაციო პოლიტიკის გამკაცრებასთან დაკავშირებით შვედეთში 2016 წლის ივნისში მიიღეს. სტატისტიკური მონაცემებით, გასულ წელს ქვეყანაში 160 000 მიგრანტი შევიდა.
მომზადებულია RTVi-ის მიხედვით